ქუთაისმა თსუ დაამარცხა და ფინალურ სერიაში ჩამორჩენა 1:2 შეამცირა

თსუ საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადებოდა – თბილისი არენაზე უნივერსიტეტელთა ბევრი მხარდამჭერი, პლუს ირემ-მასკოტი მოვიდა...

მაი. 26, 2025 - 20:57
 0
ქუთაისმა თსუ დაამარცხა და ფინალურ სერიაში ჩამორჩენა 1:2 შეამცირა
თსუ საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადებოდა – თბილისი არენაზე უნივერსიტეტელთა ბევრი მხარდამჭერი, პლუს ირემ-მასკოტი მოვიდა, რომლებმაც მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ უქომაგეს საყვარელ გუნდს, მაგრამ დაჯილდოების ცერემონიალი არ შედგა. გუნდები ბრძოლის ველიდან თავიანთ ბანაკებში დაბრუნდნენ და მომდევნო შერკინებისთვის მზადებას განაგრძობენ.

მიხვდით, რომ თსუ-მ ვერ მოიგო და სუპერლიგის ფინალური სერია მშრალად არ დასრულდა. ქუთაისში მოგებული 2 მატჩის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აშორებდათ, მაგრამ ქუთაისელებმა დაამტკიცეს, რომ ტიტულის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ და ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ძალები ნამდვილად შესწევთ.

ერთი ეგაა, ისტორია ქუთაისზე არ მუშაობს, რადგან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 28 წლის წინ მოუგია ფინალური სერია (ვითამ აზოტი დაამარცხა) გუნდს, მაგრამ როგორც იტყვიან, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მით უფრო, თუ ქუთაისი მომდევნო, 27 მაისს გასამართ მორიგ მატჩს მოიგებს. მერე უკვე ყველაფერი ერთ, სერიის მე-5 და გადამწყვეტ მატჩზე იქნება დამოკიდებული. თუმცა მოვლენებს არ გავუსწროთ და კონცენტრაცია სამშაბათის მატჩზე მოვახდინოთ, რომლის მოგებითაც თსუ ისევ ჩემპიონობას ეცდება, ხოლო ქუთაისი – სერიის გათანაბრებას.

გიორგი ოჩხიკიძე 16 აპრილს თასის გათამაშების MVP გახდა, რომელმაც თანაბარი და ძალიან დაძაბული ფინალური მატჩი ზუსტი სამქულიანებით და ზოგადად, შედეგიანობით გარდატეხა. იმ დღეს ქუთაისმა სატიტულო მატჩში თსუ დაამარცხა და თითქმის იგივე სცენარი გათამაშდა დღესაც. თანაბარი და ძალიან დაძაბული შეხვედრის ბოლო პერიოდში 11 ქულა ჩააგდო, მესამის მიწურულსაც იჩუბინა და მებრძოლი თსუ გატეხა. მატჩი, რომელიც ბოლო პერიოდის შუაწელამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, კალაპოტი იცვალა და ისე დასრულდა, დაძაბულობა არ ყოფილა. აუცილებლად აღსანიშნავია ვეტერანი მიხეილ ბერიშვილი, რომლის სამქულიანებმაც ოჩხიკიძისა და გიორგი კორსანტიას შედეგიანობასთან ერთად დიდი გავლენა ითამაშა ქუთაისელთა დამაჯერებელ გამარჯვებაში.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow