უკრაინის არმიამ დაკარგა კიდევ ერთი გამანადგურებელი F-16
უკრაინაში სპეციალური კომისია იკვლევს, რამ გამოიწვია საჰაერო ძალების მიერ ამერიკული წარმოების გამანადგურებლის, F-16-ის დაკარგვა. დღეს, 16 მაისს დილით უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით 03:30 საათზე კავშირი დაიკარგა F-16-თან, რომელიც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის მოგერიების ამოცანებს ასრულებდა. სარდლობის წინასწარი მონაცემებით, მფრინავმა სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა, მეოთხეს წინააღმდეგ მოქმედებისას კი შეიქმნა „არასაშტატო სუტუაცია“ […]


უკრაინაში სპეციალური კომისია იკვლევს, რამ გამოიწვია საჰაერო ძალების მიერ ამერიკული წარმოების გამანადგურებლის, F-16-ის დაკარგვა.
დღეს, 16 მაისს დილით უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით 03:30 საათზე კავშირი დაიკარგა F-16-თან, რომელიც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის მოგერიების ამოცანებს ასრულებდა.
სარდლობის წინასწარი მონაცემებით, მფრინავმა სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა, მეოთხეს წინააღმდეგ მოქმედებისას კი შეიქმნა „არასაშტატო სუტუაცია“ და პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი დასახლებული პუნქტისგან მოეშორებინა. სარდლობა კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, მფრინავმა კატაპულტირება შეძლო, ის მალევე იპოვეს სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა, ამჟამად უსაფრთხოდაა და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.
ეს არ არის უკრაინის არმიის მიერ F-16 ტიპის გამანადგურებლების დაკარგვის პირველი შემთხვევა.
2024 წლის აგვისტოში, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებისას კატასტროფა განიცადა F-16-მა, რომლის პილოტი დაიღუპა.
2025 წლის აპრილში უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დაადასტურა საბრძოლო ამოცანის შესრულებისას F-16-ის კიდევ ერთი პილოტის დაღუპვის ფაქტი. მედიასაშუალებების ცნობით, გამანადგურებელს რუსული რაკეტა მოხვდა.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლეთის სახელმწიფოებისგან F-16-ების გადაცემას 2022 წლიდან ითხოვდა. 2023 წელს რამდენიმე ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყო ნატოს რამდენიმე წევრ სახელმწიფოში, მათ შორის აშშ-ში.
უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან ამ გამანადგურებლების პირველი პარტია 2024 წლის ზაფხულში მიიღო.
ფორუმი
What's Your Reaction?






