თინა ხიდაშელი – სოხუმიდან ფრენების ფონზე თავმოყვარე ხელისუფლება საპირწონე ზომებს მიიღებდა – ქვეყანას რომ ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, მას უკვე გამოცემული ექნებოდა აქტი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ
მე ველოდები, რომ ვახტანგ გომელაური იქნება შემდეგი, რომელიც დატოვებს მინისტრის თანამდებობას იმიტომ, რომ სრულიად ერთმნიშვნელოვანია სამი ადამიანი – ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური – არის ცალსახად ბიძინა ივანიშვილის კადრი, მისი პოლიტიკის უპირობო გამტარებელი, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასვლის სტრატეგიას ამზადებს და ცდილობს, […]


მე ველოდები, რომ ვახტანგ გომელაური იქნება შემდეგი, რომელიც დატოვებს მინისტრის თანამდებობას იმიტომ, რომ სრულიად ერთმნიშვნელოვანია სამი ადამიანი – ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური – არის ცალსახად ბიძინა ივანიშვილის კადრი, მისი პოლიტიკის უპირობო გამტარებელი, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასვლის სტრატეგიას ამზადებს და ცდილობს, ფორმალური მაჩვენებლები შექმნას იმის საჩვენებლად, რომ მართვიდან არის გასული, რათა პასუხი არაფერზე მოეთხოვოს.
“გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით კიდევ თავს შევიკავებდი ამის თქმისგან, მაგრამ დანარჩენს არც მოსვლას ეკითხებოდა ვინმე და არც წასვლას, ისინი არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლილუაშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თანხმობა რომ არ ჰქონოდა, ის ვერსად ვერ წავიდოდა, მაგრამ ის, რომ მან გადაწყვეტილება თავად მიიღო, ამაში ეჭვი არ მეპარება. ყველა სხვა დანარჩენს არც მანამდე, არც ამ დროს და არც ამის შემდეგ, არასდროს არ ექნებათ პოლიტიკაში რაიმე თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებისა და მანევრირების გაკეთების შესაძლებლობა, მათ რასაც უბრძანებს პატრონი, ყოველთვის ისე მოიქცევიან.
არავინ არ სუსტდება “ქართულ ოცნებაში” იმით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა. მე ველოდები, რომ ვახტანგ გომელაური იქნება შემდეგი, რომელიც დატოვებს მინისტრის თანამდებობას იმიტომ, რომ სრულიად ერთმნიშვნელოვანია ეს სამი ადამიანი – ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური არის ცალსახად ბიძინა ივანიშვილის კადრი, მისი პოლიტიკის უპირობო, უსიტყვო გამტარებელი. ესენი ის ადამიანები იყვნენ, რომელთან ერთადაც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ცხოვრება.
დღეს, როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, შექმნას იმიჯი, რომ მიდის, რომ ის არაფერ შუაშია, რომ ირაკლი კობახიძეს გადააბარა სრულად მართვა, რომ ყველგან კობახიძის მეგობრები ინიშნებიან, სუს-ის ჩათვლით. ცოტა ხნის წინ ვინმესთვის შეიძლება წარმოუდგენელი ყოფილიყო, რომ სუს-ს ასე დათმობდა ივანიშვილი, მაგრამ ზუსტად ამაშია საქმე, განსაკუთრებით ამერიკელების დასანახად, მან დაიკავა ეს პოზა – ის ერთგვარად გასვლის სტრატეგიას ამზადებს.
ჩემი ხედვით, ეს კობახიძის გაძლიერება კი არ არის, ეს არის ივანიშვილის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ფორმალური მაჩვენებლები შექმნას სრულფასოვნად იმის საჩვენებლად, რომ ის არაფერ შუაშია, გავიდა მართვიდან და მას პასუხი არ უნდა მოეთხოვოს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელი ასევე სოხუმის აეროპორტიდან რუსეთში ფრენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ამ აქტის საპირწონე გადაწყვეტილება უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული, რაც საქართველოს აეროპორტებში რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებას გულისხმობს.
“ტექნიკურადაც კი, ოდნავ საკუთარი თავის პატივისცემა რომ ჰქონდეს “ქართულ ოცნებას” ამ ფონზე და ამ მოვლენის კვალობაზე, ყველა პირდაპირი რეისი დღესვე გაუქმებული უნდა იყოს თბილისის აეროპორტში, ისევე, როგორც, არ ვიცი, ქუთაისში და ბათუმშიც ალბათ, დაფრინავენ რუსები პირდაპირ, მაგრამ, ნუ, გასაგებია, რომ არც სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა აქვთ მათ და არც არაფერი, მათთვის მთავარი არის, რომ მათი კლანის წევრებმა ფული აკეთონ და, როგორც ჩანს, ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ყველაზე უფრო დიდ ფულს აკეთებენ, ამიტომ აქვთ მაღალი ხარისხის ტოლერანტობა მსგავსი ტიპის მოვლენების მიმართ.
ნებისმიერი, საკუთარი თავის პატივისმცემელი ხელისუფლება აუცილებლად მიიღებდა საპირწონე ზომებსა და გადაწყვეტილებებს და ამას მარტივ ენაზე ჰქვია იმ პირდაპირი რეისების გაუქმება და აკრძალვა, რომლებიც დღეს რუსეთიდან საქართველოში მინიმუმ აეროპორტში გვაქვს.
ქვეყანას რომ ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი (უბრალოდ არ გვყავს, “ქართული ოცნების” თვითმარქვია ადამიანი გვყავს და თავისთავს პრემიერ-მინისტრს ეძახის), მას უკვე აქტი გამოცემული ექნებოდა პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ – ეს არის ერთადერთი ადეკვატური ზომა ასეთ დროს და მერე გააკეთონ რუსებმა არჩევანი, რა ურჩევნიათ მათ მოქალაქეებს – სოხუმში იფრინოს შვიდმა კაცმა, თუ შვიდი ათასმა საქართველოს დანარჩენი აეროპორტები გამოიყენონ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იყენებენ. სრული კატასტროფაა, რაც ხდება ჩვენს აეროპორტებში რუსულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხიდაშელმა.
What's Your Reaction?






