„თუ ადრე საშუალო კომპანიები თვის ჭრილში სარეკლამო ბიუჯეტად 3500 დოლარს განიხილავდნენ, ახლა მინიმუმ 8000 დოლარი უნდა დახარჯონ“ – ვერა თოხაძე
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მარკეტინგული ბაზარი ძალიან შეიცვალა. მაღალი კონკურენციის პირობებში კრეატიული სააგენტოები ცდილობენ ბიზნესებს განსხვავებული და გამორჩეული კონტენტის შექმნა შესთავაზონ. კონკურენცია მზარდია თავად ბიზნეს სუბიექტებს შორის და ისინი ცდილობენ ისეთი სააგენტო შეარჩიონ, რომელიც მომხმარებლამდე მათ სათქმელს მარტივად და გასაგებად მიიტანს და მათ გაყიდვებსა და ცნობადობას გაზრდის. დღეს სოციალური ქსელები სარეკლამო ინდუსტრიისთვის მთავარ საკომუნიკაციო არხად ჩამოყალიბდა. […]


ბოლო ათწლეულის განმავლობაში მარკეტინგული ბაზარი ძალიან შეიცვალა. მაღალი კონკურენციის პირობებში კრეატიული სააგენტოები ცდილობენ ბიზნესებს განსხვავებული და გამორჩეული კონტენტის შექმნა შესთავაზონ. კონკურენცია მზარდია თავად ბიზნეს სუბიექტებს შორის და ისინი ცდილობენ ისეთი სააგენტო შეარჩიონ, რომელიც მომხმარებლამდე მათ სათქმელს მარტივად და გასაგებად მიიტანს და მათ გაყიდვებსა და ცნობადობას გაზრდის. დღეს სოციალური ქსელები სარეკლამო ინდუსტრიისთვის მთავარ საკომუნიკაციო არხად ჩამოყალიბდა. რეკლამის განთავსების მსურველთა რაოდენობის ზრდამ კი სოც. ქსელებს დამატებით შემოსავლების მიღების შესაძლებლობა მისცა. დღეს ამ პლატფორმებზე რეკლამის განთავსება უფრო მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფას მოითხოვს ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო.
კრეატიული სააგენტო ,,კრაკენის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერა თოხაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ფასების მატებისა, საქართველოში ,,META”-ს პლატფორმებზე (Facebook, Instargam) სარეკლამო კამპანიების წარმართვა სხვა რეგიონებთან შედარებით იაფია. თუმცა გაიზარდა კონკურენცია, რამაც მეტი კონტენტის შექმნის საჭიროება წარმოშვა. ამან კი სარეკლამო ბიუჯეტების გაზრდა გამოიწვია.
,,META-ს პლატფორმებზე რეკლამის განთავსების კუთხით, ზოგადად საქართველო სხვა რეგიონებთან შედარებით იაფია. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები ვუყურებთ თუ რა არის ერთეული შედეგის ფასი. გაზრდილ კონკურენციაში იგებს ის, ვინც აკეთებს საინტერესო კონტენტს. თუ კონტენტმა ორგანული დაინტერესება გამოიწვია და მომხმარებლები ერთვებიან და უყურებენ მას, ,,META” მხარს უჭერს ასეთი კონკენტის გამოჩენას. რადგან უნდა, რომ მისი მომხმარებლები საინტერესო კონტენტს იღებდნენ. შესაბამისად თუ ერთეული გამოჩენის ღირებულება გვიმცირდება მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება კარგ შედეგამდე მივიდეთ. თუმცა გაზრდილმა კონკურენციამ უფრო მეტი კონკენტის წარმოების მოთხოვნა გააჩინა და ბიუჯეტებიც გაიზარდა.”- აცხადებს ვერა თოხაძე.
სარეკლამო ბიუჯეტის ხარჯები ბიზნესის მოქმედების სფეროს მიხედვით ნაწილდება. მცირე და საშუალო კომპანიებისთვის თვის ჭრილში რეკლამის ბიუჯეტი დაახლოებით 8 000 დოლარამდე ადის. გაცილებით მაღალია სარეკლამო ბიუჯეტი სამშენებლო სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის. ასევე, ონლაინ გაყიდვების მაღაზიებისთვის. ბაზარზე ,,თემუს” შემოსვლამ ამ სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, რადგან ,,თემუ” საქართველოში რეკლამაზე დიდი თანხას ხარჯავს. რის გამოც დამატებითი თანხების გამოყოფა მოუწიათ კონკურენტებსაც.
,,სარეკლამო ბიუჯეტის ხარჯები ინდუსტრიებზე არის დამოკიდებული. თუ ადრე საშუალო კომპანიები თვის ჭრილში სარეკლამო ბიუჯეტად 3500 დოლარს განიხილავდნენ, ახლა მინიმუმ 8000 ათასი დოლარი უნდა დახარჯონ. მაგალითად, META-ს პლატფორმაზე კომუნიკაციის შედეგად გვინდა ბინა გავყიდოთ, რომლის ამონაგებიც ანუ გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალიც მაღალია, ჩვენი ბიუჯეტი შესაბამისად ბევრად მაღალი უნდა იყოს. ამ სფეროში, სამშენებლო სექტორში კონკურენცია ძალიან მაღალია. შესაბამისად, სარეკლამო ბიუჯეტებიც ბევრად დიდია, ვიდრე სხვა ინდუსტრიებში. ძალიან ბევრი ელექტრონული კომერციის მაღაზია არის როგორც ლოკალური ასევე გლობალური. ,,თემუს” შემოსვლამ კონკურენცია ძალიან გაზარდა. ძალიან დიდი ბიუჯეტები იხარჯება ,,თემუს” მხრიდან და ამ სფეროში კონკურენცია ძალიან დიდია. მცირე და საშუალო ბიზნესებს რაც შეეხება, რომლებიც უფრო ცნობადობის ამაღლებაზე შემახსენებელ კონტენტს აწარმოებენ, დაახლოებით 8000 დოლარიდან იწყება, თუმცა იმისათვის რომ კომპანიამ ბევრი ტესტი გააკეთოს, ანუ შეაფასოს რომელი ვიზუალი მუშაობს, რომელ აუდიტორიაზე, როგორი აღწერით, როგორი მესიჯეთ, ეს ყველაფერი რომ გაიტესტოთ ამას სჭირდება შესაბამისი ბიუჯეტი. თუ ეს არის ახალი და მცირე ბიზნესი, სტარტაპი ან არ აქვს სახსრები, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ორგანულ ზრდაზე იყოს ორიენტირებული, რომ მისმა კონტენტმა ორგანულად, რეკლამის გარეშე მიიპყროს ყურადღება. ამ შემთხვევაში უალტერნატივოა ტიკ-ტოკი.”- აცხადებს ვერა თოხაძე.
სარეკლამო ბაზარზე მიდგომები იცვლება. ბიზნესები და ბრენდები ცდილობენ აუდიტორიას ისეთი ინფორმაცია მიაწოდონ, რაც მათზე ემოციურ გავლენას მოახდენს და ისინი მიღებულ ინფორმაციაში სარგებელს დაინახავენ. ვერა თოხაძე განმარტავს, რომ თანამედროვე ადამიანს დღეს სულ უფრო ნაკლები დრო აქვს და დღის განმავლობაში ის უამრავ ინფორმაციას იღებს. მათგან კი მხოლოდ ის ამახსოვრდება, რომელიც მისთვის სარგებლის მომტანია. გარდა ამისა, აუდიტორიისთვის ბრენდი უფრო სანდოა, თუ მის დადებით მხარეებზე ადამიანების საუბრობენ და არა თავად კომპანია.
,,დღეს კომპანიებს აღარ შეუძლიათ, რომ განყენებულად, კომპანიის სახელით ისაუბრონ. სჭირდებათ ადამიანების წინ წამოწევა. ბრენდები უნდა გააადამიანურო. უნდა ჰყავდეთ გამხმოვანებლები. იმიტომ, რომ ინფორმაციას როცა ვიღებთ ადამიანებისგან ნდობაც ბევრად მეტია. როდესაც მომხმარებელს უბრალოდ ჩვენს შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და ეს ინფორმაცია ისეთია, რომელიც საერთოდ არ აინტერესებს მომხმარებელს, მაგალითად, ქარხანაში გაუმჯობესდა წარმოება და დავამატეთ რაღაც, თუ თავის სარგებელს ვერ ხედავს მომხმარებელი ამ ინფორმაციის გავრცელება კომპანიისთვის გადაყრილი რესურსია. რაღაც პერიოდის წინ ბიზნესს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ სოციალური ქსელებით და ციფრული არხებით მისწვდომოდა თავის სამიზნე აუდიტორიას, დღეს ეს ბაზარი საკმაოდ გაჯერდა და მომხმარებელი იმდენად ბევრ ინფორმაციას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტარგეტირებული რეკლამები შეგვიძლია ვაკეთოთ, მაინც უფრო მეტად საინტერესო კონტენტს ითხოვს კომპანია. ძალიან რთულია, რომ მიიპყრო მომხმარებლების ყურადღება, რადგან ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობს თანამედროვე ადამიანი. დროში ძალიან შეზღუდულია და თან მიჩვეულია, რომ ინფორმაცია უნდა მიიღოს ძალიან სწრაფად და უნდა იყოს მისთვის რაღაც ღირებულების მომტანი ან ემოციური, ან რაციონალური. ამის გარეშე მხოლოდ ჩვენი მესიჯების მიტანა, თუნდაც ტარგეტირებულად ძალიან ისხლეტს მომხმარებელი ისეთ ინფორმაციას თუ თავისთვის სასარგებლო რაღაცას ვერ ხედავს კომუნიკაციაში. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა, ბევრი კომპანია ცდილობს ერთი და იგივე აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას და შესაბამისად კონკურენცია არის ძალიან გაზრდილი. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო, გლობალური კომპანიებიც შემოსულები არიან ჩვენს ბაზარზე, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ და ამ მუდმივ კონკურენციაში გვიწევს ყოფნა კომპანიებს. თუ ავცდებით კომუნიკაციას და უკუკავშირი აღარ მოგვდის და აღარ არის ჩართული მომხმარებელი, მაშინვე სასწრაფოდ არის მისაღები ზომები. ვერ დაველოდებით შემდეგ კამპანიის ჩაშვებას, რადგან მისი მომზადების პროცესი შეიძლება 3-4 თვე, ან ნახევარი წელი გაგრძელდეს და ამასობაში დაკარგო შენი მნიშვნელოვანი აუდიტორია.”- აცხადებს ვერა თოხაძე.
What's Your Reaction?






