ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-6-ედ იასპარეზებს

ივნ. 6, 2025 - 20:27
 0
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-6-ედ იასპარეზებს. ევრობასკეტ 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს – პლეი ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრებს წილისყრამ კვიპროსი არგუნა, სადაც ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ ჩვენს გუნდთან ერთად იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და (ცხადია) კვიპროსი მოხვდნენ. საქართველოს საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ერგო და ჯგუფური ეტაპისთვის მომზადებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ სოლიდური სამუშაო გასწია, რათა ნაყოფიერი მოსამზადებელი გეგმა შეედგინა, რომელმაც საბოლოო სახე მიიღო.

საქართველოს ნაკრების მთლიან მოსამზადებელ კემპს საზღვარგარეთი – კვიპროსის ჩათვლით 5 ქვეყანა მოიცავს, რომლის ფარგლებშიც ჯიკიჩის გუნდი 6 სპარინგ-მატჩს გამართავს. 6-დან 3 შეხვედრა დახურული ტიპის იქნება, ხოლო სამი მატჩი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ჩვენი ნაკრების შეკრება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 1 თვით ადრე, 27 ივლისს, ლატვიის კურორტ იურმალაში დაიწყება. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველ სპარინგ-მატჩს იურმალაში 4 აგვისტოს, ისრაელთან გამართავს, რომელიც, ისევე როგორც 7 აგვისტოს იურმალაშივე ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრა, დახურული იქნება.

8 აგვისტოს ნაკრები მეზობელ ლიეტუვაში გადავა და ვარჯიშებს გააგრძელებს, სადაც, ქალაქ კაუნასში, 9 აგვისტოს მასპინძელი ქვეყნის მძლავრ ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა მას-მედიისთვის ღია იქნება. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი კაუნასში 11 აგვისტომდე დარჩება, საიდანაც პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში, 14 აგვისტოს, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს (მას-მედიისთვის ღია მატჩში) დაუპირისპირდება.

სოსნოვიეცის შემდეგ საქართველო 9-დღიან შეკრებას პრაღაში, 15-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან 2 ამხანაგური მატჩი ელის: 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი. ეროვნული ნაკრები 25 აგვისტოს პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება.

სწორედ ამ ერთთვიანი შეკრების პერიოდში შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომელიც ევრობასკეტზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow