18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყო | რუსთავის და ზფა-ს გამარჯვებები
18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყო | რუსთავის და ზფა-ს გამარჯვებები

თბილისში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემია და ვინგსი შეხვდნენ. ზფა-მ რეგულარული მოიგო, ხოლო ვინგსმა პლეი ოფში გამსვლელი ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა. მატჩის შედეგიც შესაბამისი გახლდათ. ზაზას აკადემიამ 79:67 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა გუნდმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა. ვინგსი ბოლომდე იბრძოდა, თითქმის მთელი 3 პერიოდი მეტოქეს ტოლს არ უდებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში გატყდა. გიორგი ცაგარეიშვილმა შესანიშნავად ითამაშა. მან ზფა-ს 25 ქულა და 15 მოხსნა შესძინა. 13 ქულა გიორგი მუშკუდიანის ანგარიშზეა. 12-12 ქულა მათე ყავლაშვილმა და გიორგი ქარდავამ მიითვალეს. ვინგსის შემადგენლობაში 32 ქულით გიორგი ნიკოლაევი გამოირჩა, მაგრამ მისმა გარჯამ საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ იქონია.
ამ წყვილში სერიის მეორე მატჩი 28 მაისს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ზფა ნახევარფინალში გავა, თუ არადა, სერიაში მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნება.
მეორე მატჩი რუსთავში ჩატარდა, სადაც რეგულარულში მე-3-ზე გასულმა რუსთავმა თბილისი ბასკეტს უმასპინძლა. ეს შეხვედრა ვერ გამოდგა საინტერესო. ქვემოქართლელებმა სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს. რუსთავმა პირველი პერიოდი 39:16 მოიგო და დარჩენილ 30 წუთში მეტოქე ახლოს არ გაიკარა.
საბოლოოდ რუსთაველებმა 126:79 (სტატისტიკა) იმარჯვეს და ნახევარფინალს მიუახლოვდნენ. ქვემოქართლელებმა გუნდურად ითამაშეს. ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი (19) მათე რეხვიაშვილმა მიითვალა. საუკეთესო შედეგი ლუკა ტაბაღუას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 6 ჩაჭრა დააგროვა. თბილისი ბასკეტში საუკეთესო მიხეილ ჯაფარიძე გახლდათ, რომელმაც 23 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
სერიის მეორე მატჩი ამ წყვილშიც 28 მაისს, თბილისში გაიმართება. 24 მაისს სერიები დარჩენილ 2 წყვილშიც დაიწყება: ჰიუნდაი აკადემიას შეხვდება, ხოლო ორბი ქუთაისს უმასპინძლებს.
gbf.ge
What's Your Reaction?






