20-წლამდელები | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 48 საათით ადრე, პირველი მატჩის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა

ივნ. 28, 2025 - 00:27
 0
20-წლამდელები | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 48 საათით ადრე, პირველი მატჩის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

29 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე ლადო კილასონიას შეგირდები ირლანდიელ თანატოლებს, იტალიის ქალაქ კალვიზანოში, „სტადიო სან მიხელიზე“ შეერკინებიან.

23-კაციან განაცხადში 10 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშეს. მათგან 9 სასტარტო შემადგენლობაშია - ლუკა თაყაიშვილი, ტარიელ ბურთიკაშვილი, ნუგზარ ქევხიშვილი, ლუკა კეშელავა, გიორგი სპანდერაშვილი, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ხახუბია, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი, ხოლო შოთა ხელაძე მარქაფაშია.

განაცხადში 5 ისეთი მოთამაშეა (2006 წელს დაბადებული), რომლებსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაში გაისადაც უწევთ - გიგი სირბილაძე, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი, არჩილ ნოზაძე და თემურ ძოძუაშვილი, სამ მოთამაშეს (2007 წელს დაბადებული) კი კიდევ ორჯერ ეკუთვნის აღნიშნულ ტურნირში თამაში - დათა ახვლედიანი, ნიკოლოზ ჩხორთოლია და დავით ბარამია.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ირლანდიასთან მარქაფაში 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გვეყოლება.

იტალიაში ჩასვლის შემდეგ, გუშინ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ერთობლივი ვარჯიში გამართეს ავსტრალიასთან, რითაც მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია კმაყოფილი დარჩა:

„ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. კარგი იყო ისიც, რომ ავსტრალია სხვა ქალაქშია და 1 საათი გზაში მოგვიწია ყოფნა, რადგან ასე იქნება ირლანდიასთან თამაშის წინაც. იტალიაში ძალიან ცხელა და ამასთან შეგუება გვიჭირს, რადგან საქართველოში მაის-ივნისში უჩვეულოდ გრილი ამინდები იყო. ავსტრალიასთან მოკლე ვარჯიში გვქონდა, როგორც გაყოფილად (ხაზი და შერკინება), ასევე გუნდურად. ვფიქრობთ, რომ თამაშისთვის მზად ვართ. გიორგი ხაინდრავას, დავით ლაგვილავას და ლეონიდე სალდაძის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ გუნდი შეკრულია, გავლილი გვაქვს როგორც ჩვენი, ასევე მეტოქის თამაშების ანალიზი და ველოდებით 29 ივნისს“.

ირლანდიამ წელს 20-წლამდელთა ექვს ერზე ბოლო ადგილი დაიკავა და კილასონია ფიქრობს, რომ ასეთი ჩავარდნის ფონზე, მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება:

„როდესაც ირლანდიასთან და მის მსგავს გუნდებთან გაქვს საქმე, ეს ყოველთვის სახიფათო რამაა. 2023 წლის ექვს ერზე უელსმაც ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში სულ სხვა სახით წარსდგა. ამ დონის გუნდები მსგავსი ჩავარდნის შემდეგ ძალიან ბევრს მუშაობენ. ირლანდიის პლიუსი ისიცაა, რომ წელს უკვე 9 თამაში აქვს ჩატარებული - ორი ექვს ერამდე, 5 ექვს ერზე და ორიც იტალიაში გამგზავრებამდე. ირლანდიის ნაკრები ყოველთვის მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ექვს ერზე დაკავებულმა ადგილმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს“ - ამბობს მთავარი მწვრთნელი და განაგრძობს:

„რაც შეეხება 23-კაციან სათამაშო შემადგენლობას, დიდი ხნის წინ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ მარქაფაში 6 მორკინალი გვეყოლებოდა. გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ ნიკა აბესაძეს თამაში ხაზშიც შეუძლია და შერკინებაშიც. ასე ვარჯიშობდა ის საქართველოში და ასე ივარჯიშა ავსტრალიასთანაც. ასე რომ ამ შემთხვევაში 6|2 ითვალისწინებს 5|3 სცენარსაც“.

„საქართველოს რაგბის კავშირის დამსახურებით, ბოლო ორი წელია 18-წლამდელები წლის განმავლობაში რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ტურნირს თამაშობენ და ეს უზრუნველყოფს მოთამაშეების მალე დაღვინებას. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ წელს მრავლად გვყავს 1 და 2 წლით უმცროსი მოთამაშეები. ისინი წელს უკვე აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც 20-წლამდელთა ჩემპიონატს ჭირდება“.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი. პირველი ტური

კალვიზანო (იტალია). „სტადიო სან მიხელი“. 20:00 (საქ. დრო)

საქართველო - ირლანდია

საქართველო


ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow