ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025

ირაკლი მელაშვილი – “როგორ აპირებენ ბოიკოტით შედეგის მიღებას? ერთობა უნდა შედგეს კარგი საქმისთვის და არა სისულელისთვის” დასავლეთი რუსეთთან შესაძლო დაპირისპირების თარიღს ასახელებს – რას უნდა ველოდოთ 2027 წელს ვახტანგ ძაბირაძე – “გახარია და “ლელო” თავიანთ კურსზე თუ უარს იტყვიან, პოლიტიკურად განულდებიან” * * * ირაკლი მელაშვილი – “როგორ აპირებენ ბოიკოტით შედეგის მიღებას? ერთობა უნდა შედგეს […]

ივლ. 28, 2025 - 09:57
 0
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025

ირაკლი მელაშვილი – “როგორ აპირებენ ბოიკოტით შედეგის მიღებას? ერთობა უნდა შედგეს კარგი საქმისთვის და არა სისულელისთვის”
დასავლეთი რუსეთთან შესაძლო დაპირისპირების თარიღს ასახელებს – რას უნდა ველოდოთ 2027 წელს
ვახტანგ ძაბირაძე – “გახარია და “ლელო” თავიანთ კურსზე თუ უარს იტყვიან, პოლიტიკურად განულდებიან”
* * *
ირაკლი მელაშვილი – “როგორ აპირებენ ბოიკოტით შედეგის მიღებას? ერთობა უნდა შედგეს კარგი საქმისთვის და არა სისულელისთვის”
“რთული სათქმელია, ტრამპის ადმინისტრაციამ, ბოლოს და ბოლოს, ჩამოაყალიბა თუ არა თავისი დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის მიმართ. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი, თუნდაც წყნარი ოკეანისა და ტაივანის თემები, რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ. თუმცა მნიშვნელოვანია აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ვაშინგტონის გამოჩენა. ყველამ მშვენივრად ვიცოდით აქამდეც, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების რეალური დამოუკიდებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქ არსებული კონფლიქტები დასრულდება. ეს არის კონფლიქტები, რომელთაც წლების განმავლობაში აღვივებდა და აღვივებს . ამჯერად ფაშინიანი არ დათანხმდა მოსკოვის გეგმას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ამავე მდგომარეობაში უნდა შენარჩუნებულიყო, ანუ არც ომი და არც მშვიდობა – ეს იყო მოსკოვის გეგმა, სურდათ ყურებით ჰყოლოდათ დაჭერილი სომხეთიც და აზერბაიჯანიც”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დათბა თუ არა თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში?!
“საქმე ახლა იქით მიდის, რომ გაჩნდება ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა, რაც ადრე არ ჩანდა – სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკას ექნება საერთო ინტერესი, უსაფრთხოების ერთობლივი დაცვა, რათა არავისგან ემუქრებოდეთ დამოუკიდებლობის დაკარგვა. საქართველოს შეუძლია ამ პროცესის ლიდერობა იმის გათვალისწინებით, რაკი ჩვენი გასასვლელი დასავლეთში ძალიან დიდი აქტივია, რომელიც უაზრო ვაჭრობაში კი არა, სერიოზული პერსპექტივებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ფაქტია, სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც შეუძლიათ იყვნენ როგორც დერეფანი თუ ბაზარი ევროპისთვის და საერთოდ, მსოფლიოსთვის. შეფასებები, არიქა, ზანგეზურის დერეფანი თუ გაიხსნება, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია შემცირდებაო, სრულიად უსაფუძვლო მგონია. გარწმუნებთ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შემდეგ ევროპასა და ჩინეთს შორის ვაჭრობის შედეგად, რასაც მალე შეიძლება ინდოეთისა და ევროპის ურთიერთობაც დაემატოს, ეს სივრცე _ ჩვენზე გამავალი სატრანზიტო გზაც და ზანგეზურის დერეფანიც ისე დაიტვირთება, თუ ავუვალთ ტვირთების გატარებას, ეს იქნება საკითხავი. ასე რომ, ამაში საფრთხეს ვერ ვხედავ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ ვიყოთ იმდენად ძლიერი, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად დავსხდეთ და დავიწყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბარი, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურად. დარწმუნებული ვარ, ამაში და ევროპაც დაინტერესებული არიან. ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო შეთანხმება რაც მალე დაიდება, უკეთესია, თუმცა დაძაბულობა ერთხანს, ალბათ, მაინც შენარჩუნდება, მით უფრო საზოგადოებების დონეზე. ამაშიც შეუძლია საქართველოს დადებითი როლის თამაში, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც ამ ორივე ერის წარმომადგენლები მშვიდად ცხოვრობენ და არა აქვთ ერთმანეთთან პრობლემები”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც დღეს ხდება საქართველოში, არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სრულ სიგიჟესთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები სრულიად უმეცარია, თურმე ევროკავშირი გვაიძულებს სექსუალურ უმცირესობად ქცევას. 3000 წელია ამ ქვეყანაში მამაკაცები ისე ცხოვრობენ, მთავრობები არ დასჭირვებიათ, ბოდიში და, საკუთარი უკანალის დასაცავად. ახლა კობახიძის დასაცავი გახდა ეს ყველაფერი. მარაზმია, ამაზე სერიოზული ლაპარაკიც კი არ შეიძლება. სერიოზული ერთადერთი თემაა, ხელისუფლების სათავეში არიან პირები, რომლებიც ნორმალური კონკურენციის პირობებში ვერასდროს მოხვდებოდნენ ამ თანამდებობებზე. ისინი ბიძინა ივანიშვილმა ყურებით დაიჭირა, მოიყვანა საიდანღაც და ჩასხა სავარძლებში, რადგან მათში დაინახა ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე ხელმომწერები არიან. მათთვის მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, რასაც ვერაფრით მოახერხებენ დემოკრატიისა და პოლიტიკური კონკურენციის პირობებში – ეჭვი მაქვს, თავისუფალ არჩევნებში ბევრ მათგანს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ მისცემენ ხმას”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ამიტომ ვერ იტანენ ისინი დასავლეთს, ევროპას, აშშ-ს, რადგან ისინი მათგან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ითხოვენ. ევროინტეგრაციის გაგრძელება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს დემოკრატიული პროცესი. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მათი ძირითადი მოტივაცია და არა ის, რომ ყველანი რუსეთის აგენტები არიან. უბრალოდ, ყველა არადემოკრატს მართვის ერთი და იგივე ხელწერა ახასიათებს – შეზღუდოს სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია, დაიჭიროს ოპოზიცია და შექმნას პრობლემები თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შემყურე საზოგადოებას ახსენდება, თუ ვინ არის მართვის ამგვარი სტილის ფლაგმანი – რა თქმა უნდა, რუსეთი. პეტერ ფიშერით დაწყებული, ჰერჩინსკით დასრულებული, დედამიწის ზურგზე ყველას გადაეკიდნენ, ვინც კი ცდილობს საქართველოში დასავლური ღირებულებების დაცვას. გავითვალისწინოთ, რომ იმ ვითარებასა და პოლიტიკის პირობებში, როგორშიც დღეს საქართველოა, სისტემური მიდგომები კი არ ქმნის პოლიტიკას, არამედ პიროვნებები წყვეტენ ყველაფერს – ანუ ივანიშვილის, კობახიძისა და სხვების პიროვნული ბოღმები, შეხედულებები ახდენს ძლიერ გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ავტორიტარული სახელმწიფოსი, როდესაც ინსტიტუტები და სისტემები კი არა, პიროვნებები განსაზღვრავენ პოლიტიკას”, – განმარტავს ირაკლი მელაშვილი.
“როგორც არ უნდა მოგვწონდეს “ქართული ოცნება”, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ძალამ იცის, რა წონაც აქვს დღევანდელ საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში. რომ ნახოთ, როგორ გაიზარდა ბოლო ხანს სატრანზიტო ტვირთების რაოდენობა, რაც საქართველოზე გადის, რამდენად დიდი კომპანიები შემოვიდნენ ქართულ პორტებში, უმსხვილეს ფრანგულ და გერმანულ კომპანიებზეა ლაპარაკი. დიდი ბრიტანეთიც ამზადებს დიდ პაკეტს, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ ნაკადის ათვისებაში. შესაბამისად, ამ ყველაფრით ვაჭრობას ცდილობენ. ივანიშვილი ვაჭრობს საკუთარი კაპიტალისთვის, დანარჩენები – საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. თუმცა გუნდში საკმაოდ დიდი დაპირისპირებები აქვთ, სერიოზული ბზარებია გაჩენილი, რაც, ჩემი აზრით, დააქცევს “ქართულ ოცნებას”, – თვლის რესპონდენტი.
“ის, რომ დღეს ამერიკელები ნატოს ეგიდით ატარებენ საქართველოში წვრთნებს, ეს ჩემი აზრით, ლოგიკურია. არ არის ისეთი მარტივი ფიგურა, როგორც მის წარმოჩენას ცდილობენ ოპოზიციაში. ყველა ხიხოს ეძახის, მაგრამ დღემდე ყველა პარტია მოუგო ოპოზიციურ ძალებს. ივანიშვილს არ უნდა გაიზიაროს ის ბედი, რაც ბევრ ოლიგარქს დაემართა რუსეთში. ამბობენ, რომ მას საქართველოს რუსეთში შეთრევა სურს, რაც მცდარი შეფასებაა – კაცმა მთელი ქვეყანა იღლიაში ამოიდო და ახლა ვინმეს დაუთმობს?! მშვენიერი სავაჭრო კაპიტალი აქვს დასავლეთსა და ყველა დანარჩენთანაც. ასე რომ, იქნება ეს დასავლური სწავლებებიც, არაფრის წინააღმდეგ არ წავა, ითანამშრომლებს ყველასთან, ოღონდ თავისი პირობებით, რომლებიც ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ეს ქვეყანა მისია, მან უნდა მართოს და შიდა დემოკრატია და თავისუფალი არავინ უნდა მოსთხოვოს. დანარჩენზე ყველაფერზე თანახმა იქნება. დღეს ის ვაჭრობს სწორედ საქართველოს, როგორც დერეფნის ფუნქციით და ისე წარმოადგენს, რომ ეს მისი საკუთრებაა”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“ოპოზიციის ნაწილის ლიდერი ა, რომლის პოზიციაც დაახლოებით ასეთია, თუ მე არ ვიქნები პოლიტიკური პროცესების ცენტრში, წყალსაც წაუღია ყველაფერიო. ვინაიდან ვერ მოხერხდა შეთანხმება, რომ მისი გათავისუფლების საკითხი იქნებოდა მთავარი თემა მომავალი არჩევნებისთვის, ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციური ერთობა არ შემდგარიყო. ამით ის აჩვენებს, რომ მას შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის ჩაშლა… ის, რომ ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში შეეძლო თბილისის მოგება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს ქვეყანაში, იდიოტი უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ დაგენახა. არჩევნების ბოიკოტით შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ვერ ჩატარდება, რაც ჩვენი კანონმდებლობით სრულიად შეუძლებელია, რადგან მარტო ც რომ მივიდეს ურნასთან, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. მოკლედ, უტოპიას გვისახავენ მიზნად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მტკნარი სიცრუეა იმაზე ლაპარაკი, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმს უზრუნველყოფენ; ან რომ გვეუბნებიან, ერთობა ნებისმიერ ფასადო, ესეც უტოპიაა. ერთობა უნდა შედგეს კარგი საქმისთვის და არა სისულელისთვის. კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: როგორ აპირებენ ბოიკოტით შედეგის მიღებას? ბოიკოტით გამარჯვება ნიშნავს არჩევნების არჩატარებას, არჩევნები კი აუცილებლად გაიმართება”, – დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.
“რაც შეეხება მოწოდებას, მინდა ყურადღება მის ამ ფრაზასაც მივაპყრო: “საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, კაცო, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური…”. უბედურება ის არის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერაფერი ისწავლა. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა მოუტანა საქართველოს პოლიტიკოსთა საქციელმა პრინციპით: “მე გადავწყვეტ, ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო”. ვინმეს თუ მოკლე მეხსიერება აქვს, ეს მისი პრობლემაა. როგორც ჩანს, ამ პარტიაში დღესაც ვერ ხვდებიან, რომ 2012-ში მათი მარცხის, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ენმ-ის კატეგორიული მიუღებლობის, მათდამი ზიზღის უმთავრესი მიზეზი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ლიდერთა მსგავსი აზროვნება იყო”…
“გარდა ამისა, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამგვარი განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. ზოგჯერ მეეჭვება, მართლაც ფული ხომ არ აქვთ აღებული… როცა ამას ამბობ, ის ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა ივანიშვილის ხელისუფლებით და ფიქრობს, რომ აღარ მისცეს “ქართულ ოცნებას” ხმა, ისევ უიმედობაში ვარდება და ისევ “ქართული ოცნების” გარშემო კონსოლიდირებაზე იწყებს ფიქრს. თანაც, მმართველ პარტიაში ეროზიაა დაწყებული, ასეთი განცხადებებით კი ამ ეროზიას ადუღაბებ ისევ. მთელი პოლიტიკური კლასის პრობლემა ერთია – ყველა ცდილობს ერთპიროვნული მმართველობა შეინარჩუნოს. ვინმესგან გაგიგონიათ ლაპარაკი, რომ თვითმმართველობის გაძლიერებაა საჭირო? არაერთხელ გამოიცვალა მართვის სისტემა ქვეყანაში, ყველა შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, ახლა იქნება ნამდვილი დემოკრატიაო, საბოლოოდ კი ყველა ხელისუფლება ავტორიტარიზმამდე მივიდა. აღარ დარჩა მართვის სისტემა, რომელიც არ მოვსინჯეთ, არ ვიცი, აწი აბსოლუტურ მონარქიას თუ გამოვაცხადებთ. არაფრის გაგება არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ ელიტას. პოლიტიკური სპექტრი ჩხუბობს მეორეხარისხოვან საკითხებზე, რადგან პირველხარისხოვანზე ჭკუა არ ჰყოფნით”, – დასძენს ირაკლი მელაშვილი.
დასავლეთი რუსეთთან შესაძლო დაპირისპირების თარიღს ასახელებს – რას უნდა ველოდოთ 2027 წელს
“ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ ნატო-სა და აშშ-ის ყველა შეფასებით, რუსეთი და ჩინეთი უკვე 2027 წელს იქნებიან მზად გლობალური კონფრონტაციისთვის”. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. “ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან არა საომარი სიტუაციისთვის, არამედ სიტუაციისთვის, რომელშიც ჩვენი გლობალური მოწინააღმდეგეები მზად იქნებიან ასეთი კონფრონტაციისთვის. რუსული გეგმა მარტივია, ეს საიდუმლო არაა. როდესაც 2027 წელი, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალის შესაძლო ტესტი გვიახლოვდება, რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის გაყოფა, და პოლონეთისა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნების გაყოფა და დანარჩენი დასავლეთისგან იზოლირება”, – თქვა ტუსკმა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და აღნიშნავს, რომ გამოსავალი ევროკავშირის მიერ მძლავრი სამხედრო ძალის შექმნა იქნებოდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლეთი რუსეთთან შესაძლო დაპირისპირების თარიღს ასახელებს – რას უნდა ველოდოთ 2027 წელს.
“ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარზე. ერთ-ერთი უარესი სცენარის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია რუსეთ-ჩინეთის ალიანსი ჩამოყალიბდეს. მით უმეტეს, ამ ორმა ქვეყანამ უკვე რამდენჯერმე ჩაატარა ერთობლივი სამხედრო წვრთნა და სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ წვრთნაში მონაწილეობა მიიღო 300 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. თუმცა ეს მოხდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე. დღეს ჩინეთი გარკვეულწილად ხელს უწყობს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში. მართალია ჩინეთი პირდაპირ შეიარაღებას არ აწვდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყიდულობს რუსულ ნავთობს და მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური მოცულობა აღემატება 200 მილიარდ დოლარს. ეს ეხმარება რუსეთს, თავი დააღწიოს სანქციებს. ამას პლუს, ჩინეთი ძლიერდება, მისი თავდაცვის ბიუჯეტი სადღაც 200 მილიარდი დოლარის ფარგლებში არის. ჩინეთი თავის სამხედრო პოტენციალს ზრდის. ეს არ ნიშნავს, რომ ის ევროპას თავს დაესხმება, თუმცა, შესაძლებელია ტაივანს დაესხას და თავისი გავლენის სფეროები გააფართოვოს შორეულ აღმოსავლეთში. თუმცაღა ეს არის მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“მეორე შედარებით ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მე მაინც მგონია, რომ რუსეთი დღეს სუსტდება, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით. პუტინმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ის დაიწყებს სამხედრო ხარჯების შემცირებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის კეთილდღეობის ეროვნული ფონდის მოცულობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე იყო დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი და ახლა ის შემცირებულია, დაახლოებით 35 მილიარდ დოლარამდეა. ჩინეთს რაც შეეხება, მასზე დასავლეთი უფრო დამოკიდებულია. თუნდაც ერთი გზის პროექტი რომ არის, რომელიც გულისხმობს ჩინეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა დაახლოებით 600 მილიარდი ევროა. ანუ სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჩინეთსა და რუსეთს შორის. ამას პლუს, სანამ ტრამპი ტარიფებს აამოქმედებდა ჩინეთს და აშშ-ს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა დაახლოებით 700 მილიარდი დოლარი იყო. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი მაინც ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე და არა სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე. ამიტომაც ის დასავლეთთან გარკვეულწილად დაკავშირებულია”, – განაგრძობს ანალიტიკოსი.
“საბოლოო ჯამში, ჩინეთი რუსეთთან რაღაც სამხედრო ოპერაციებს არ აწარმოებს. მეორე სცენარი უფრო მოსალოდნელია, საიდანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ალიანსი საბოლოო სახეს ვერ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მისასალმებელია ევროკავშირის ძალისხმევა, რათა შეიქმნას 800 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც მოხმარდება მთლიანად ევროკავშირის და მისი თითოეული წევრის თავდაცვის უზრუნველყოფას. ამიტომაც აუცილებელია, რომ ევროკავშირი ჩამიყალიბდეს არა მარტო მძლავრ ეკონომიკურ ძალად, არამედ სამხედრო ძალადაც, რადგან თუნდაც ამერიკის დახმარების გარეშე შეძლოს თავდაცვის უზრუნველყოფა. მით უმეტეს, თუ ტრამპი აღარ იქნება პრეზიდენტი 2028 წლიდან, მე ასე მგონია ევროკავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ისევ აღდგება. საერთო ჯამში, მე მგონია ეს გამარჯვება იქნება დასავლური დემოკრატიული სამყაროსი და მათ შორის უკრაინის მხარეს, თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ჩემს მიერ აღნიშნული ორივე ვარიანტის განხილვა შეიძლება, თუმცა უფრო ოპტიმისტური და რეალური მეორეა”, – დასძენს ნიკა ჩიტაძე.
ვახტანგ ძაბირაძე – “გახარია და “ლელო” თავიანთ კურსზე თუ უარს იტყვიან, პოლიტიკურად განულდებიან”
“დავიწყოთ იმით, რომ ორივე ინიციატივა დაგვიანებულია… ჯაფარიძე არ ამბობს, ერთიანობაში რას გულისხმობს და როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. უფრო ახლოს არის კონკრეტიკასთან ის იდეა, რასაც ვაშაძე ამბობს, რომ 8 პარტია გაერთიანდეს და ერთ ძალად ჩამოყალიბდეს. თუმცა ამაშიც მნიშვნელოვანი პრობლემებია, რადგან რასაც 8 პარტიის გაერთიანებას ვუწოდებთ, “ნაცმოძრაობის” კოალიციაში შემავალი პარტიების გარდა, შედიან “ფედერალისტები” და “თავისუფლების მოედანი”. თეორიულად დავუშვათ, რომ გაერთიანდნენ და შეიქმნა ერთი დიდი პარტია, მაგრამ ეს რას მოგვცემს? გაერთიანება მხოლოდ იმისთვის ხომ არ გვინდა, რომ გავერთიანდით და მორჩა. აღარაფერს ვამბობ ზოგადად სტრატეგიაზე, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა რა სტრატეგიაზე უნდა ილაპარაკოს?” – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გახარია და “ლელო” თავიანთ კურსზე თუ უარს იტყვიან, პოლიტიკურად განულდებიან”.
