"წიქარას" სახით ქართული რაგბის საკლუბო ელიტას ახალი ბინადარი ყავს
"წიქარას" სახით ქართული რაგბის საკლუბო ელიტას ახალი ბინადარი ყავს

აღსანიშნავია, რომ ‘წიქარა’ დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც რეგიონული ლიგიდან ელიტამდე აღზევება 2 სეზონში, ყოველგვარი „შესვენების“ გარეშე მოახერხა. ასევე საგულისხმოა, რომ დიდი 10-ის მონაწილეთა შორის, 2010 წელს დაარსებული‘წიქარა’ ყველაზე ახალბედა კოლექტივი იქნება.
‘წიქარამ’ პირველი ლიგის 2024/25 წლების რეგულარულ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა, რის შემდგომ პლეი ოფში მიჯრით 3 შეხვედრა მოიგო (‘ლოკომოტივი’, ‘რუსთავი’, ‘ვეფხვები’) და ხელი მხოლოდ ლიგის დიდ ფინალში, ‘გორთან’ დაძაბულ ბრძოლაში მოეცარა.
ქართული რაგბის ამაგდარი ვეტერანების: ნიკოლოზ წიქარიძისა და სულკურთხეულ მალხაზ მაღლაფერიძის („ბოცმანა“) თაოსნობით ‘წიქარამ’ ფუნქციონირება 15 წლის წინ დაიწყო. ხსენებულმა დუეტმა, საკუთარი სტადიონის უქონლობის მიუხედავად მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსი, რომელსაც გუნდი რაგბის კავშირის გარდა, ვეტერანი მორაგბეების, ამჟამად კი ბიზნესმენების გრიგოლ ჯიქიასა და პაატა გურგენიძისგან ღებულობს.
ნიკოლოზ წიქარიძე ამჟამად გუნდის პრეზიდენტის პოსტს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ‘წიქარას’ რაგბის სკოლამ ქვეყნის მთავარ გუნდს „შავი ლომის“ მარბიელი კაპიტანი ლუკა ივანიშვილი და კვაჭი ლუკა ნიორაძე აღუზარდა. ‘წიქარას’ რაგბის სკოლა ამჟამად საფესტივალო ასაკში 4 გუნდითაა წარმოდგენილი და ორივე ასაკის ჭაბუკთა ლიგებშიც (‘ა’ და ‘ბ’) ასპარეზობს. ნიკოლოზ წიქარიძე იმედოვნებს, რომ მუხლჩაუხრელი შრომითა და რაგბის განვითარების სწორი გეზით ბორჯღალოსანის კვართი სამომავლოდ ‘წიქარას’ კიდევ არაერთმა მოთამაშემ უნდა მოირგოს.
‘წიქარას’ უფროსთა გუნდს 2024/25 წლების სეზონში ბექა სხულუხიამ უთავკაცა, ვინაც თამაშის საკუთარი ხელწერა დიდი-10-ის მომავალ ბინადარს უფროსი მწვრთნელის პოსტზე, თავის სადებიუტო სეზონშივე დაატყო. ასევე აღსანიშნავია ხაზის მწვრთნელ ლაშა ცომაიას, შერკინების მწვრთნელ თორნიკე მანთიძისა და ფიზ. მომზადების სპეციალისტის გიორგი ყველაშვილის ნაყოფიერი გარჯა. ‘წიქარა’ პირველი ლიგაში მეთოდურად პროგრესირებდა, თამაშის ხარისხს მკვეთრად აუმჯობესებდა და დახვეწილი სათამაშო სტილის მქონე გუნდმა სპორტული ფორმის პიკს პირველობის გადამწყვეტ სტადიაზე, პლეი ოფში მიაღწია. ‘წიქარა’ საშინაო შეხვედრებს „ავჭალა არენაზე“ მართავს, სავარჯიშოდ კი ‘ლოკომოტივის’ საწვრთნელ ბაზას იყენებს.
დიდ-10-ში ადგილის შენარჩუნებასთან ერთად, ნიკოლოზ წიქარიძის ძირითად ამოცანას გუნდის საკუთარი კადრებით შევსება წარმოადგენს და თან გუნდის პრეზიდენტი სამომავლოდ ‘წიქარასთვის’ საკუთარი ინფრასტრუქტურის ქონის იმედსაც არ კარგავს.
rugby.ge
What's Your Reaction?






