პირველ ლიგაში ასვლა-დარჩენაზე | პირველი რაუნდი კახელებმა მოიგეს
პირველ ლიგაში ასვლა-დარჩენაზე | პირველი რაუნდი კახელებმა მოიგეს

დებულების თანახმად მეტოქეთა პირველი რკენა თელავში, „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა. მატჩის დებიუტში, ფრთა ზურა ჩხობაძის გარდაუსახავი ლელოთი ‘არწივები’ დაწინაურდა, რის შემდგომ უპირატესობამ კახელთა მხარეს გადაინაცვლა. ‘ჭადარმა’ ტემპს უმატა, ოვალი სწრაფად გაშალა და სტატიკაშიც ივარგა. მღლეტელი კაპიტნის მიშო ნახუცრიშვილისა და ბურჯ ალექსანდრე საცერაძის გატანილი ლელოებით კახელები შესვენებაზე 9-ქულიანი სხვაობით წავიდნენ. მასპინძელთა მგეზავმა ლაშა შოშიაშვილმა ორივე გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა-14:5.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის მხრიდან გადამეტებულ ვნებათაღელვას არაერთი წესის დარღვევა მოჰყვა და მატჩის მთავარ არბიტრ გელა ლემონჯავას მეტოქეთათვის 4-4 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. მეორე ტაიმის დებიუტში კი ‘არწივების’ მხტომელმა ლუკა წამალაშვილმა ცინიკური ჯარიმისთვის მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო, რამაც გურულები მატჩის მიწურულამდე კაცნაკლული დატოვა.
რიცხობრივი უპირატესობით ‘ჭადარმა’ კარგად ისარგებლა და მიჯრით 10 უპასუხო ქულა აიღო. მასპინძელთა მხტომელმა გივი რომელაშვილმა საკუთარი ნახევარიდან მოწყობილი გარღვევა დადებული ლელოთი დაასრულა. ზუსტ გარდასახვას, ლაშა შოშიაშვილმა გატანილი ჯარიმაც დაურთო და კახელთა სასარგებლოდ სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა.
შეხვედრის დასკვნით მონაკვეთში გურულებს „მეორე სუნთქვა“ გაეხსნათ. ‘არწივები’ სწრაფად, მწყობრად ამოქმედდა და მატჩის მიწურულს მარქაფადან ჩართული მგეზავის უჩა შარვაშიძის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 12-ქულამდე შეამცირა. ‘ჭადარმა’ მატჩი 24:12 მოიგო და წყვილში წარმატებული გუნდის ვინაობას საპასუხო შეხვედრა გაარკვევს, რომელიც ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე 21 ივნისს გაიმართება.
RUGBY.GE
What's Your Reaction?






