
“რა ტიპის მენტალური გამრუდება სჭირდება იმას, რომ გადასცდე შეძახილს – “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება” და მიხვიდე იმ რეჟიმის დაცვამდე, რომელმაც მაჰსა ამინი თმის ღერის გამო მოკლა?
პალესტინის დროშების ქნევითა და ქუფიებით შემოსილები იკრიბებიან ბერლინში, ლონდონსა და ტორონტოში სლოგანებით, რომლებიც ჩვენი მკვდრებისგანაა მოპარული. “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”, მაგრამ არც ერთი ლომისა და მზის დროშა არ ჩანს. არც ირანელები ჩანან – მხოლოდ დასავლელი მემარცხენეები, არაბი ისლამისტები, იდეოლოგები და ოპორტუნისტები, რომელთაგან არც ერთი დამპალი თაღლითი არ გლოვობს ჩვენს ტკივილს.
მათ არ ანაღვლებთ ჩვენი ძმების და მამების სიკვდილით დასჯა, ჩვენი დებისა და ქალიშვილების გაუპატიურება, ჩვენი მეგობრების წამება, გაუჩინარება და მკვლელობა, ჩვენი მიწის მოწამვლა და მდინარეების დაშრობა, გლობალური ჯიჰადისთვის ჩვენი ეროვნული სიმდიდრის ძარცვა, და მთელი ერის ნელი დახრჩობა, რომელსაც წაართვეს მომავალი, ხმა და ღირსება.
არც მილიონობით ირანელი, სირიელი, იემენელი, ერაყელი, ლიბანელი და პალესტინელი, რომლებიც ისლამისტურ სიკვდილის კულტს მსხვერპლად შეეწირა.
ეს რეჟიმი, სადაც ქალებს თმის გამოჩენის გამო მჟავით უმახინჯებენ სხეულს, სადაც მოზარდებს თვალებში ესვრიან და აბრმავებენ ოცნების გაბედვის გამო – ეს არ არის მთავრობა.
ეს არის ყველაზე სასტიკი, პატრიარქალური თეოკრატია, რომელიც მესიური ფანტაზიების აპოკალიფსის ასახდენად ბირთვული იარაღის დაუფლებას ცდილობს. ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმთან და პუტინის რუსეთთან ერთად, ის რჩება დედამიწაზე ერთ-ერთ ბოლო ნამდვილი კოლონიალურ იმპერიად.
ამ ურჩხულის ადამიანის უფლებების სახელით მხარდაჭერა არის მორალის ყველაზე ამაზრზენი და უღირსი გადაგვარება, ჩვენი პათოლოგიური ეპოქის ჯოჯოხეთის ნიშანი. ვერავინ, ვინც გონებრივად საღი და მორალურად შეურყვნელია, ამ რეჟიმს ვერ შეხედავს და ვერ ჩათვლის მსხვერპლად – თუ თავად არ იზიარებს მის სიძულვილს ებრაელებისადმი, ზიზღს დასავლეთისადმი და თავისუფლებისადმი.
ამ ხალხს არ ანაღვლებთ სამართლიანობა, მათ არ ანაღვლებთ ირანელები. რაც მათ ამოძრავებს, არის ებრაელთა სიძულვილი და ისე ფანატიკურად ეჭიდებიან ამ სიძულვილს, რომ მზად არიან ჩვენი ტანჯვა წაშალონ, ჩვენი მკვდრები აბუჩად აიგდონ და მთელი ერები გაწირონ მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ თავიანთი დაავადებული იდეოლოგია – რომელიც აშენებულია შურზე, ბოროტებასა და უდანაშაულოთა სისხლზე.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ნეონაცისტები კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ეკოაქტივიზმს იმიტირებენ, სადაც ფემინისტები პატრიარქებს უჩოქებენ, პროგრესისტები თეოკრატიას იცავენ, ხოლო ლგბტ აქტივისტები იმ ისლამისტებთან ერთად მარშირებენ, რომლებიც მათ ამწეებზე სიხარულით ჩამოახრჩობდნენ.
ასე დამახინჯებულ სამყაროში, ერთადერთი ღირსეული საქციელია, რომ ამ მორალურად გამხრწნელ რამეს თავისი სახელი დავარქვათ.
მათი სიძულვილი – ჩვენი ღირსების ნიშანია. მოდით, ეს ღირსება დავიმსახუროთ” – ამბობს ირანელი პროდიუსერი, მარალ სალმასი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში