რუსთავი საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!

რუსთავი საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ივნ. 17, 2025 - 02:56
 0
რუსთავი საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
რუსთავის საკალათბურთო კლუბის ტრიუმფით დასრულდა 18-წლამდელთა ჩემპიონატი. ოთარ ხმელიძისა და ირაკლი მებურიშვილის გაწვრთნილი ქვემოქართლური გუნდი საქართველოს ჩემპიონია, რომელმაც ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს ფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი 85:79 (სტატისტიკა) მოუგო და ტიტული შეინარჩუნა. რუსთაველებმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული შარშანაც მოიგეს, როცა ფინალური სერია ჰიუნდაის 2:0 მოუგეს, წლეულს კი ამ გუნდს ნახევარფინალში სძლიეს, საჩემპიონო დაპირისპირება კი ფავორიტად მიჩნეულ ზფა-სთან ჰქონდათ.

რუსთავმა ფინალური სერია 0:1 ჩამორჩენის შემდეგ მოიგო. თბილისში უშანსოდ წაგების შემდეგ ქვემოქართლელებმა შინ დიდი ბრძოლა გადაიტანეს, როცა ზაზას აკადემიას დაძაბულ ბრძოლაში – 86:83 სძლიეს. საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომლის გამარჯვებულიც ჩემპიონი ხდებოდა და რომელიც თბილისი არენაზე დღეს გაიმართა.

ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი ქომაგი ჰყავდა. რუსთავიდან ჩამოსულები საკუთარ გუნდს გულშემატკივრობდნენ, თუმცა ზაზას აკადემიელები სჭარბობდნენ, რაც თითოეული ჩაგდებულ ბურთზე ომახიანი რეაქციის სიმძლავრით განისაზღვრებოდა. ზფა რომ აგდებდა, მეტი ხმაური იყო, თუმცა ეს რუსთაველებზე არ მოქმედებდა და სტუმრებმა მცირე, თუმცა სტაბილური ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს.

კომბინაციური თამაში კარგია, თუმცა როცა 1 მატჩია მოსაგები, იქ უფრო მეტად ინდივიდუალიზმი და ხასიათი ჭრის. სწორედ ხასიათის სიმტკიცისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დაამარცხა რუსთავმა ზფა და ჩემპიონი გახდა. დათა ვაშაკიძე, რომელიც მოგვიანებით სეზონის MVP-ის ტიტულით დაჯილდოვდა, რუსთავს ულიდერა. ვაშაკიძემ საბოლოოდ 28 ქულა მიითვალა, თუმცა მასზე სარგებლიანი (საერთო სტატისტიკით) ლუკა ტაბაღუა გახლდათ, რომელმაც რუსთაველთა ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო და აი, რატომ:

რეგულარულ ჩემპიონატში რუსთავმა 26 მატჩიდან 20 მოიგო და მე-3 ადგილი დაიკავა. ზაზა ფაჩულიას აკადემია კი პირველი იყო, რომელმაც 26-დან მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. ამ შედეგებით პლეი ოფის აშკარა ფავორიტი ზფა გახლდათ, თუმცა რუსთავს პლეი ოფიდან ლუკა ტაბაღუა დაემატა, რომელმაც ამ სეზონის სუპერლიგაში ამრას შემადგენლობაში 14 მატჩი გამართა და თითოეულში საშუალოდ 15:37 წუთს თამაშობდა. ტაბაღუას დამატების შემდეგ რუსთავმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა მეოთხედფინალი და ნახევარფინალში ჰიუნდაის (23 მოგება, 3 მარცხი) ორივე მატჩი ჯამში 31 ქულით მოუგო. ფინალში მომხდარ ამბებზე უკვე ვთქვით და შეიძლება ითქვას, რუსთაველთა დომინაცია გუნდურ თამაშთან ერთად ბურთის გასათამაშებლად ტაბაღუასთვის გადაცემამ განაპირობა.

საჩემპიონო მატჩში ტაბაღუამ 24 ქულა, 8 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. არანაკლებ გამრჯედ გაისარჯა გიორგი გოგოლაძე – 17 ქულა, 19 მოხსნა. 10 ქულით დაასრულა შეხვედრა მათე რეხვიაშვილმა. ზაზას აკადემიაში 26 ქულით და 8 მოხსნით ეროვნული ნაკრების კანდიდატი, მათე ყავლაშვილი გამოირჩა. 17 ქულა და 19 მოხსნა ჰქონდა გიორგი ცაგარეიშვილს.

ფინალური სირენისა და რუსთაველთა საჩემპიონო ორომტრიალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაპირველად ვერცხლის მედლები ზაზას აკადემიის წევრებს გადაეცათ, შემდეგ ოქროს მედლები – რუსთაველებს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ რუსთაველთა კაპიტანი დათა ვაშაკიძე დასახელდა, რომელსაც პრიზი ეროვნული ნაკრების წევრმა, კახა ჯინჭარაძემ გადასცა. ვაშაკიძემ ჩაიბარა საჩემპიონო თასიც, რომელიც რუსთაველთა კაპიტანს ძირძველმა რუსთაველმა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ანატოლი ბოისამ გადასცა.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow