
„თავისუფლების მოედნის“ წევრი და „თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებლი დავით ჯინჭარაძე ბიზნესებს მიმართავს, რომ პროტესტის მხარდასაჭერად დონაცია გააკეთონ. მისი თქმით, ბიზნესისთვის ყველაზე მარტივი, ეფექტური და ანონიმური მხარდაჭერის საშუალება სწორედ ფონდებში დონაცია.
„მივმართავ ბიზნესებს, მეგობრებო, ვიცი რომ ხშირად ,,ქართულ ოცნებასთან” ღია დაპირისპირება სარისკოა ბიზნესისთვის – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი პირადი მოგების გარდა, საუბარია ადამიანების სამსახურებზე, თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე და სტაბილურობაზე, რომელსაც შეჩვეულები ხართ.
ვიცი, რომ ყველა ბიზნესი არ ემორჩილება უპირობოდ ,,ქართულ ოცნებას“ და მართლა არ სჯერა პროპაგანდის, რასაც ,,იმედში” ვისმენთ (ვისაც სჯერა, მას ვერ მივმართავ როგორც პოლიტიკური აქტორი — შემიძლია მივმართო, მხოლოდ როგორც თერაპევტმა).
ასაკის მიუხედავად, მეც მიმუშავია კერძო სექტორში, ამერიკულ და ბრიტანულ კომპანიებში და ვიცი, რომ ქვეყნის მიუხედავად, ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატორი აქტორია — სანამ არ იგრძნობს ცვლილებების ქარს, ვერ გარისკავს მოქმედებას.
ეს გასაგებიცაა — „ქართული ოცნების“ პირობებში ნამდვილად არ არის ბიზნესი თავისუფალი. არადა, შესაძლებელია რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი ნამდვილად გათავისუფლდეს. კოალიციურ ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობით იქნებიან პარტიები, რომლებიც ბიზნესის ნამდვილ თავისუფლებას ემხრობიან.
ახალი ხელისუფლების პირობებში არ გექნებათ რისკი, რომ სანქციები თქვენზეც გავრცელდება. გამარტივდება ბევრი რამ — საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებით ახალი ბაზრები გაიხსნება, ქვეყნის SEPA-ში გაერთიანება კი ევროს გადარიცხვებს ბევრად გაამარტივებს.
უფრო თავისუფალ, ევროპულ, კონკურენტულ ეკონომიკას მხოლოდ „ქართული ოცნება“ უდგას წინ. თუ გინდათ მეტი დოვლათი, ქოცნების წინააღმდეგ მებრძოლებს უნდა დაუჭიროთ მხარი – თუნდაც ანონიმურად.
ბიზნესისთვის ყველაზე მარტივი, ეფექტური და ანონიმური მხარდაჭერის საშუალება არის ფონდებში დონაცია. თუ თქვენ არ გააქტიურდებით, მოქალაქეები დიდი ხანი ვერ გააგრძელებენ ჯარიმების დაფინანსებას – უნდა დაგვეხმაროთ“, – წერს ჯინჭარაძე.