"ხვალინდელი მატჩის შედეგის მიუხედავად, ეს გუნდი უკვე ისტორიაშია" - რამაზ სვანაძე

"ხვალინდელი მატჩის შედეგის მიუხედავად, ეს გუნდი უკვე ისტორიაშია" - რამაზ სვანაძე

ივნ. 16, 2025 - 22:27
 0
"ხვალინდელი მატჩის შედეგის მიუხედავად, ეს გუნდი უკვე ისტორიაშია" - რამაზ სვანაძე
ხვალ, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს პორტუგალიის ძლიერ ნაკრებთან. მატჩის წინ, მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მედიასთან გამოვიდა და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მისი გუნდი უკვე დიდ წარმატებას მიაღწია.

"ხვალინდელი მატჩი რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს ნაკრები შედგა. ეს არის გუნდი, რომელმაც დაამტკიცა თავისი ღირსება როგორც სპორტულ, ისე ადამიანურ დონეზე. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასაკობრივი ნაკრებია, რომელიც საქართველოს ოდესმე ჰყოლია — თავისი შედეგებით, თამაშის სტილითა და მენტალიტეტით" — განაცხადა სვანაძემ.

სვანაძის გუნდი უკვე გაიფორმა ისტორიული გამარჯვება პოლონეთთან და ღირსეულად დაუპირისპირდა ევროპის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთს, რომელთანაც მხოლოდ დამატებულ დროში დამარცხდა. ახლა კი საქართველოს აქვს შანსი, ჯგუფური ეტაპის დაძლევით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გადადგას.

"ხვალინდელ მატჩს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მორიგი ისტორია დავწეროთ. ეს ბიჭები ამას იმსახურებენ — მათ 2.5 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს და ყველა შეხვედრაში მაღალი დონის კონცენტრაცია და ერთგულება აჩვენეს. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ პორტუგალია უმაღლესი კლასის მეტოქეა, მაგრამ ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ გაბედულად შეგვიძლია თამაშიც და მოგებაც" — დასძინა სვანაძემ.

ისევე როგორც წინა მატჩებში, სვანაძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ საბაზისო ფასეულობებზე, რაც ამ ნაკრებს აერთიანებს — ბრძოლა, შემართება, თანადგომა და დაუღალავი შრომა.

"აქედანვე მინდა მივმართო ჩემს ფეხბურთელებს: რა შედეგიც არ უნდა დადგეს ხვალ, მოედანზე აუცილებლად უნდა დავინახო ბრძოლა და იგივე შემართება, რაც ამ 2.5 წელიწადში გვქონდა. სწორედ ამ ღირებულებებზე ავაწყვეთ ჩვენი გუნდი. დანარჩენს — თამაში გვაჩვენებს" — აღნიშნა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის სხვა შეხვედრაში საფრანგეთი დაუპირისპირდება პოლონეთს. საქართველოსთვის პორტუგალიის დამარცხება ფაქტობრივად, საგზურს ნიშნავს მეოთხედფინალში — რაც ქართული ახალგაზრდული ფეხბურთისთვის უპრეცედენტო წარმატება იქნებოდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow