რომის პაპი დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლებას ითხოვს
რომის პაპმა ლეო XIV-მ დღეს, 12 მაისს, მედიისადმი თავის პირველ მიმართვაში, ჟურნალისტებს მოუწოდა, ყურადღება სიმართლის გაშუქებაზე გაამახვილონ. გარდა ამისა, მან მოითხოვა იმ ჟურნალისტების გათავისუფლება, რომლებიც პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო დააპატიმრეს. პაპის განცხადებით, დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა ეჭვქვეშ აყენებს ერებისა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს. “მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით – იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, როგორ ვუსმენთ მათ […]


რომის პაპმა ლეო XIV-მ დღეს, 12 მაისს, მედიისადმი თავის პირველ მიმართვაში, ჟურნალისტებს მოუწოდა, ყურადღება სიმართლის გაშუქებაზე გაამახვილონ. გარდა ამისა, მან მოითხოვა იმ ჟურნალისტების გათავისუფლება, რომლებიც პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო დააპატიმრეს.
პაპის განცხადებით, დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა ეჭვქვეშ აყენებს ერებისა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს.
“მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით – იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, როგორ ვუსმენთ მათ და როგორ ვსაუბრობთ მათზე. ამ კუთხით, კომუნიკაციის ფორმა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია: უნდა უარვყოთ ომის პარადიგმა.
მინდა, დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან ჭეშმარიტების გავრცელების მცდელობის გამო, და ამ სიტყვებით ვითხოვ მათ გათავისუფლებასაც. ეკლესია აღიარებს იმ სიმამაცეს, რომელიც ღირსების, სამართლიანობისა და ადამიანების უფლებების დაცვას უკავშირდება, რადგან მხოლოდ ინფორმირებული ადამიანები არიან თავისუფალი არჩევანში. ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა ეჭვქვეშ აყენებს ერებისა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს”, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, როგორც რომის პაპმა აღნიშნა, არსებული აწმყო მოითხოვს, რომ თითოეულმა ადამიანმა, საკუთარი როლისა და საქმის შესაბამისად, არასდროს დაკარგოს ხარისხი. მისი თქმით, დროის გამოწვევებს როგორც კომუნიკაციის სფერომ, ისე ეკლესიამ უნდა უპასუხოს.
პაპმა, ასევე, განაცხადა, რომ ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად იზრდება ადამიანის როლი, გაფილტროს ინფორმაცია და ეს იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის სასიკეთო იყოს და არა საფრთხისშემცველი.
“გმადლობთ, რომ სცადეთ გასცდეთ სტერეოტიპებსა და კლიშეებს, რომლითაც ხშირად აღვწერთ ქრისტიანულ ცხოვრებას და თავად ეკლესიის ცხოვრებას. გმადლობთ, რომ დაინახეთ ის, ვინც ვართ ჩვენ, და ეს გაუზიარეთ მთელ სამყაროს ყველა შესაძლო მედიაფორმატით.
ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, კომუნიკაციის მისია კიდევ უფრო აქტუალური ხდება. განსაკუთრებით ვფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც სჭირდება გარჩევა, რათა ის კაცობრიობის სასიკეთოდ იქნას გამოყენებული და ყველას წაადგეს.
თქვენ წინა ხაზზე დგახართ იმ ამბების გაშუქებისას, რომლებიც ეხება კონფლიქტებსა და მშვიდობის მოლოდინს, უსამართლობასა და სიღარიბეს. სწორედ ამიტომ გთხოვთ, გაბედულად და შეგნებულად აირჩიოთ კომუნიკაციის გზა მშვიდობის სასარგებლოდ”, – თქვა პაპმა მიმართვისას.
What's Your Reaction?






