მოსამართლეთა სანქცირება, „მაგნიტსკის სია“, ასოცირების გადახედვა – რას გადაწყვეტენ ევროკავშირის მინისტრები საქართველოზე?
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო სამშაბათს, 15 ივლისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ განიხილავენ საქართველოს საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო საკითხებზე – მაგალითად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე, – კვლავ არ არის კონსენსუსი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წევრ ქვეყნებს შორის მწიფდება მოსაზრება, რომ ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას. · ევროპარლამენტში 8 […]


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო სამშაბათს, 15 ივლისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ განიხილავენ საქართველოს საკითხს.
მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო საკითხებზე – მაგალითად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე, – კვლავ არ არის კონსენსუსი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წევრ ქვეყნებს შორის მწიფდება მოსაზრება, რომ ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას.
· ევროპარლამენტში 8 ივლისის პლენარულ სესიაზე გაიმართა დებატები, სადაც კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა;
· 9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომლითაც წარსულში უკვე არაერთხელ გაკეთებულ მოწოდებებს – ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, „ოცნების“ ლიდერების, „რეჟიმის მაცოცხლებლების“ სანქცირებას, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, და ა.შ. – დაუმატა SWIFT-იდან ჩახსნის საკითხის განხილვა.
სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომის პარალელურად, ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა „საგარეო საქმეთა საბჭოს“ (FAC) მოსამზადებლად.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი 15 ივლისის სხდომაზე საქართველო იქნება.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, წევრ ქვეყნებს ამ დროისათვის ასეთი პოზიციები აქვთ ჩამოყალიბებული პერსონალურ სანქციებზე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადახედვასა და სხვა საკითხებზე:
ფინანსურ სანქციებზე
13 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს „ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას.
· ეს არის ის, რასაც შემოკლებით „ევროკავშირის მაგნიტსკის სიას“ უწოდებენ;
· 2020 წელს „მაგნიტსკის ევროპულ სიას“ ოფიციალური თბილისიც შეუერთდა, თუმცა მას შემდეგ სიის მოქმედების გახანგრძლივებისთვის მხარი აღარ დაუჭერია.
ის ქვეყნები, რომლებიც „მაგნიტსკის ევროპული სიის“ გამოყენებას ემხრობიან საქართველოსთან დაკავშირებით – ესე იგი, ემხრობიან „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წარმომადგენლებისათვის ფინანსური სანქციების დაწესებას, – არიან:
· შვედეთი
· ჩეხეთი
· სლოვენია
· დანია
· ლატვია
· პოლონეთი
· ავსტრია
· ბულგარეთი
· ნიდერლანდი
· საფრანგეთი
· ლიეტუვა
· ესტონეთი
· ფინეთი
ეს ზომა, ევროკავშირის წარმომადგენელთა შეფასებით, განიხილება საქართველოს სულ უფრო მზარდი „ავტორიტარული შემობრუნებისა“ და პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროვებასა და დევნაზე პასუხად.
ტრადიციულად, „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კონსენსუსს აქტიურად უშლიან ხელს უნგრეთი და სლოვაკეთი.
მათ მიერ დღეს დახურულ სხდომაზე გაჟღერებული პოზიციით, ასეთი სანქციების დაწესებით ვითარება მხოლოდ გაუარესდება.
საბერძნეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ემხრობა „თანდათანობით და მიზანმიმართულ მიდგომას“ და „გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებისგან თავის შეკავებას“.
უვიზო მიმოსვლაზე
ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე ამჯერად შვედეთმა წამოაყენა ინიციატივა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს.
მაგრამ ეს ინიციატივა დაუკავშირა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს – გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ ამოქმედდესო.
კიდევ ხუთმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება სერიოზულად განიხილონ. ესენი იყვნენ:
· დანია
· პოლონეთი
· ლიეტუვა
· საფრანგეთი
· ესტონეთი
ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ სლოვენია და საბერძნეთი.
მათ მიუთითეს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება ტურისტული ვიზიტებისათვის მხოლოდ „უკიდურეს შემთხვევაში“ უნდა გამოიყენონ „საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მისი სავარაუდო უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით“.
ასოცირების შეთანხმების გადახედვაზე
ლიეტუვამ და ლატვიამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS), შეაფასონ ყველა ორმხრივი შეთანხმება ევროკავშირისა და საქართველოს მონაწილეობით, მათ შორის:
· ასოცირების შეთანხმება
· შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)
ასოცირების შეთანხმების ნაწილში, საუბარია შეთანხმების მეორე მუხლთან საქართველოს თანხვედრის შემოწმებაზე.
მეორე მუხლი მოიცავს ზოგად პრინციპებს, მათ შორის შემდეგ ჩანაწერებს:
· „მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ პატივისცემას კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პრინციპების, ასევე მათი საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ, განსაკუთრებით გაეროს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად“;
· „მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, განახორციელონ კარგი მმართველობა, ებრძოლონ კორუფციას“.
სხვა საკითხებზე
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს წევრი ქვეყნების ელჩებმა დასვეს აქცენტი, იყო საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
შვიდმა ქვეყანამ გაუსვა ხაზი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას. ესენი იყვნენ:
· სლოვენია
· პოლონეთი
· ბულგარეთი
· საბერძნეთი
· საფრანგეთი
· ლიეტუვა
· ესტონეთი
What's Your Reaction?






