“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე რთული მონაკვეთი ყველაზე ცუდადაა შესწავლილი” – სახიფათოა თუ არა რიკოთის მაგისტრალის პროექტი?
გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი კერაა, სადაც გეოლოგიური სტიქიური პროცესების რისკი არსებობს. მათ შორის, მეწყრის, ქვათაცვენისა და ღვარცოფის მაღალი და საშუალო რისკები არსებობს რიკოთის მაგისტრალის ტერიტორიაზეც. როგორც ექსპერტები “საქმიანი დილას” ეთერში აფასებენ, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე აღნიშნული რისკები საკმარისად შესწავლილი არ იყო, რამაც ახლომდებარე სოფლებშიც მრავალი პრობლემა გამოიწვია. […]


გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი კერაა, სადაც გეოლოგიური სტიქიური პროცესების რისკი არსებობს. მათ შორის, მეწყრის, ქვათაცვენისა და ღვარცოფის მაღალი და საშუალო რისკები არსებობს რიკოთის მაგისტრალის ტერიტორიაზეც.
როგორც ექსპერტები “საქმიანი დილას” ეთერში აფასებენ, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე აღნიშნული რისკები საკმარისად შესწავლილი არ იყო, რამაც ახლომდებარე სოფლებშიც მრავალი პრობლემა გამოიწვია. გეოფიზიკოსი, პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ გეოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე რთული მონაკვეთები საკმარისად შესწავლილი არ არის.
განხორციელდა ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი , სადაც არასაკმარისად იყო შესწავლილი ყველაფერი. გაიხსნა თუ არა გზა, რამდენჯერმე ჩამოიშალა, შემდეგ ფერდობებზე დაიწყო გამაგრებითი სამუშაოები სხვადასხვა მეთოდებით, ზოგი მათგანი ისევ გამოვიდა მწყობრიდან და უკვე სხვანაირი ჩარევაა საჭირო, რაც იმას გვაჩვენებს, რომ არ იყო გათვალისწინებული ბევრი რამ. დაზარალდა მოსახლეობაც, დაიწყო მეწყრული პროცესები, მოსახლეობაც გაიყვანეს მგონი იმ ზონიდან, სხვაგან გამოუყვეს საცხოვრებელი ადგილები.
სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე რთული მონაკვეთი ყველაზე ცუდადაა შესწავლილი. ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთი მეწყრული და სხვა ასეთი საფრთხეების მიხედვით ყველაზე რთულია. ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან არაა ეს მოსალოდნელი. გარდა ამისა, უამრავი გვირაბი და ესტაკადა გაკეთდა, რამაც გამოიწვია სტაბილიზაციის დარღვევა. უკვე ისედაც იყო ბუნებრივი საფრთხეების მაღალი დონე, დაემატა ზუსტად ეს ტექნოგენური საფრთხეებიც – გაერთიანდა ეს ყველაფერი. ჯერჯერობით ყველაფერი მოგვარებული არაა, ძლიერი წვიმების დროს იკეტება ეს მონაკვეთი, კარგია, რომ ეს უსაფრთხოების გამო ხდება, მაგრამ თვითონ ასეთი ტრასა წვიმების დროს არ უნდა იკეტებოდეს”, – განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.
მოსაზრებას, რომ რიკოთის მაგისტრალზე საფრთხეები და რისკები თავიდანვე არ იყო შესწავლილი, ეთანხმება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძეც. როგორც ის აღნიშნავს, ნებართვების გაცემის პროცესების დაჩქარება საბოლოო ჯამში უფრო საზიანოა და ეკონომიკურადაც გაუმართლებელია.
“ვერავინ იტყვის საქართველოში, რომ ყველა გზა, რომელიც შენდება, აბსოლუტურად უსაფრთხოა. სინამდვილეში ასე არ არის, ჩვენ მეწყრულ ზონებში ვართ და დიდი გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად გვჭირდება მუდმივი მონიტორინგის და დაკვირვების სისტემები. თავის დროზე 2006-2007 წლებში რომ გავაუქმეთ გეოლოგიის სამსახური, შედეგიც მივიღეთ. რიკოთზე ვიტყოდი, რომ მარტო ეკონომიკური ნაწილი რომ შევაფასოთ, რამდენჯერმე გაძვირდა პროექტი. თუ სწორად იქნებოდა რისკები შესწავლილი, ამდენი გაძვირებები გზადაგზა არ მოხდებოდა და მერე არ დავიწყებდით ძიებას, როგორ გავამაგროთ ფერდობი, თავიდანვე გვეცოდინებოდა, რა საფრთხე სადაა – სამწუხაროდ, არ ვაკეთებთ შესწავლას სწორად, მერე გზადაგზა ვაძვირებთ პროექტებს, ვეწევით ბუნებას და ვიწყებთ ამერიკის აღმოჩენას.
როცა ბიზნესი გვაჩქარებს, რომ დროზე გაეცით ნებართვა, ზოგ შემთხვევაში, ეს უფრო წამგებიანია ეკონომიკურად ბიზნესისთვის. ჯობია, ნებართვის გაცემის პროცესი უფრო ხანგრძლივი იყოს, უფრო კარგად და დეტალურად იყოს შეფასებული და შესწავლილი ნებისმიერი ობიექტი, რომ ნაკლები დანახარჯი და უფრო მეტი ინჟინრული გადაწყვეტილებები იყოს – სამწუხაროდ, ასე არ ვაკეთებთ, არასწორ და დაჩქარებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა (51 გვირაბითა და 97 ხიდით). პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკის (WB) სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიურად ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რიკოთზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად ძალისხმევას წარმოადგენს სწორედ ფერდების, შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო გადაწყვეტებით სტაბილიზაცია. გასულ წელს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძე ამბობდა, რომ ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რაზეც გზის ძირითად კონტრაქტორს China State Construction Engineering Corporation-ს არაერთი გაფრთხილება და რეკომენდაცია მიეცა. გზის სიგრძე 11.7 კილომეტრს, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება კი 330 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა პროექტის საფასური გაიზარდა, რადგანაც სახელმწიფომ 149-ე კილომეტრზე მდებარე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებისთვის 2024 წლის იანვარში 62 მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა.
გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესაძლო განვითარების პროგნოზი რიკოთის უღელტეხილზე ასეთია: რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი (ჩუმათელეთის მარცხენა ბორტი) – კლდეზვავის მეწყერის აქტიური საშიშროების საშუალო რისკი; რიკოთის უღელტეხილის მიდამოები (მდ. ჩუმათელეთის მარჯვენა უსახელო შენაკადი) – ღვარცოფის მაღალი რისკი; რიკოთის უღელტეხილი – ქვათაცვენის მაღალი რისკი;
What's Your Reaction?