“როგორც მათი გამოსვლებიდან შეიძლება დავასკვნათ, ვაცხადებთ ბოიკოტს, ვართ ამ რეჟიმში და თუ ხელისუფლება დაიშლება, მაშინ ჩვენ ავიღებთ ძალაუფლებასო. მაგრამ როგორ უნდა დაიშალოს, როგორ უნდა გადასცეს ძალაუფლება ივანიშვილმა მათ, ეს თურმე ჩვენს პარტნიორებზე ყოფილა დამოკიდებული. წამოსწიეს ზურაბიშვილის თემაც. რა თქმა უნდა, ეს მომგებიანი იქნება ამ 8 პარტიისთვის, მაგრამ არ ვიცი, მას როგორ აქვს წარმოდგენილი, ზურაბიშვილი უნდა იყოს გაერთიანების ლიდერი? აქ ხომ სხვა პრობლემებია. “ნაცმოძრაობის” წევრების გამოსვლების ქვეტექსტებს თუ დააკვირდებით, სულაც არ ამბობენ უარს სააკაშვილის ლიდერობაზე. მაშინ ასეთ ვითარებაში ეს რამდენად შესაძლებელია? ახლა რაც შეეხება ჯაფარიძის მოსაზრებას. მის წერილში ჩემთვის ყველაზე გაუგებარი ის არის, რომ გაერთიანების სტრატეგიის სხვა ვარიანტს, გარდა იმისა, რომ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, არც განიხილავს – ანუ გაერთიანება უნდა მოხდეს ბოიკოტის ეგიდით. მოკლედ რომ ვთქვათ, ამაზე ლაპარაკი უკვე გვიანია, იმიტომ, რომ თუ გახარია და “ლელო” თავიანთ აღებულ კურსზე უარს იტყვიან, პოლიტიკურად განულდებიან, მხარდამჭერებს დაკარგავენ. აღარაფერს ვამბობ ნეიტრალურ მხარდამჭერებზე, რომლებსაც არც “ქოცები” უნდათ და არც “ნაცები”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“დღეს მათი ბაზისი არჩევნებში ამომრჩევლის სწორედ ეს კატეგორიაა. და კიდევ – ალბათ, გაცნობიერებული აქვთ, რომ თავისთავად ეს განსხვავება ბოიკოტისტებსა და გახარია-ხაზარაძეს შორის უკვე არის იმის საშუალება, რომ რაღაცნაირად გამოისახოს მესამე ალტერნატიული გზის, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის საფუძველი, რომელიც არ იქნება არც “ნაცური” და არც “ქოცური”. ამის საშუალებას იძლევა დღეს მათი არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება და ეს ყველაზე მინიმალურია, რაც კი შეიძლება ამ პოლიტიკურმა ძალებმა მიიღონ ამ არჩევნებისგან… სხვათა შორის, როდესაც დღეს ლაპარაკობენ ბოიკოტისტები და უფრო “ნაციონალები”, რომ ოპოზიციაში ვიღაც მეორე ადგილისთვის იბრძვის, ეს ნიშნავს, რომ მათაც აქვთ იმის შიში, რომ შესაძლოა ამ ძალებმა მიიღონ დიდი რაოდენობის ხმები და ოპოზიციური ელექტორატი თავისკენ წაიყვანონ. ეს რომ მოხდეს, გაჩნდება ქვეყანაში მესამე ნეიტრალური ძალა. აი, ასეთი თემაა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯაფარიძის ვარიანტი არაფრის მომტანია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მე თუ მკითხავთ, პერსპექტივა იმისა, რომ ბოიკოტმა რეალურად დააზიანოს “ოცნება”~, არ ჩანს, მეტიც, უფრო პირიქით მგონია. უფრო რეალური იყო და არის, რომ მთლიანად ოპოზიციას, გნებავთ, გაერთიანებულს, გნებავთ, დაყოფილს და ერთმანეთში რაღაც შეთანხმებებით, მაგალითად, კანდიდატებზე, არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ეს გაცილებით რეალური იქნებოდა, ვიდრე ის, რომ ჰქონდეთ 5 ოქტომბრის იმედი და როგორც ჯაფარიძე ამბობს, არ ვიცი, ხუთში რა მოხდებაო. არაფერიც არ მოხდება. თუ ოპოზიციიდან არც ერთი არ მიიღებს მონაწილეობას, “ქართული ოცნება” მთლად უდანაკარგოდ იმუშავებდა, არც ადამიანური რესურსი დასჭირდებოდა, არც ფინანსური, მით უმეტეს, არ დასჭირდებოდა გაყალბება. ახლა მთლად კომფორტულ მდგომარეობაში ვეღარ იქნება”, – განმარტავს ანალიტიკოსი.
“ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს თქვას, რომ მთელი ოპოზიცია ერთიანი “ნაცმოძრაობაა”, ცდილობს ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს. ამ გაყოფით თუნდაც ის მოხდება, რომ “ოცნებას” ამის თქმის საშუალება აღარ ექნება. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ამას, რა თქმა უნდა, ექნება მნიშვნელობა, მაგრამ გახარიაც და “ლელოც”, მინიმუმ, იმ ამომრჩეველს შეინარჩუნებენ, რაც მიიღეს 2024 წელს ან რაც დაუწერეს, მოდი, ასე ვთქვათ. თუმცა არის იმის შესაძლებლობაც, რომ ამ შემთხვევაში მათ ჯამურად გაცილებით მეტი ხმა მიიღონ, ვიდრე, დავუშვათ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შეთანხმდებიან და როგორ იბრძოლებენ. დავუშვათ, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. მთავარი განმსაზღვრელი იქნება ის, თუ როგორ იბრძოლებენ ისინი თბილისში, სადაც, როგორც ჩანს, მაინც კალაძე იქნება პრეტენდენტი. ამ ორ პარტიას თბილისში შეუძლია დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს “ოცნებას”. ამ არჩევნებს მე, პირადად, ვუყურებ როგორც იმის საშუალებას, რომ ქოც-ნაცურ პარტიულ ფორმირებებთან ერთად შეიქმნას ახალი პარტიული დაჯგუფება, რომელიც ამ ნეიტრალურ ამომრჩეველზე იმუშავებს, იმ კატეგორიაზე, რომელსაც არც “ქართული ოცნება” უნდა და არც “ნაცმოძრაობა”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“ეს ამ არჩევნების შედეგების ერთი პლუსია, ხოლო მეორე იქნება ის, თუ რა წინააღმდეგობას გაუწევს ეს გაერთიანება `ქართულ ოცნებას~ თუნდაც თბილისში. დარწმუნებული ვარ, გახარია-“ლელოს” კანდიდატი ეყოლებათ და შესაძლოა, როგორც იტყვიან, წელში გამოყვანილი არ იყოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს – საზოგადოება როგორ მიიღებს. ეს არჩევნები, გარდა იმისა, რომ მესამე ძალის შექმნის საშუალებაა, იქნება ასევე გაზომვაც იმისა, პოლიტიკურად გაიზარდა საზოგადოება თუ ისევ იმ 1990-იან წლებში ვართ. 1990-იან წლებში ლიეტუვაში იგივე სიტუაცია იყო ბოიკოტთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებითაც. ბევრს აღარ ვიტყვი ლანდსბერგისისა და ბოიკოტისტების მომხრეებსა და მათ ურთიერთობაზე, მაგრამ არსებითია ის, რომ იქ საზოგადოება იყო სხვანაირი, პოლიტიკურად განვითარებული. რა პრობლემაა, თუ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად არის გაზრდილი, დილით წავიდეს არჩევნებზე, მისცეს ხმა და შემდეგ შეუერთდეს საპროტესტო შეკრებები იქნება თუ სხვა რამ. თუ საზოგადოება ამისთვის მზად არის, ორივე ფრონტზე იბრძოლოს, თუ ბრძოლა შეუძლია”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“მათ შეეძლებათ გაბედულად თქვან, რომ არც “ნაცები” არიან და არც “ქოცები”. ამასთანავე, არა მარტო ილაპარაკონ, აჩვენონ კიდეც საზოგადოებას, რომ სხვა გზას ხედავენ, სხვაგვარად მოქმედებენ… არ ვამბობ, რომ 100%-იანად ასე მოხდება. ქართული პოლიტიკური სპექტრი ისეთი მერყევია, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ისე თავისუფლად გადადის, როგორც არაფერი. ამიტომ ახლა მთლად გარანტირებული ვერ ვიქნები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამის შანსი არსებობს და შეიძლება აქ რაღაც მსგავსი ჩამოყალიბდეს. “ქართული ოცნება” შეეცდება ეს არ დაუშვას და ისევ იძახოს, ყველა “ნაციაო”, რადგან მათთვის ერთადერთი სათქმელი ისაა, ჩვენ თუ წავალთ, “ნაცები” მოვლენო. ამ ნარატივით მუშაობს 2012 წლიდან დღემდე. სხვათა შორის, “ქართული ოცნების” ამ პოზიციას, უნდათ თუ არა, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც აძლიერებენ, როდესაც ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომლებიც მთლად ადეკვატური არ არის იმ პოზიციასა და სიტუაციასთან შედარებით, რაც საქართველოშია. ამიტომ, “ოცნება” შეეცდება, ისევ იმ გზით წავიდეს. მათ დღეს სხვა სალაპარაკო არაფერი აქვთ, ისევ “ნაცების” მოსვლით უნდა დააშინონ საზოგადოება”, – დასძენს ძაბირაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow