ორბმა გრიფინი ისევ დაამარცხა და სუპერლიგაში დასარჩენად 1 მოგებაღა აკლია
სუპერლიგის 1 ვაკანტური ადგილისთვის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა – მე-10 ადგილზე გასული ტყიბულის ორბი და “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული კასპის გრიფინი იბრძვიან

შეგახსენებთ, რომ ეს ფორმატი უკვე წლებია, საქართველოს ჩემპიონატში არსებობს. ა ლიგის ფინალის წამგებ გუნდს რომ გადათამაშება სუპერლიგელისთვის მოეგოს აქამდე სამჯერ მომხდარა. ეს თბილისის ტიტებმა, გორის ივერიონმა და ვსა-მ მოახერხა. იმავეს გაკეთებას წლეულს კასპის გუნდი ცდილობს, თუმცა, როგორც ჩანს, აღარ გამოუვა.
სერია 3 მოგებამდეა, პირველი და მეორე მატჩები კი ტყიბულში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებებით დასრულდა. პირველი შეხვედრა ორბმა 104:81 მოიგო, მეორეში კი უფრო დამაჯერებლად – 117:81 იმარჯვა. როგორც ანგარიშიდან ჩანს, გრიფინმა ტყიბულელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რისი მიზეზიც ტრავმებია. გრიფინს რუსთავთან “ა” ლიგის ფინალის მსგავსად არ ჰყავს ელაია ბიუქენენი და ვასილ ბერუაშვილი. თუკი რუსთავთან 2 მატჩი იბრძოლა, ორბთან კასპელებს შანსი არ ჰქონიათ.
სერიის მესამე შეხვედრა კასპში, 27 აპრილს გაიმართება და ორბის მოგების შემთხვევაში ყველაფერი დასრულდება – ანუ ტყიბულელები სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.
What's Your Reaction?






