ერთი ჰესი – ორი კრიზისი – სოხუმი და თბილისი
ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნების შემდეგ, სხვა გამოწვევებთან ერთად ელექტროენერგიის მიწოდების ყოველდღიური პრობლემა და 19 აპრილს თბილისსა და საქართველოს დიდი ქალაქებში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დროებით გათიშვა აჩვენებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების საკითხს თბილისსა და სოხუმში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და რეგიონული კონტექსტი აქვს. 19 აპრილს თბილისსა და საქართველოს დიდი ქალაქებში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგია […]


ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი
აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნების შემდეგ, სხვა გამოწვევებთან ერთად ელექტროენერგიის მიწოდების ყოველდღიური პრობლემა და 19 აპრილს თბილისსა და საქართველოს დიდი ქალაქებში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დროებით გათიშვა აჩვენებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების საკითხს თბილისსა და სოხუმში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და რეგიონული კონტექსტი აქვს.
19 აპრილს თბილისსა და საქართველოს დიდი ქალაქებში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. აფხაზურმა კომპანია “ჩერნომორენერგომ” ოფიციალურ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ საქართველოში ავარიის გამო აფხაზეთში ენერგოსისტემა გაითიშა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა კი იტყობინებოდა, რომ ელექტროგადამცემი ხაზის – “კავკასიონის” გათიშვის შედეგად გამოირთო ენგურჰესი, ასევე, სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები. შედეგად, დაახლოებით 35 წუთით საქართველოს მოსახლეობის 90% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 19 აპრილის ღამეს საქართველოში კიდევ ერთხელ მოხდა ელექტროენერგიის მასიური გათიშვა, რაც მალევე გამოსწორდა.
დე ფაქტო არჩევნების შედეგები აფხაზეთში და თბილისის კრიზისი: პოლიტიკური ლეგიტიმაციის გამოწვევები
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა მეთაურმა ასლან ბჟანიამ თანამდებობა 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში ქუჩის სახალხო პროტესტის ფონზე დატოვა. პირველი ტური შედგა 15 თებერვალს, რომელშიც გუნბასა და არძინბას გარდა, კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობდა: აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში 2024 წლამდე, ოლეგ ბარციცი; აფხაზეთის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2023 წლამდე, რობერტ არშბა და „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, ხუთივე მათგანი “აფხაზეთის მოქალაქეობასთან” ერთად, რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2025 წლის პირველ მარტს გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 3 მარტს სხდომაზე დაამტკიცა “აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების” საბოლოო შედეგები. გამარჯვებული გახდა ბადრა გუნბა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრამდე იყო, მანამდე კი ის “ვიცე პრეზიდენტის” მოვალეობას ასრულებდა. გუნბამ ხმების 54,73% მიიღო, მისმა კონკურენტმა, “აფხაზეთის სახალხო მოძრაობის” დამფუძნებელმა ადგურ არძინბამ კი ხმების 41,54% .
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე დე ფაქტო არჩევნების პასუხად, ოფიციალურმა თბილისმა პროტესტი გამოხატა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით და მას არალეგიტიმური უწოდა. დე ფაქტო არჩევნების აღიარებაზე უარი თქვა ევროკავშირმაც, რომელიც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მსგავსი განცხადებები გააკეთეს დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და საქართველოს სხვა მოკავშირე სახელმწიფოებმა.
თავის მხრივ კი, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ აღიარებენ აშშ, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმაციის კრიზისზე მიუთითებს და ამასთანავე, ქვეყნის იზოლაციის რისკებს ზრდის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატები საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე ისე აკეთებენ განცხადებებს, რომ ჯერ ევროკავშირს ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
დე ფაქტო აფხაზეთის საერთაშორისო არაღიარება და “ქართული ოცნების” მოქმედი მთავრობის ლეგიტიმაციის კრიზისი განსხვავებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული გამოწვევებია, რომლებიც რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე მიუთითებენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” ფართო საერთაშორისო არაღიარებისგან განსხვავებით, რომელიც ბოლო დროს დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებით ხასიათდება, აფხაზეთის საერთაშორისო არაღიარების საკითხი წლების განმავლობაში უცვლელია. ეს პარალელური მოცემულობები, საბოლოო ჯამში, რუსეთთან ურთიერთობების გააქტიურებისა და რეგიონში მისი გავლენის ზრდის ტენდენციას ავლენს, რასაც ხელს უწყობს კრემლის მხრიდან პერიოდულად გაკეთებული განცხადებები საქართველოსთან “ურთიერთობების ნორმალიზების” შესახებ. “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ბოლო განცხადებებით კი ისინი რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთ ბარიერად ტერიტორიების ოკუპაციას მიიჩნევენ და არაფერს ამბობენ საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის შესახებ.
ელექტროენერგიის კრიზისის მიზეზები აფხაზეთში
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი განლაგებულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო მისი კონტროლის ცენტრი გალში, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს. მხარეები ერთობლივად მართავენ მის მუშაობას და იზიარებენ წარმოებულ ელექტროენერგიას. დასავლეთ აფხაზეთი და სოხუმის 70% რუსეთიდან მარაგდება ელექტროენერგიით, თუმცა ეს ენერგია საკმარისი არ არის მთლიანი საზოგადოების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მომარაგება ნაწილობრივ თბილისზეც არის დამოკიდებული.
ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, წყლის დაბალი დონის გამო ენგურჰესის სადგური გაჩერდა და აფხაზეთს ელექტრო ენერგიის მიწოდების გრაფიკზე მოუწია გადასვლა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ჯვრის წყალსაცავში (საქართველოს ყველაზე ღრმა წყალსაცავი – 226 მ.) ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავების შემცირება, რომელიც თავის მხრივ წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო იყო გამოწვეული. შედეგად, აფხაზეთში იანვრიდან დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით დღის განმავლობაში ოთხი, ხოლო ღამით ორი საათით ითიშება ელექტროენერგია. “გათიშვის გრაფიკი” მიზნად ისახავს ენერგოსისტემაზე დატვირთვის შემცირებას, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და ადგილობრივ ბიზნესს, მათ შორის პურის საცხობებსა და ადგილობრივ მაღაზიებს, სადაც საკვები პროდუქცია იყიდება.
ელექტრო ენერგიის დეფიციტის ნაწილობრივ დასაფარად აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან ყიდულობს. 2024 წლის სექტემბერში რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომერციულ ფასად მიყიდვა დაიწყო. ადგილობრივი პოლიტიკური პროტესტის ფონზე, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა დე ფაქტო მთავრობისთვის დამატებითი პრობლემა იყო. შესაბამისად აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების თხოვნით, იმავე წლის დეკემბერში მოსკოვმა დაიწყო რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული მიწოდება“. ჯამში 2020-2024 წლებში რუსეთმა აფხაზეთს 10 მილიარდი რუბლის უფასო ელექტროენერგია მიაწოდა – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრმა კრისტინა ოზგანმა. მარტში კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაპირდა დე ფაქტო აფხაზეთს, რომ გააგრძელებს აფხაზეთს ენერგომომარაგების გადაუდებელ მიწოდებას.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ელექტროენერგიის გამომუშავებას კი ჰიდროელექტროსადგურზე წყლის დონე განსაზღვრავს. განსაკუთრებული კრიზისი ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში იქმნება, როცა წყალსაცავში ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. არასაკმარისი რაოდენობის წყალია. 2016 წლიდან აფხაზეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, თუმცა მოთხოვნა მზარდია და ვერ ეწევა მომარაგებას.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების მთავარი მიზეზი დიდწილად კრიპტოვალუტის მაინინგის მზარდი გავრცელებაა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში უკანონო კრიპტომაინინზე ოფიციალური მონიტორინგი მიმდინარეობს, 2023 წლის დასაწყისიდან ამოღებულია, დაახლოებით, 3500 კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობა, მოხმარება არსად გამქრალა. ამასთან 2025 წლის პირველი იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამოაცხადა – ელექტროენერგიის საშინაო მიზნებისთვის გამოყენების ტარიფი გაიზარდა 1,8 რუბლიდან (კვტ/სთ) 2,2 რუბლამდე (0.27 USD), ხოლო იურიდიული პირები ნაცვლად 2,6 რუბლისა (კვტ/სთ) 3,2 (0.39 USD)რუბლს გადაიხდიან.
აფხაზეთის ელექტრო ენერგიის მოხმარება აღემატება მომარაგების შესაძლებლობებს. დე ფაქტო მთავრობა პრობლემის გადაჭრის გზად გადასახადის ზრდას მიმართავს, ხოლო უკანონო მაინინგზე ეფექტიან კონტროლს და მის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობის გარანტია, ელექტრო ენერგიის საკითხი აფხაზეთის მასზე დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული პრობლემები, საბოლოო ჯამში, სცდება ეკონომიკურ განზომილებას და იძენს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხის ფორმას, რაც რეგიონში არსებული სტაბილურობისა და გეოპოლიტიკური ბალანსის განსაზღვრაზე ახდენს გავლენას.
ერთი მდინარის ორი ნაპირი
ენგურჰესი საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის უერთიერთთანამშრომლობის, ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური საქმიანობისა და შედარებით სტაბილური ურთიერთობის სიმბოლოა. ენგურჰესის ორმხრივი მართვის გამოცდილება, ენერგეტიკული კრიზისის დაძლევისა და სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად, შესაძლოა იქცეს თანამშრომლობის უფრო ფართო ასპარეზად და შესაძლოა, პოლიტიკური დიალოგის პლატფორმადაც.
თუმცა, არსებული რეალობა – თბილისის პოლიტიკური კრიზისი, საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე და სოხუმის მზარდი დამოკიდებულება რუსულ ელექტროენერგიაზე – ამ დიალოგის შესაძლებლობას მხოლოდ შორეულ პერსპექტივად აქცევს. ეს ტენდენციები აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს მკვეთრად ასუსტებს და ზრდის რუსეთის როლს ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთლიანად რეგიონში.
What's Your Reaction?






