ლევან სანიკიძე – დიდი ბრიტანეთის სანქციები იდეალურადაა შერჩეული სახელისუფლებო რეჟიმის კონკრეტულ ვერტიკალზე და ეს არის სანქციები, რომელიც ეკონომიკურად ანადგურებს ადამიანს – ამას გადამდები ეფექტი მოჰყვება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის აზრით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს გადამდები ეფექტი ექნება როგორც ევროპის მძლავრ სახელმწიფოებზე, ისე აშშ-ზე. ამასთან, როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, კიდევ უამრავი ადამიანის დასანქცირება მოხდება. „ჩვენ შეგვიძლია თამამად გითხრათ,რომ კიდევ უამრავი ადამიანის დასანქცირება იგეგმება. დიდი ბრიტანეთის მხრიდან პირთა წრე მხოლოდ და […]


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის აზრით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს გადამდები ეფექტი ექნება როგორც ევროპის მძლავრ სახელმწიფოებზე, ისე აშშ-ზე.
ამასთან, როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, კიდევ უამრავი ადამიანის დასანქცირება მოხდება.
„ჩვენ შეგვიძლია თამამად გითხრათ,რომ კიდევ უამრავი ადამიანის დასანქცირება იგეგმება. დიდი ბრიტანეთის მხრიდან პირთა წრე მხოლოდ და მხოლოდ ზრდადი იქნება. ყველა ამ სანქციას ამყარებს საკუთარი შინაარსი შესაბამისი დოკუმენტაციით. ასე ხელაღებით დასავლეთი ადამიანებს არ ასანქცირებს. თითოეული მათგანის შესახებ არის სარწმუნო, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, თუ რას აშავებს და როგორ ქმნის ივანიშვილის რეჟიმის ვერტიკალს. ჩემი აზრით, ამ სანქციების მითითებით ძალიან აძლიერებენ საქართველოში საპროტესტო ტალღას და იმ ნეგატიური განწყობისგან იცავენ ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელიც შიგადაშიგ შემოგვეპარება ხოლმე. მგონია, რომ ამას გადამდები ეფექტი მოჰყვება როგორც ევროპის მძლავრ სახელმწიფოებზე, ისე აშშ-ზე.
სანქციები დაუწესდათ სახელისუფლებო რეჟიმის ვერტიკალის იმ წარმომადგენლებს, მათ შორის გენერალურ პროკურორსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, რომლებმაც არანაირი ზომა არ მიიღეს კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისთვის.
გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ არის სანქციების პაკეტი, რომელსაც აქვს შემდგომი ეფექტი, როგორიც არის მაგალითად, სავიზო რეგულაციები მაგრამ, არის სანქციების უფრო მკაცრი და მყისიერი პაკეტი, რომელიც ეკონომიკურად ანადგურებს ადამიანს, თან ეს არის ის სანქციები, რომელიც რევიზირებას არ ექვემდებარება. როგორც წესი, გამონაკლისები არ არსებობენ, რომ შემდგომ ამოიღონ ან რაღაც მსგავსი. დიდი ბრიტანეთის სანქციების პაკეტი იდეალურად არის შერჩეული“, – განაცხადა სანიკიძემ.
ლევან სანიკიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი რეზოლუციები განსაკუთრებით ღირებულია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
„ასეთ რეზოლუციებს განსაკუთრებული ფასი აქვს სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ყოველთვის, მოსამზადებელი ნიადაგია, გარდა კონკრეტული ინფორმაციის შეკრებისა, მაგალითად, რომელიმე მაღალჩინოსანზე, რომელიც შემდგომში სანქცირდება. „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაციისთვის და მათი ხელისუფლების ჩარჩოში მოქცევისთვის, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი, მით უფრო მაშინ, როდესაც ამას განგრძობითი ხასიათი აქვს.
რამდენიც არ უნდა შეფუთოს „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ, რომ თითქოს ამ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, სინამდვილეში ძალიან დიდი ფასი აქვს, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობებში იმიტომ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ძალიან დიდი გავლენა აქვს მთლიანად ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში.
დასავლეთი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და მხოლოდ ულტიმატუმის ენით შეიძლება მათ ესაუბრო“, – განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, მან 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებიც შეაფასა. ლევან სანიკიძემ „მოღალატეობრივი“ უწოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ”.
„ეს არის კლასიკური სამშობლოს მოღალატეების განცხადება, ყოველგვარი მორიდებისა და პოლიტკორექტულობის გარეშე. ეს არის სამშობლოს ღალატი. ამ ქვეყანაში ჩვენი მხრიდან სწორად არ ხდება შეფასება,ეს ადამიანები რაზე არიან წამსვლელები. ბევრს ჰგონია, რომ მათი მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ არის 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯების დავიწყება და ისტორიის გადაწერა. ეს არის ის ხალხი, რომელიც ვერ ახსენებს, რომ 9 აპრილი არის რუსეთის იმპერიის მიერ მოწყობილი. შეუძლებელია ისინი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად ჩაითვალონ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ვინც ვიყავით შეკრებილი 8 აპრილის საღამოს და 9 აპრილის დილას, „როდიონოვებს“ გვიწოდებდნენ. ისინი არიან თავად „როდიონოვები“ და ამ ქვეყნის გამყიდველები, რომლებიც ნებისმიერ ღალატზე არიან წამსვლელები, საკუთარი ხელისუფლების და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ეს „კომუნისტურმა პარტიამ“ ვერ შეძლო და არ უკადრია 9 აპრილის მერე. ამ თვალსაზრისით ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური ქართველები, რადგან შინაგანად არიან რუსები“,-განაცხადა სანიკიძემ.
მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები თავად არიან რუსეთის წარმომადგენლები და ამიტომაც არ ახსენებენ რუსეთს.
„ასეთი ხელისუფლებისგან საერთოდ არაფერი გვიკვირს. განაჩენი ჩვენ უნდა გამოვუტანოთ“, – განაცხადა სანიკიძემ.
What's Your Reaction?






