“ჩემი აზრით, საქმეს ქრთამის სუნი ასდის” – რა სამართლებრივი დარღვევებია “სკინტლის საქმეში”
კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელი, რეზო ვაშაკიძე, bm-ge-თან, საუბრობს იმ ცნობილი სკანდალის სამართლებრივ დეტალებზე, რომელი სკანდალიც ლაშა პაპაშვილის სარჩელს უკავშირდება. იგი ყვება ოქმზე, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი ძალა, ექსპერტიზის პასუხზე, რომელსაც ასევე არ აქვს სამართლებრივი ძალა და მაინც მოსამართლემ მისი კომპანია დააჯარიმა. რეზო ვაშაკიძე: კონფლიქტი რომ წამოიჭრა, საჭირო იყო ჩვენთან დაკავშირება და ჩვენთან ერთად ნიმუშის აღება. რა […] The post “ჩემი აზრით, საქმეს ქრთამის სუნი ასდის” – რა სამართლებრივი დარღვევებია “სკინტლის საქმეში” appeared first on .

კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელი, რეზო ვაშაკიძე, bm-ge-თან, საუბრობს იმ ცნობილი სკანდალის სამართლებრივ დეტალებზე, რომელი სკანდალიც ლაშა პაპაშვილის სარჩელს უკავშირდება. იგი ყვება ოქმზე, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი ძალა, ექსპერტიზის პასუხზე, რომელსაც ასევე არ აქვს სამართლებრივი ძალა და მაინც მოსამართლემ მისი კომპანია დააჯარიმა.
რეზო ვაშაკიძე:
კონფლიქტი რომ წამოიჭრა, საჭირო იყო ჩვენთან დაკავშირება და ჩვენთან ერთად ნიმუშის აღება. რა აიღეს, რა ნიმუში და საიდან, ღმერთმა უწყის. ჩვენ ინფორმირებულიც არ ვიყავით. ვთქვათ, რაღაცა ნაკელი აიღეს, ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ნაკელია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ? ჩვენი მხარეც აუცილებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
მივმართეთ კითხვით სესს, სესმა მოგვწერა პასუხი, რომ ვეტერინარი მაია ბერძენიშვილი მათი დავალებით არ იყო წარმოდგენილი და ეს ფურცელი (ნიმუშის აღების ოქმი) სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს.
ჩვენ ნაკელს ან ვამუშავებთ და ვღებულობთ კომპოსტს, ან ნაკელად ვყიდით. შემთხვევა არ ყოფილა ჯერ მსგავსი, მხოლოდ ლაშა პაპაშვილისგან გავიგეთ, რომ ის აჭმევდა ძროხებს. ჩვენ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ნაკელის გაყიდვაზე. როცა გავიგე, ძროხებს აჭმევდა, აღვშფოთდი, ქრისტიანი ადამიანი, ცხოველს როგორ აჭმევს ნაკელს, ჩემთვის წარმოუდგენელია. ამბობს, იმ წლებში, ნაკელის ძროხებისთვის მიცემა არ იყო აკრძალულიო, ნაკელი ადამიანებს რომ აჭამო, არც ისაა აკრძალული, მაგრამ არავინ აჭმევს, ხომ? განვითარებული, მცოდნე ადამიანია და უნდა სცოდნოდა, რომ ეს ევროკავშირში აკრძალული იყო. ნაკელს რომ შეხედავ და ნახავ, ის არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა აჭამო საქონელს.
საქართველოში ისტორიულად ნაკელს არ აჭმევდნენ საქონელს, იმით უფრო, საქონელს, რომელიც რძეს იძლევა. ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ურჩიეს, ეს არის პროტეინის კარგი წყაროო. ამ ამბის გაგების შემდეგ, დავიწყე მოკვლევა, თუ შეიძლება და როგორ უნდა აჭამო ნაკელი ძროხას. მე როგორც გავიგე მოგიანებით, ეს რომ აჭამო საჭიროა ნაკელისა და თივის ავტოკლავირება, გაცხელება დაახლოებით 65 გრადუსზე. არ ვიცი, შეამოწმა ეს ვინმემ? ხდებოდა ავტოკლავირება? ნაკელის აღების იდეა ხომ ეკონომიის გაკეთებაა? ელექტროენერგია საქართველოში საკმაოდ ძვირი ღირდა და ავტოკლავირება ხარჯს გაუზრდიდა, ამიტომ არმგონია, ავტოკლავირებას აკეთებდნენ – ეს, ცხადია, მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.
ბატონმა ლაშამ თქვა, რა მოხდაო, 5 წელია არაფერი იყო და ახლა გახმაურდაო, ამ გახმაურების მიზეზია მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი.
პრაქტიკულად, ჩვენი ხელშეკრულების არც ერთი პუნტქი ჩვენ არ დაგვირღვევია და მან ჯარიმა გამოგვიწერა, 4,7 მილიონი ლარი.
ანტიბიოტიკს არ შეიცავდა ჩვენი ნაკელი, ჩვენ არ ვიყენებთ ტეტრაციკლინს. ქათმის ხორცს ვაწარმოებთ უკვე 10 წელზე მეტია და ვიმყოფებით როგორც საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების შესწავლის ქვეშ, აგრევე ქართული სურსათის სააგენტოს შემოწმების ქვეშ. ჩვენ ქათმის წარმოებაში ანტიბიოტიკებს არ ვხმარობთ – ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებით ვმუშაობთ, ანტიბიოტიკის დამატების შემთხვევაში ქათამი იზრდება ნელა და არაეფექტურად. ანტიბიოტიკს საერთოდ არ ვხმარობთ, მით უმეტეს ტეტრაციკლინს. ჩვენ მივმართეთ სესს, რომელიც ამოწმებს ჩვენს საწარმოს ჩვენგან დამოუკიდებლად, და მივიღეთ მათგან ოფიციალური პასუხი, რომ არც ერთი შემოწმებისას, ტეტრაციკლინის კვალი არ არის აღმოჩენილი ჩვენს კომპანიაში. ჩვენი ძირითადი ტრენდია ვაქციების გამოყენება, რომელიც გაცილებით ეფექტურია და ვიყენებთ ფაგებს.
სესი ყოველკვარტალურად გვამოწმებს ჩვენგან დამოუკიდებლად, ზოგჯერ მაღაზიიდან იღებენ ნიმუშებს, ზოგჯერ ფერმაში მოდიან და მიაქვთ შესამოწმებლად. ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, რადგან მთელ სქართველოს ვაწვდით პროდუქციას და სადმე რამე რომ მოხდეს ჩვენთვის ეს კატასტროფა იქნება. გარდა ამისა, ჩვენს პროდუქციას კვირაში ოთხჯერ მაინც ვამოწმებთ სომხეთში და ასევე მოწმდება აქტიურად აზერბაიჯანში.
მოსამართლე კაჟაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ნიმუში იყო არასწორად აღებული და ამ ნიმუშის აღებას არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონდა, გარდა ამისა, იგი გაგზავნეს ლაბორატორიაში, რომელიც აკრეტდიტირებული არ არის, არც მას აქვს იურიდიული ძალა და ამ ორი, იურიდიული ძალის არმქონე, დოკუმენტით ჩათვალა, რომ დარღვევაა.
იურიდიულად გაწერილია კანონში სინჯის აღების პროცედურა – ორივე მხარის წარმომადგენელი უნდა იყოს ადგილზე, უნდა გაიგზავნოს ლაბპორატორიაში, რომელსაც აქვს აკრედიტაცია. არააკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა არ შეიძლება საერთოდ განხილული იქნეს სასამართლოში.
კიდევ ერთი საკითხი – ამ დარღვევებითაც კი, პაპაშვილი ამბობს, რომ აიღო ერთი პარტიიდან ნიმუში და ქალბატონმა ლიანამ ეს გაავრცელა 185 პარტიაზე. მაშინ ყველა პარტიიდან უნდა შეენახათ ნიმუში, ან მიღებისთანავე აეღოთ და შეემოწმებინათ. ამბობენ, რომ ერთი პარტიიდან აიღეს ნიმუში, ისიც არასწორად და ამხელა ჯარიმა დაგვეკისრა ჩვენ.
მესამე საკითხი – რითი დაიხოცნენ ძროხები?
საქონელი რომ კვდება, საჭიროა ვეტექიმი, საგადასახო, საქონლის კვეთა, მიზეზის დადგენა სიკვდილის და აქტის შედგენა. ეს საბუთები საქმეში არ დევს. ლიანა კაჟაშვილს უნდა მოეთხოვა ეს საბუთები, თუმცა, არ მოუთხოვია. სასამართლო საქმეში საბუთები არ დევს დახოცვის.
თავად ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, არ დახოცილა, დავკალით და გავყიდეთო. თუ არ დახოცილა, ორი ვარიანტია – ცოცხლები იყვნენ მაგრამ ავადობდნენ, ან ცოცხლები იყვნენ და ჯანმრთელები. თუ ავადობდნენ, საჭირო იყო გამოკვლევა, რა ჭირდათ, თორემ, ასე, დაავადებული საქონლის ხორცის გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ მივმართეთ სესს კითხვით, იყო თუ არა დახოცვა ამ წლებში – მივიღეთ პასუხი, რომ არა.
ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ანტიბიოტიკმა გამოიწვია ძროხის ე.წ. დაშრობა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ნაკელში იყო ანტიბიოტიკი – არ არსებობს, მაშინაც კი, ექსპერტი ამბობს, შესაძლებელია, გამოეწვია ანტიბიოტიკს ძროხის ნაკლებმეწველიანობაო, თუმცა, ცხადია, ამას ფაქტად ვერავინ ამბობს. სასამართლოში, მე მივუთითე მოსამართლეს, ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა ფაქტი და ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ საერთოდ ანტიბიოტიკიც არ გვქონია. მოსამართლემ მე არაფერი მიპასუხა, მერე კი ადგა და მიიღო ფაქტად. ჩემი აზრით დიდი შეცდომაა და გაუმართლებელი, არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე გადაწყვეტილების მიღება.
როდესაც რაღაც ფაქტი ხდება… ეს ხომ არ იყო პირადი საქონელი, ეს იყო ფერმა, საჭირო იყო მთელი სისტემის ჩართვა, სესის პირველ რიგში. თუ არადა, საერთოდ რატომ წამოიწყო ეს დავა? უნდა დავიცვათ ჩვენი კანონები, სურსათის უვნებლობის შესახებ, სხვათა შორის, სესს კარგი სპეციალისტები ჰყავს და თუ ასეთი პრობლემები ჰქონდა, თავის დროზე რომ მიემართა, ისინი ურჩევდნენ რა უნდა გაეკეთებია.
მე გეტყვით ჩემს პირად აზრს – 2700 ტონა ნაკელს თუ აჭმევ, იმ ძროხას შეიძლება ბევრი რამ დაემართოს. თუ მართლაც 1800 ძროხას აჭმევდა 2700 ტონა ნაკელს 1 წელი, ეს დაახლოებით, 5–6 კილოგრამია. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ჩვენთვის მოეთხოვა ანალიზი, ან თვითონ აეღო ანალიზი, მერე ცოტა ეჭმია, რა ვიცი. ამ კომპანიის დაშვებული შეცდომების ფასი ჩირინამ უნდა გადაიხადოს?
ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებას ასდის ქრთამის სუნი, სხვანაირად წარმოუდგენელია ლიანა კაჟაშვილს, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ძალიან ჭკვიანი ქალია, კითხვების მიხედვით, მივხვდი, რომ ყველაფერშიც ერკვევა, მაგრამ მაინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ეს არის კონკრეტულად ლაშა პაპაშვილის შეპირებული ქრთამი. ამ მოსამართლემ ყველაფერი კარგად იცის, რა გააკეთა.
მე სააპელაციო სასამართლოსადმი დადებითად ვარ განწყობილი, ამის საფუძველს მაძლევს ლოგიკა და მოსამართლეების პატიოსნება. არამგონია, ყველა გაიყიდოს, ჩემი აზრით ამ თემაზე სასამართლო პროცესები უნდა შეწყდეს, რადგან “ჩირინა” არაფერ შუაშია და არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.
თუ ჩემი ლოგიკური მოლოდინი არგამართლდა, სტრასბურგამდე მივალ. თუ სასამართლო მიიღებს გადაწვეტილებას, მე გადავიხდი ამ ფულს, მაგრამ დავას გავაგრძელებ. ძალიან არ მინდა ამის გაკეთება, რადგან ეს იქნება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული თანხა, რაც ძალიან არ მინდა. ჩვენ ვაწარმოებთ ქათმის პროდუქტს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ფენისთვის, მათ შორის ეკონომიურად შეჭირვებული ხალხისთვისაც და მე არ მინდა სახელმწიფოს დავაკისრო ის ვალები, რომელიც წარმოიქმნება ზოგი უსამართლო მოსამართლეების გამო.
The post “ჩემი აზრით, საქმეს ქრთამის სუნი ასდის” – რა სამართლებრივი დარღვევებია “სკინტლის საქმეში” appeared first on .
What's Your Reaction?






