
ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება იმაზე მეტად დატანჯავს საქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. საქმე ის არის, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები ერთი ჯადოსნური ჯოხის დაქნევით ვერ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესის სრულად აღდგენას. ქართველ ტურისტებს გარკვეული დროის განმავლობაში მოუწევთ ვიზების ასაღებად იარონ თურქეთში, სომხეთში ან აზერბაიჯანში, სადაც სავიზო სექციები მუშაობენ.
ჯერ ერთი, ვიზების გაცემის სრულყოფილი პროცესის აღდგენას სჭირდება საკონსულოში დამატებითი კადრების აყვანა და მომზადება. დაწყებული ვიზა ოფიცრებიდან, “გია დაცვით” დამთავრებული, გოგებაშვილზე, საფრანგეთის საკონსულოში რომ გვახსოვს. ეს ხანგრძლივი პროცესია და ერთ ღამეში არ ხდება. პარალელურად, უნდა მოხდეს საკონსულო ინფრასტრუქტურის მოდიფიცირება (ერთ ოთახში ვეღარ მიიღებ ამხელა ნაკადს), უსაფრთხობის სისტემების დანერგვა, მონაცემთა ბაზების განახლება და შენგენის საინფორმაციო სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანა. კიდევ მეტი ბიომეტრიული აპარატურის მომზადება, რადგან დღეს, საქართველოს მოქალაქეებთან უვიზო რეჟიმის გამო, არსებული შესაძლებლობები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტურუსტული ვიზის მსურველი არამოქალაქეებისთვის ან სამუშაო/სასწავლებელი მცირერიცხოვანი ვიზების მომსახურებისთვის გამოიყენება. უნდა მოხდეს სავიზო მოსაკრებლების სისტემის განახლება, სავიზო სექციების სპეციალური ვებ გვერდების ჩაშვება, სადაც მოხდება დანატებით უამრავი ვიზის მსურველის რიგში ჩადგომა და ჯავშნების კონტროლი. რაც ყველაზე მეტად გასათვალისწინებელია, ამ ყველაფერს შეაფერხებს განსაკუთრებულად მომატებული მოთხოვნა ვიზებზე. დღეს არსებობს უამრავი ტურისტული ჯგუფი, რონელსაც ხალხი თითქმის ყოველ კვირას დაჰყავს ევროპაში და ძალიან ბევრი მოქალაქის მიერ უკვე ინდივიდუალურად გაკვალული გზა ევროპაში, ოჯახის წევრების მოსანახულებლად, სამკურნალოდ ან ლეგალურად თუ არალეგალურად სამუშაოდ. მოკლედ, მოთხოვნა დღეს იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე 2017 წლამდე, სავიზო რეჟიმის პირობებში გვქონდა.
რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა დამატებითი ფინანსების მოძიება ამ სისტემების დასახვეწად და აღსადგენად. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ხვალვე გაიკრავს ჯიბეზე ხელს და აღადგენს ძველ წესრიგს. “კარგ დროშიც” კი არ ჰქონდა ყველა ქვეყანას სავიზო სექცია და ბელგიის ვიზები საფრანგეთის საკონსულოში გაიცემოდა, ავსტრიისას გერმანია გასცემდა და ა.შ. სულ 2-3 საკონსულო იყო, რომელიც მთელს ევროკავშირს ემსახურებოდა. დღეს რატომ შეიწუხებს ვინმე თავს? მიგვაწერენ ანკარაზე, ერევანზე და ბაქოზე. უკეთეს შემთხვევაში, დროებით მაინც. ევროპას კი არა, მდიდარ კანადას არ აქვს სავიზო სექცია საქართველოში. ნუ შევედრებით ვანუატუს, სადაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემდეგ, ვიზის გაცემის პროცესი სწრაფად აღდგა. იქ საბურთსლოსხელა მოსახლეობაა – 320.000 კაცი და ვანუატუელები არც ევროპაში სიარულით იკლავდნენ დიდად თავს. 15.000 კილომეტრი და გადაჯდომებით 24 საათიანი ფრენა აშორებთ ევროპის კონტინენტს. აი, ჩვენ კი უვიზოს გაუქმება საშინელ დღეში ჩაგვყრის.
ასე, რომ ხალხის გადასაწყვეტია – იჯდება დღეს გრილად კონდიციონერთან და ხვალიდან ცხვარივით ივლის თურქეთში შენგენის ვიზაზე, თუ გამოიფხეკს ყურებს და მოსთხოვს ვისაც საჭიროა, ცხვირით მიწა მოხნან და აგვისტოს ბოლომდე შეასრულონ ის პირობები, რაც დაუწესეს. არაჩვეულებრივი ტესტია იმის გასაგებად, საზოგადოება ვართ თუ ჩრდილოეთ კორეული ცხვრის ფარა.