„თოკზე გაფენილი სიტყვები“ და სტერეოტიპების მსხვრევა
ცნობილია, რომ განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომლის საშუალებით შეგვიძლია სამყარო შევცვალოთ. მასწავლებელი კი პიროვნებაა, რომელიც ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებს პირველ რიგში, საკუთარ თავში გვაკეთებინებს. სწორედ ასე ესმის თავისი პროფესიის მნიშვნელობა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს, ნინო ორლოვსკაიას. მისი ყოველი გაკვეთილი მსგავს აღმოჩენებზეა აგებული, ამიტომ ისინი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის არასოდესაა ერთგვაროვანი და მოსაწყენი. […]


ცნობილია, რომ განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომლის საშუალებით შეგვიძლია სამყარო შევცვალოთ. მასწავლებელი კი პიროვნებაა, რომელიც ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებს პირველ რიგში, საკუთარ თავში გვაკეთებინებს.
სწორედ ასე ესმის თავისი პროფესიის მნიშვნელობა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს, ნინო ორლოვსკაიას. მისი ყოველი გაკვეთილი მსგავს აღმოჩენებზეა აგებული, ამიტომ ისინი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის არასოდესაა ერთგვაროვანი და მოსაწყენი. რადგან კლასგარეშე შეხვედრებს ხშირად ბუნებაშიც ატარებს ხოლმე, ალბათ ამიტომაცაა ბავშვებისთვის მისი ახსნილი გაკვეთილი ასეთი გასაგები და ბუნებრივი.
– ქალბატონო ნინო, როგორც ხდება ხოლმე ბავშვობაში თქვენც ხომ არ გიყვარდათ „მასწავლებლობანას“ თამაში?
– ოზურგეთის სკოლაში თითქმის ოცი წელია ვმუშაობ. მასწავლებლობაზე მართლაც ბავშვობიდან ვოცნებობ. მას შემდეგ რაც სკოლაში ძალიან ახალგაზრდამ პირველად შევდგი ფეხი, ბევრი დრო გავიდა და არა ერთი თაობა შეიცვალა. საკლასო ოთახში დღემდე იმ იმედით შევდივარ, რომ ჩემს პატარებს განსაკუთრებული გარემოს შევუქმნა და მათთვის ცოდნის მიღება სასიამოვნო და სახალისო პროცესად ვუქციო. ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ მასწავლებელს, რადგან მათთვის სკოლასა და მოსწავლეს შორის პირველი კონტაქტის დამყარება სწორედ ამ პიროვნებით იწყება.
– ვიცი, რომ სკოლაში არა ერთი ინოვაციური ღონისძიების ინიციატორი ხართ…
– მიხარია, რომ ჩემს ყოველ გაკვეთილს პატარები სიხარულით და მოლოდინით ხვდებიან. ვცდილობ, რომ სკოლაში მათი ყოფნის ყოველი დღე სიურპრიზებით სავსე იყოს. ყოველ ახალ გაკვეთილს სიხარულით ელოდებიან და მადლიერები არიან. მართალია, ბავშვებს ყველაზე ძალიან ბურთის თამაში, ეზოში სირბილი და მდინარეზე წასვლა ურჩევნიათ, ვცდილობ, რომ სკოლაში გატარებული დღეები პირველ რიგში, წიგნის კითხვითა და საინტერესო ამბებით დავამახსოვრებინო.
– თქვენი მოსწავლეები სიმბოლურად „პოპინსელების“ ჯგუფში არიან გაწევრიანებული, რაში გამოიხატება ეს?
– დიახ, ჩვენ „პოპინსელები” ვართ და შეგვიძლია ყველაფერი განსხვავებულად, ხალისიანად აღვიქვათ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ ბავშვები გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში წავიყვანე და იქ ბევრი ფოტო გადავიღეთ. ერთ-ერთ მათგანში ხელში ჭრელაჭრულა ფოთლებით მორთული ქოლგა მიჭირავს. იმ ფოტომ მერი პოპინსი გამახსენა და შევქმენით სახალისო ჯგუფი „პოპინსი და მოსწავლეები“. „პოპინსელებს“ შეგვიძლია წიგნში წაკითხული ამბები რეალობად ვაქციოთ ხოლმე. ერთხელ გავეცანით ლელა ცუცქირიძის მოთხრობის გმირებს, ატუსას და მატუსას, რომლებსაც დიდი ფანტაზიის უნარი აქვთ და შეუძლიათ ჩვეულებრივი საწოლიც კი მეკობრეების გემად გადააქციონ.
– კონკრეტულად რას აკეთებთ იმისთვის, რომ გაკვეთილის შემეცნებითი პროცესი სახალისოც გახდეს?
– გავიხსენებ ერთ – ერთ გაკვეთილს, რომელსაც “თოკზე გაფენილი სიტყვები და გრამატიკა” დავარქვით. ის სიტყვის ჯადოსნურ ძალაზე იყო. საერთოდ, სიტყვას შეუძლია ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი დღესასწაულად აქციოს. იმ გაკვეთილზე დღის მთავარი სიტყვები შევარჩიეთ. შემდეგ კი ამ სიტყვებს სხვა, ჯადოსნური სიტყვები დავუკავშირეთ, რითაც ისინი უფრო გავალამაზეთ და დავამშვენეთ. ვიზუალურად საინტერესო რომ ყოფილიყო, ის სიტყვები თოკზე ჭრელაჭრულა ფოთლებად გავფინეთ და ჩვენი ჯადოსნური ამბებიც ასე დაიწყო. მერე სიტყვების სამყარო ფუნჯებით გავაფერადეთ. ასე შემოგვესწავლა ზედსართავი სახელები…
– ინტერნეტის ეპოქაში ალბათ უფრო რთულია ბავშვებს წიგნის კითხვა შევაყვაროთ..
– ამისთვის ხშირად ვატარებთ ხოლმე მხატვრული კითხვის დღეს, სადაც საინტერესო ავტორებს და მათ ნაწარმოებებს ვეცნობით. უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ კარგ მკითხველად ყოფნაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს ბავშვები წიგნიერი თაობაა, რომელიც წაკითხულს განიცდის და ემოციურ დონეზე შეიგრძნობს.
– სამუზეუმო სივრცეს თუ იყენებთ კლასგარეშე საქმიანობისთვის?
– დიახ, ხშირად ვსტუმრობთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებთ. მინდა გავიხსენო მესამე კლასის მიერ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული ღონისძიება – „სტერეოტიპების მსხვრევა და ღირებულებები”. მისი მიზანი იყო პიროვნული განვითარების გზაზე მოსწავლეებს გარკვეული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ.
– ახალ სასწავლო წელს რას აპირებთ?
– ვფიქრობ ისევ პირველ კლასს ავიღებ და ახალი გამოწვევების წინაშე დავდგები. მოზარდი ადამიანის თავისუფალ მოქალაქედ აღსაზრდელად საჭიროა როგორც ცოდნა, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა, სწორი შეხედულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება. ვიცი, რომ მოსწავლეებს ისევ ხშირად გავუმეორებ ამ სიტყვებს: იოცნებეთ და იბრძოლეთ საკუთარი ოცნების ასრულებისთვის!
თეონა გოგნიაშვილი
What's Your Reaction?






