"ტურნირის წინ რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ამიტომ.." - რამაზ სვანაძე ევროდან გამოთიშვაზე
"ტურნირის წინ რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ამიტომ.." - რამაზ სვანაძე ევროდან გამოთიშვაზე

მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მარცხისა, მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა:
"მადლობას ვუხდი გულშემატკივარსა და მედიას იმ განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რომელიც ჩვენ ვიგრძენით მთელი ტურნირის განმავლობაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალშიც გავხდეთ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები და ქართველ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ მივცეთ სიამაყის შესაძლებლობა."
სვანაძემ აღნიშნა, რომ პორტუგალიის ნაკრები მაღალი დონის გუნდია და კაცნაკლულად მათთან დაპირისპირება განსაკუთრებით რთულია:
"წითელმა ბარათმა თამაშის სცენარი მნიშვნელოვნად შეცვალა. ასეთ ძლიერ ნაკრებთან თამაშისას სრულ შემადგენლობაშიც კი რთულია წარმატების მიღწევა, თუმცა კაცნაკლულად კიდევ უფრო დაუნდობელი აღმოჩნდა მატჩის ტემპი. პორტუგალიას წარმატებებს ვუსურვებ დარჩენილ ეტაპებზე – ნამდვილად ერთ-ერთი ფავორიტია ამ ჩემპიონატზე."
მიუხედავად ტურნირის ჯგუფური ეტაპზე დასრულებისა, სვანაძემ საქართველოს ნაკრების გამოსვლა მაინც დადებითად შეაფასა:
"მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით – ისტორიაში მხოლოდ მეორედ. თანაც, ბოლო ტურში ჯერ კიდევ რეალური შანსი გვქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლის. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქართული ახალგაზრდული ფეხბურთი პროგრესის გზაზეა და იმსახურებს საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურ მონაწილეობას."
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც გუნდს ტურნირის წინ და მიმდინარეობისას ჰქონდა:
"ვერ ვიტყვი, რომ ამ ჩემპიონატზე ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტურნირამდე გამოგვაკლდა. ასევე, არის მოთამაშეები, რომლებსაც საკლუბო დონეზე სათამაშო პრაქტიკა აკლიათ — ეს აუცილებლად გამოსასწორებელია, თუ გვინდა, რომ ეროვნული ნაკრებისთვის სრულფასოვანი რესურსი გვქონდეს."
სვანაძის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კონკურენტუნარიანია ევროპის მასშტაბით, თუმცა მის მომავალ განვითარებაზე უნდა იმუშაონ როგორც ფეხბურთელებმა, ისე კლუბებმა და ფედერაციამ.
What's Your Reaction?






