მეღვინეობა „თელიანი ველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს
მეღვინეობა „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ბოკუჩავამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გალფის ქვეყნებში შესვლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რაც მისი შეფასებით, წარმატებით დასრულდება. ბოკუჩავას თქმით, ამ დროისთვის კომპანიის პროდუქცია 30 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი და გაყიდვების 85% ექსპორტზე მოდის. განსაკუთრებით წარმატებულ ბაზრებად კი ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი სახელდება. ის დასძენს, […]


მეღვინეობა „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ბოკუჩავამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გალფის ქვეყნებში შესვლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რაც მისი შეფასებით, წარმატებით დასრულდება.
ბოკუჩავას თქმით, ამ დროისთვის კომპანიის პროდუქცია 30 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი და გაყიდვების 85% ექსპორტზე მოდის. განსაკუთრებით წარმატებულ ბაზრებად კი ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი სახელდება. ის დასძენს, რომ ჯამურად ხუთ თვეში კომპანიის გაყიდვები საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე 10%-ით არის გაზრდილი.
„აშშ-ს ბაზარზე წინსვლა გვაქვს, თუმცა ნელი ტემპით. ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა გარკვეული გაურკვევლობა გამოიწვია, რამაც სავაჭრო პროცესები შეაფერხა. ამასთან, წელს გაიზარდა ექსპორტი დიდი ბრიტანეთის მიმართულებითაც და უკვე შევედით სუპერმარკეტების ქსელშიც. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო პერსპექტივებია“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისი განცხადებით, კომპანიის ღვინოების ფასი საერთაშორისო მარკეტებში საშუალოდ 10 ევროს ფარგლებში მერყეობს, ხოლო სარესტორნე მიმართულებით, ქვეყანასა და ტურისტულ ობიექტზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „თელიანი ველის“ პროდუქცია დიდი ხანია საქართველოში იყიდება, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქმნის კომპანიისთვის გაფართოების თვალსაზრისით. შესაბამისად, მიმდინარე წელს კომპანიის მთავარი მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ლიდერი პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცებაა.
What's Your Reaction?






