ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარზე – რუსეთში ღვინის გაყიდვები შემცირდა – მიზეზები (bm.ge)
ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ქვეყანაში – რუსეთის ბაზარზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, ღვინის გაყიდვები შემცირდა. ინფორმაციას რუსული RBC ოფიციალურ სახელმწიფო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კლება ფიქსირდება კლასიკური ღვინის სეგმენტში. გამოცემის ცნობით, იანვარ-მარტში გაყიდვები ამ კატეგორიაში 2%-ით 1.290 მლრდ ლიტრამდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2021 წლიდან 2024 წლამდე დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა და 2024 […]


ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ქვეყანაში – რუსეთის ბაზარზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, ღვინის გაყიდვები შემცირდა. ინფორმაციას რუსული RBC ოფიციალურ სახელმწიფო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლება ფიქსირდება კლასიკური ღვინის სეგმენტში. გამოცემის ცნობით, იანვარ-მარტში გაყიდვები ამ კატეგორიაში 2%-ით 1.290 მლრდ ლიტრამდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2021 წლიდან 2024 წლამდე დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა და 2024 წელს 1.320 მლრდ ლიტრი შეადგინა.
ცქრიალა ღვინის გაყიდვები კი 4.9%-ით 51 მლნ ლიტრამდე შემცირდა. ამ კატეგორიაში ზრდა 2019 წლიდან ფიქსირდებოდა და 2024 წლის პირველ 3 თვეში 54 მლნ ლიტრს მიაღწია.
RBC-სთან საუბრისას ექსპერტები და რიტეილ სექტორის წარმომადგენლები გაყიდვების შემცირების რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მათ შორისაა ღვინის გაზრდილი ფასი, რაც ერთ ბოკალზე საშუალოდ 300-400 რუბლამდეა გაზრდილი და კოქტეილების პოპულარობის ზრდა, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომია, რაც ჰორეკა სექტორში ღვინოზე მოთხოვნას ამცირებს. ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი ღვინის საცალო გაყიდვების შემცირებას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სამარხვო პერიოდებით და პირველ კვარტალში დღესასწაულების ნაკლებობით ხსნის.
„ღვინოზე დაწესებული გადასახადისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური ხარჯების ზრდამ ღვინის გაძვირება გამოიწვია – განსაკუთრებით საშუალო და საშუალოზე დაბალი კატეგორიის ღვინოებში“, – განმარტავენ რუსეთის ღვინის სექტორის წარმომადგენლები.
RBC-ს ინფორმაციით, ღვინის გაყიდვების შემცირების პარალელურად, რუსეთში კლასიკური და შუშხუნა ღვინოების წარმოება პირველ კვარტალში გაიზარდა. შუშხუნა ღვინის შემთხვევაში 15.6%-ით 36 მლნ ლიტრამდე, კლასიკურის შემთხვევაში კი 11.5%-ით 83 მლნ ლიტრამდე.
ცნობისთვის, საქართველოდან ღვინის ექსპორტი იანვარ-თებერვალში შემცირდა და ქვეყანამ ყურძნის ნატურალური ღვინის რეალიზებით 29.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. კლება მთავარ საექსპორტო ბაზარზე – რუსეთში გაყიდვების შემცირებამ განაპირობა. რუსეთში ღვინის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი კომპანია „ასკანელის“ შეფასებით, კლების ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, რუსეთის ბაზარზე, შარშან 1 მაისიდან გაზრდილი აქციზის გადასახადია, რის გამოც გასულ პერიოდში იმპორტიორებმა მარაგები გააკეთეს. მიმდინარე წლის იანვარ-მარტის ექსპორტის დეტალური სტატისტიკა 22 აპრილს გახდება ცნობილი.
What's Your Reaction?






