რაგბის კავშირის საერთო კრებამ პრეზიდენტი და გამგეობის წევრები აირჩია

რაგბის კავშირის საერთო კრებამ პრეზიდენტი და გამგეობის წევრები აირჩია

აპრ. 27, 2025 - 04:27
 0
რაგბის კავშირის საერთო კრებამ პრეზიდენტი და გამგეობის წევრები აირჩია
საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრებამ რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები აირჩია. ყრილობა 2025 წლის 26 აპრილს სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi-ში გაიმართა და ხმათა უმრავლესობით, მომავალი 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს.

არჩევნების დაწყებამდე დამსწრეებს გასული 4-წლის მიღწევები და სამოქმედო პროგრამა გააცნეს. ამ პერიოდში ქართულ რაგბს ყველა მიმართულებით არნახული წარმატება ქონდა: ბორჯღალოსნებმა ტიერ1-ის ქვეყნებთან 3 გამარჯვება მოიპოვეს; შეიქმნა პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, რომელმაც 4-ჯერ მოიგო რაგბი ევროპის სუპერ თასი და ჩაერთო ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ტურნირ ჩელენჯ თასში, სადაც საფრანგეთის, ინგლისის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის უძლიერესი გუნდები თამაშობენ; 20-წლამდე და 18-წლამდე ნაკრებებმა უკანასკნელ წლებში მიიღეს მაღალი დონის ტესტ-მატჩები, ასევე 18-წლამდელები ჩაერთვნენ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში; 7-ქალამ ისტორიაში პირველად მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური; ასევე ისტორიაში პირველად შეიქმნა 15-ქალა ნაკრები; 7-კაცა ნაკრები რეგულარულად ახერხებს მსოფლიოს ჩელენჯერის სერიებში თამაშს.

დავით კაჭარავამ იმ მიზნებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, რასაც საკუთარ თავს და გუნდს მომავალი 4 წლის განმავლობაში უსახავს. ესენია: 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებების გასვლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე; 20-წლამდელთა ექვს ერში ჩართვა; 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა; ‘შავი ლომის’ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში (ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის გუნდებთან ერთად) ჩართვა; კაცთა ექვს ერში ჩართვა. განვლილი 4 წლის მსგავსად, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება რაგბში ჩართული ბავშვების რაოდენობის გაზრდა; საფესტივალო რაგბის დონის ამაღლება; ინფრასტრუქტურული პროექტები თბისლისსა და რეგიონებში; საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლება.

პროგრამის გაცნობის შემდეგ გაიმართა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები და 57 ხმით (58-იდან), აღნიშნულ თანამდებობაზე დავით კაჭარავა აირჩა, რომელიც გასული 4 წლის განვალობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

შემდეგი საკითხი გამგეობის წევრების დამტკიცება იყო. რაგბის კავშირის არჩეულმა პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ, რეგლამენტის თანახმად, გამგეობის წევრობის 5 კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან: გიორგი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, კაკი დავითულიანი, მამუკა გორგოძე და გიორგი გორგასლიძე. საერთო კრებამ ისინი ერთხმად დაამტკიცა.

7 კანდიდატი წარადგინეს ნამდვილმა წევრებმა (კლუბებმა), საიდანაც გამგეობის წევრად კენჭისყრით 5 შეირჩა. ესენი არიან: დავით კაკაბაძე, ნუგზარ მალაღურაძე, გრიგოლ ჯიქია, გიორგი სოსელია და თეიმურაზ გაფრინდაშვილი. აჭარის კვოტით გამგეობის წევრად რამაზ ბარამიძე დამტკიცდა.

რაგბის კავშირის გამგეობის კიდევ ორ ვაკანტურ ადგილს პრეზიდენტი - დავით კაჭარავა და აღმასრულებელი დირექტორი დაიკავებს, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

- ვკითხულობთ რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow