საქართველოს U18 ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 6 სპარინგ-მატჩს ჩაატარებს

საქართველოს U18 ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 6 სპარინგ-მატჩს ჩაატარებს

ივლ. 10, 2025 - 22:57
 0
საქართველოს U18 ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 6 სპარინგ-მატჩს ჩაატარებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამბროლაურში გამართული ნაყოფიერი შეკრების შემდეგ, ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რაც საკმარისი იქნება მწვრთნელებისთვის, როგორც საბოლოო შემადგენლობის შესარჩევად, ისე – ჩვენი გუნდისთვის ოპტიმალური სათამაშო ტაქტიკის შესარჩევად და, ცხადია, გამოცდილების მისაღებად.

18-წლამდელთა ნაკრებში ის თაობა თამაშობს, რომელმაც 2 წლის წინ, რუმინეთში გამართულ B დივიზიონში იყოჩაღა – A დივიზიონში გადავიდა და მათმა ნაწილმა, მომდევნო, ანუ გასულ წელს ქვედა ასაკიდან ამოსულ მოთამაშეებთან ერთად ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. წლეულს ეს ბიჭები თითქმის სრულად 18-წლამდელებში ასპარეზობენ და ევროპის B დივიზიონში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

რა იქნება ევროპაზე, ამას 25 ივლისიდან, რუმინეთში განვითარებული მოვლენებიდან შევიყტობთ. ქალაქი პიტეშტი 25 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით კონტინენტის მეორე ეშელონის ნაკრებებს B დივიზიონში უმასპინძლებს. ტურნირში მთლიანობაში 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდება. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნიკა ცინცაძე წვრთნის და მას ასისტენტობას საბა ჯაყელი და ლევან ტყეშელაშვილი უწევენ, B ჯგუფშია დანიასთან, უკრაინასთან, პორტუგალიასთან, აზერბაიჯანთან და მასპინძელ რუმინეთთან ერთად. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას ტურნირის საპრიზო ადგილებისთვის გააგრძელებს, რადგან სწორედ 3 საუკეთესოს ერგება A დივიზიონის საგზური.

ჩვენი ნაკრები ლატვიაში 16 მოთამაშით გაემგზავრა, რომელთაგან საბოლოოდ, ევრობასკეტისთვის, 12 უნდა დარჩეს.

გიორგი ნიკოლაევი, თენგო ენუქაშვილი, დავით შელია, გიორგი ჭირაქაძე, გიორგი დოხნაძე, ლუკა ტაბაღუა, ნიკა სანაძე, დავით ჭუაძე, სანდრო კვერნაძე, გერა ჭეიშვილი, რევაზ თავართქილაძე, მათე ხატიაშვილი, მათე ყავლაშვილი, ილია სულაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ავთანდილ ბახტაძე.

11-13 ივლისს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რიგაში დაგეგმილ ბალტიის თასზე იასპარეზებს, რომელშიც საქართველოსთან ერთად ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ითამაშებენ. საერთაშორისო, ამხანაგური ტურნირის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრები ლატვიაში დარჩება და საწვრთნელ შეკრებას ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც 15 და 16 ივლისს უკრაინას ესპარინგება, ხოლო 19-ში – ესტონეთს კიდევ ერთხელ გაეჯიბრება.

ამით საქართველოს ნაკრები შეკრების უცხოურ ნაწილს დაასრულებს და 20 ივლისს თბილისში დაბრუნდება, საიდანაც, 23 ივლისს, რუმინეთში, ევროპის B დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრება.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow