ქვეყნის მშპ-ში ტრანსპორტის წილის შემცირება დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლითაა განპირობებული – TCRC
ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის მიმზიდველობა, საბაზისო ინფრასტრუქტურაში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობით და მისი გამტარუნარიანობის შესაძლებლობების გამოყენებით ფასდება. ამის შესახებ ანალიტიკას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს. „ძირითადი კრიტერიუმი, რითაც უნდა შეფასდეს სატრანსპორტო სექტორის როლი და ადგილი ეკონომიკაში, ამ დარგის მიერ ქვეყნის მშპ-ში აგრეგირებული ფინანსური შემოდინებებია. იმ ვითარებაში, თუ ქვეყნის მშპ-ში სატრანსპორტო სექტორის პროცენტული თანაფარდობა მცირდება, ეს პროცესი მიუთითებს […]


ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის მიმზიდველობა, საბაზისო ინფრასტრუქტურაში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობით და მისი გამტარუნარიანობის შესაძლებლობების გამოყენებით ფასდება. ამის შესახებ ანალიტიკას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
„ძირითადი კრიტერიუმი, რითაც უნდა შეფასდეს სატრანსპორტო სექტორის როლი და ადგილი ეკონომიკაში, ამ დარგის მიერ ქვეყნის მშპ-ში აგრეგირებული ფინანსური შემოდინებებია.
იმ ვითარებაში, თუ ქვეყნის მშპ-ში სატრანსპორტო სექტორის პროცენტული თანაფარდობა მცირდება, ეს პროცესი მიუთითებს სატრანსპორტო სფეროში ინვესტიციების შემოდინების სიმწირეზე რაც საბოლოოდ სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის არაჯეროვნათ ათვისებაზე აისახება, ეს ყოველივე იწვევს ქვეყნის მიერ აღიარებული, მისი ერთ – ერთი პრიორიტეტის – შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის და მიმზიდველობის დაქვეითებას.
როგორ შეიძლება შეფასდეს ქვეყნის მშპ-ში ტრანსპორტის წილის არსებული ტენდენცია, ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ, ჩვენი ორგანიზაციის ანალიტიკას.
თუ ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ში ტრანსპორტის სეგმენტის წილს გავაანალიზებთ თვალნათლივ დავინახავთ, რომ 2010 – 2012 წლებში ტრანსპორტის წილი მშპ-ში 7 % ს აჭარბებდა და ყველაზე მაღალი იყო ბოლო 15 წლიან ინტერვალში. მომდევნო წლებში ტენდენციის გაურესება იწყება და 2016 – 2018 წლებში, როდესაც ტრანსპორტის წილი მშპ-ში 6 %-იან ნიშნულს ჩამოსცილდა.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მშპ ს ასევე ტრანსპორტის მდგენელი ფულად გამოსახულებაში იზრდება, 2024 წელს მათი თანაფარდობის ერთ – ერთი დაბალი მაჩვენებელი 5.9 % ი დაფიქსირდა.
როდესაც მშპ-ში ტრანსპორტის წილი 6 %-ზე ქვემოთ ეცემა, ასეთი ტენდენცია მიუთითებს სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების დეფიციტზე.
ასეთი მიდგომა, ნაწილობრივ არ ეხება ნავთობის და გაზის რესურსების ექსპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი აზერბაიჯანი ენერგორესურსების მრეწველობას ავითარებს, 2024 წელს ტრანსპორტის წილმა მშპ ში 6.7 % შეადგინა, რაც საქართველოს მაჩვენებელზე ბევრად მაღალია.
საქართველოში 2024 წელს ისედაც შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 1.3 მილიარდი დოლარი, ტრანსპორტის დარგში ჩადებულმა ინვესტიციამ – 97 მლნ დოლარი, საერთო ინვესტიციის მხოლოდ 7 % შეადგინა, რაც სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის უაღრესად დაბალი მაჩვენებელია.
ქვეყნის მშპ ში ტრანსპორტის წილის დაბალ მაჩვენებელს, ინვესტიციის სიმწირის გარდა, დაანონსებული და დროში რამდენჯერმე გადავადებული, ფინანსურად ტევადი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განაპირობებს, რაც დერეფნის მიმზიდველობის დაქვეითების გარდა ქვეყნის “საყდენი ინფრასტრუქტურის” მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევას იწვევს.
როდესაც ქვეყნის ერთიანი მდგრადი განვითარების შესაძლებლობის დარღვევაზეა საუბარი, პირველ რიგში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს მხედველობაში, თუნდაც აღმოსავლეთ – დასავლეთ 430 კმ-იანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი, რომლის განხორციელება 2006 წელს დაიწყო, სხვადასხვა მთავრობების პირობებში 5 ჯერ გადავადდა დასრულების ვადები და 19 წლის შემდგომ ჯერ კიდევ გაურკვეველია პროექტის საბოლოოდ დასრულების ვადა.
ანდაც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი – რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის განხორციელება თითქმის ორჯერ ზრდის საქართველოზე გამავალი დერეფნის გამზიდუნარიანობას. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და დასრულების ვადაც, რამდენჯერმე დაანონსდა, პროექტს დღესაც მიმდინარე სტატუსი გააჩნია.
თუნდაც, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის პროექტი, რომლის განხორციელება 2008 წელს დაიწყო და დღესაც 17 წლის შემდგომ, სარკინიგზო მაგისტრალი შეზღუდული შესაძლებლობით ფუნქციონირებს.
ქვემოთ წარმოდგენილია, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაანონსებული და განუხორციელებელი, ასევე, მიმდინარე – “დროში გაჭიანურებული” – 50 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტების ჩამონათვალი:
ანაკლიის ნავსადგური და სპეციალური ეკონომიკური ზონა;
“ანაკლიის სითი”;
ანაკლიის ნავსადგურთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის და სადგურის მშენებლობა;
შემოვლითი რკინიგზისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება;
ფოთის ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრეების გაფართოება;
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის სარკინიგზო მდგენელის დამატება;
თბილისის სიახლოვეს კუმისთან და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობა;
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ – დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარება;
რკინიგზის უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება;
ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ტვირთების გატარებების შესაძლებლობების გაზრდა;
თბილისის მეტროსადგურების დამატებითი ამოსასვლელების აღდგენა ( ახმეტელის მეორე ამოსასვლელის პროექტი);
თბილისში ეკოლოგიურად სუფთა – ტრამვაის სატრანსპორტო ქსელის განვითარება;
თბილისში მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარება;
საერთაშორისო სტანდარტების მეტროს ვაგონის განახლება;
თბილისის მეტროსადგურების მოდერნიზაცია;
წნორი – სიღნაღის საბაგირო გზის აღდგენა;
ლენტეხი – მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა;
სამტრედია – გრიგოლეთის საავტომობილო მონაკვეთის დასრულება, დაზიანებული ხიდის აღდგენა;
ანაკლიის და ფოთის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი სამტრედია – ზუგდიდის შემოვლითი გზის მშენებლობა;
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა;
ჩუმათელეთი – ხარაგაულის საავტომობილო გზის მშენებლობა;
ბათუმი – სარფის საავტომობილო გზის მშენებლობა;
თბილისი – რუსთავის ავტობანის მშენებლობა;
ნატახტარი – ჟინვალის საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაცია;
რუსთავი – წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობა;
რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა;
საირმე – აბასთუმნის საავტომობილო გზის მშენებლობა რეაბილიტაცია;
გრიგოლეთი – ფოთის საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაცია;
ბაკურციხე – წნორის საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაცია;
წნორი – ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაცია;
გურჯაანი (ჩუმლაყი) – თელავის შემოვლითი გზის მშენებლობა;
ხულო-გოდერძის უღელტეხილის საავტომობილო გზის დსრულება;
სნო – როშკა – შატილი – ომალო – ხადორი – ბაწარა – ახმეტის „მთის გზები“ საავტომობილო გზის მშენებლობა;
რკინიგზის სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლება;
კახეთის რკინიგზის აღდგენა;
თელავის აეროპორტის გაფართოება;
ომალოს აეროდრომის პროექტის განხორციელება;
ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის მოწყობა;
დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობა;
თბილისში სამგორი – ვაზისუბანი, ახმეტელი – თემქა და სამება – მახათის მთა საბაგირო გზების მოწყობა;
ლილო – სამგორი – აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობა;
თბილისში ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის მოწყობა;
ვეფხვი და მოყმის „დაკიდული“ ხიდის მოწყობა;
„იმერეთის აგროზონის“ პროექტი – სასაწყობო მეურნეობის განვითარება;
საკონტრეილერო სარკინიგზო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტი;
„შტადლერი“ს მატარებლების მომსახურების ცენტრი;
ბათუმში ბელორუსული ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმო;
თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრების განთავსება;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომის მოწყობა;
თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში 8Е1А ელმავლების გამოშვება;
ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ – ჩინური საწარმოს ამოქმედება.
დასკვნის სახით – ქვეყნის მშპ-ში სატრანსპორტო სექტორის პროცენტული მდგენელის შემცირება, პირველ რიგში ინვესტიციების სიმცირით და ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების დროში გაჭიანურებითაა განპირობებული“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.
What's Your Reaction?






