2 ტურით ადრე - "ბარსელონამ" ლა ლიგა ისტორიაში ოცდამერვედ მოიგო
2 ტურით ადრე - "ბარსელონამ" ლა ლიგა ისტორიაში 28-ედ მოიგო

შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ჰანსი ფლიკის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში 53-ე წუთზე ლამინ იამალმა გახსნა — ახალგაზრდა ვარსკვლავმა მარჯვენა ფლანგიდან ეფექტური იერიში წამოიწყო, მოედნის ცენტრისკენ შეიჭრა და მარცხენა ფეხით ბრწყინვალე დარტყმით გოლი გაიტანა.
მე-80 წუთზე "ესპანიოლის" მცველმა, ლეანდრო კაბრერამ, იამალის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც მასპინძლები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. საბოლოო ანგარიში მე-90+6-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა დააფიქსირა — 2:0 „ბარსელონას“ გამარჯვებით.
ამ შედეგით „ბარსელონამ“ ქულათა რაოდენობა 85-მდე აიყვანა და უშუალო მდევარს, მადრიდის „რეალს“, 7 ქულით გაუსწრო, რაც სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლა ლიგის ტიტულის მოპოვებას ნიშნავს.
შესაბამისად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჩემპიონები 2022/23 წლების სეზონის შემდეგ პირველად გახდნენ.
სეზონის ბოლო ორ ტურში "ბარსელონა" ჯერ შინ "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ეს "ბლაუგრანას" 28-ე ჩემპიონობაა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში.
What's Your Reaction?






