თსუ სერიაში 2:0 დაწინაურდა, ხოლო გურჯაანმა ვსა-ს გაუთანაბრა

თსუ სერიაში 2:0 დაწინაურდა, ხოლო გურჯაანმა ვსა-ს გაუთანაბრა

აპრ. 27, 2025 - 04:27
 0
თსუ სერიაში 2:0 დაწინაურდა, ხოლო გურჯაანმა ვსა-ს გაუთანაბრა
სუპერლიგის პლეი ოფის პირველი წრის მეორე ტური დასრულდა. უფრო ზუსტად, მეოთხედფინალებიდან დარჩენილ 2 წყვილში სერიის მე-2 მატჩები გაიმართა და არც ერთ მათგანში დაძაბული ბრძოლა არ შედგა. ორივე მატჩი თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართა, ჩვენც ქრონოლოგიურად მივყვეთ და ჯერ თბილისი არენაზე გამართულ შეხვედრაზე ვთქვათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა რაშთან მეოთხედფინალური შეხვედრა გამარჯვებით გუშინწინ დაიწყო. უნივერსიტეტელებმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხეს და საბოლოოდ 18 ქულით სძლიეს. დღეს თითქმის იგივე სცენარი გათამაშდა. პირველი პერიოდი თსუ-მ მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში რაშის კალათბურთელებმა სამიზნე გაისწორეს და უმეტესწილად სამქულიანების ხარჯზე დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ. ბოლო წამზე გიორგი ვახანიამ გამთანაბრებელი შორეული სროლა ჩააგდო – 39:39.

გარდატეხა მესამე პერიოდის მიწურულსა და ბოლოს დასაწყისში მოხდა. თსუ-მ მეტოქე იმავე იარაღით – სამქულიანებით დასაჯა, რითაც მანამდე თავად აგებდა. ვილი ისიანმა, გიორგი ცინცაძემ, დევონტრე ტომასმა შორიდან მიზანი გაისწორეს, ხოლო ფარქვეშ მაჯურ მაჯაკის დომინაციას ისიანი-ბაშამის ტანმაღალმა ტანდემმა ბოლო მოუღო. თსუ-ს ლიდერობა 10 ქულას ასცდა და თამაში ისე დასრულდა, ვითარება ოდნავადაც არ დაძაბულა 83:68 (სტატისტიკა) თსუ-ს სასარგებლოდ.

თსუ-ში განსაკუთრებულად გამორჩეული სტატისტიკა არავის ჰქონია. არცთუ უხვქულიან თამაშში ერთბაშად 6-მა კალათბურთელმა უწია 10-ქულიან ზღვარს: ყველაზე მეტი – 16 ქულა ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა. 13-13 დააგროვეს დევონტრე ტომასმა და ვილი ისიანმა. 12 ქულა ნიკა ლეონიძემ მიითვალა 7-დან 4 ჩაგდებული სამქულიანით. დამარცხებულთაგან 17 ქულით ლაშა მიქელაძე გამოირჩა.

ამ გუნდების მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი, რომელიც თსუ-ს გამარჯვების შემთხვევაში უნივერსიტეტელთა სასარგებლოდ დასრულდება, 29 აპრილს გაიმართება.

მეორე შეხვედრა დიღომი არენაზე გაიმართა. ვსა-ბასკეტბოლმა, რომელმაც მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრა დამაჯერებლად (102:76) მოუგო გურჯაანის დელტას, მეორე მატჩში თითქმის უშანსოდ დამარცხდა – 86:101 (სტატისტიკა). არადა, ვსა-სთვის ყველაფერი მშვენივრად დაიწყო. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი პერიოდი 26:23 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდი გუნდმა ჩააგდო. ამის მიზეზი გურჯაანელთა უბადლო თამაში გახლდათ როგორც შეტევაში, ისე – დაცვაში. აღნიშნული პერიოდი დელტამ 31:14 მოიგო, 14 ქულით დაწინაურდა და დარჩენილ დროში მეტოქე სათოფეზე აღარ გაიკარა.

გურჯაანელთა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ ისევე გამართული ტაქტიკით ითამაშა მეორე ნახევარში, როგორც მეორე პერიოდში. ვსა-ს მოთამაშეები ცდილობდნენ და პერიოდულად ქულების მოპოვება უადვილდებოდათ, მაგრამ შეტევაში მოპოვებულ უპირატესობას დაცვით ვერ ამაგრებდნენ და ანგარიშში დეფიციტი არ მცირდებოდა. რიკარდო ლინჩი და დანია კინგსბი სტუმართა შედეგიანობის გარანტორები იყვნენ და ამის ხარჯზე დელტამ საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა.

23 ქულით ლინჩი მატჩის ბომბარდირი გახდა. 22 ქულა დააგროვა კინგსბიმ, ხოლო გეგი ბაქრაძის ანგარიშზე 17 ქულა დაფიქსირდა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა სკაილერ პოტერი – 13 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი. ვსა-ში 22 ქულით ქსავიერ ჰილ-მეისი გამოირჩა. 19 ქულა და 10 პასი ჯერმეინ ჰედის ანგარიშზეა.

სერია გათანაბრდა და ახლა ის კახეთში გადაინაცვლებს. სერიის მე-3 და მე-4 მატჩები გურჯაანში, შესაბამისად 29 აპრილსა და 1 მაისს გაიმართება.

gbf

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow