ქუთაისმა თსუ-ს თბილისში მეორე მატჩიც მოუგო და ფინალური სერიაში მე-5 მატჩი დაინიშნა

ქუთაისმა თსუ-ს თბილისში მეორე მატჩიც მოუგო და ფინალური სერიაში მე-5 მატჩი დაინიშნა

მაი. 28, 2025 - 01:27
 0
ქუთაისმა თსუ-ს თბილისში მეორე მატჩიც მოუგო და ფინალური სერიაში მე-5 მატჩი დაინიშნა
ფინალური სერიის მე-5 მატჩი – ეგრეთწოდებული სუპერფინალი. მატჩი, რომელსაც სხვა არაფერი სჭირდება – მას ვინც მოიგებს, ჩემპიონია. ქუთაისმა მოახერხა და შინ წაგებული 2 წაგების შემდეგ ფინალური სერია გაათანაბრა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა 25 მაისსა და დღეს, თბილისი არენაზე ორივე შეხვედრა მოიგო და შანსი აქვს, ქართულ კალათბურთში ერთხელ, ისიც 28 წლის წინ დაფიქსირებული შემთხვევა გაიმეოროს. 1997 წელ თბილისის “ვითა” 0:2 აგებდა რუსთავის “აზოტთან” და ზედიზედ 3 მოგების შემდეგ ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ ფინალურ სერიაში მე-5 მატჩი არაერთხელ დაფიქსირდა, თუმცა არასდროს ყოფილა, რომ სერიაში 0:2 ჩამორჩენილ გუნდს გაემარჯვოს.

ქუთაისმა გამოავლინა მებრძოლი ხასიათი. იმის ტოლფასი, რაც თსუ-მ ქუთაისში. ორივე გუნდმა მეტოქის მოედნებზე მოიგო, რაც იშვიათი შემთხვევაა და თუ ამ ლოგიკას მივყვებით, 30 მაისს ქუთაისში თსუ მოიგებს, თუმცა… არავინ იცის და ვერავინ იტყვის, ვინ მოიგებს ჩემპიონობას. ორივე გუნდი იმსახურებს პირველობას და პირველობაც იმას დარჩება, ერთ კონკრეტულ მატჩში რომელსაც მეტი ნერვები, ბრძოლისუნარიანობა და ალბათ იღბალიც აღმოაჩნდება.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ქუთაისმა დაახლოებით იმ სტილში იმარჯვა, როგორც წინა შეხვედრაში – ბოლო პერიოდში მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა, რომლის გაბათილებაც თსუ-მ ვერ მოახერხა. განსხვავება მხოლოდ ის იყო რომ ქუთაისს თამაში მიჰყავდა, ნიადაგ წინ იყო, თუმცა იშვიათად, ისიც მცირედით თსუ-ც გალიდერდებოდა ხოლმე. ქუთაისელებს ისევ აკლდათ ელაია ჯოინერი, თუმცა უმისობა გუნდს მარქილ სმიტმა არ აგრძნობინა, რომელმაც გუნდს ხომ ულიდერა, მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთიც ჩააგდო.

ეს მოხდა ბოლო პერიოდში, საფინალო სირენამდე 2:40 წუთით ადრე, როცა შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე მოედნის კუთხიდან სამქულიანი ჩააგდო და ქუთაისი 74:69 დააწინაურა. 5 ქულა არ იყო ბევრი, თუმცა საიმისოდ საკმარისი იყო, დაცვაში თამაშს თუ შეაშველებდი, გამარჯვებას მოიპოვებდი. ასეც მოხდა – ქუთაისმა თსუ-ს გოლიათის, კარსონ ბაშამის ჩატენვა კი მიიღო, მაგრამ მომდევნო შეტევებში იყოჩაღა, განწირულ თსუ-ელთა შეტევა მოიგერია და გამარჯვება გაინაღდა.

თსუ-მ მხოლოდ 6 სამქულიანი ჩააგდო. ქუთაისსაც არ ჩაუგდია ბევრი – 7 შორი სროლით შემოიფარგლა, მაგრამ ფარქვეშ დომინირებით სოლიდური დივიდენდი მიიღო. გიორგი კორსანტია პერიმეტრზე კი იწევდა, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით სამწამიანს უფრო ეძალებოდა და მას ხელს კარგად აშველებდა აკაკი დვალიშვილი. ამ ტანდემმა ერთმანეთის დაზღვევითა და ურთიერთ-გადაცემებით არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო, რამაც ქუთაისელთა გამარჯვებაში ფუნდამენტური როლი შეასრულა.

საბოლოოდ ქუთაისელებმა 80:71 (სტატისტიკა) იმარჯვეს და საკალათბურთო დაპირისპირების მშვენების – ფინალური სერიის მე-5 მატჩის ფორსირება მოახდინეს. გამარჯვებულებს 26 ქულით მარქილ სმიტმა ულიდერა. 20 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი გიორგი კორსანტიამ მოაგროვა. 11 ქულით დაასრულა მატჩი აკაკი დვალიშვილმა, გიორგი სულაბერიძემ 10 ქულა მიითვალა. თსუ-ში 17 ქულითა და 6 მოხსნით დევონტრე ტომასი გამოირჩა. 16 ქულა გლენ აბრამის ანგარიშზეა. 12 ქულითა და 5 პასით დაასრულა მატჩი გიორგი ცინცაძემ.

სასწორზე საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულია – 30 მაისს, ქუთაისში ვინც მოიგებს, საქართველოს 2024-2025 წლის სეზონის ჩემპიონია!

gbf.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow