პირველი ლიგა | პლეი ოფის ყველა მონაწილე გაირკვა

დასკვნითი, მე-17 ტურის წინ, პლეი ოფის ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვა.

აპრ. 7, 2025 - 03:57
 0
პირველი ლიგა | პლეი ოფის ყველა მონაწილე გაირკვა
დასკვნითი, მე-17 ტურის წინ, პლეი ოფის ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ შესარჩევ ფინალში, აღმოსავლურ დერბიში, რეგულარული სეზონის გამარჯვებული ‘გორი’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ უმასპინძლებს. მე-2 ადგილზე ანაცვლებული ‘ვეფხვები’ მდევარ ‘წიქარას’ 5 ქულით უსწრებენ და თან კონკურენტთან უპირატესობას პირისპირ ბალანსითაც ფლობენ. მე-4 პოზიციაზე მყოფი ‘დინოზავრი’ მოწინავე სამეულში მოხვედრის შანსს კიდევ ინარჩუნებს. წყალტუბოელებს ‘გორთან’ გამოტოვებული საშინაო შეხვედრის გარდა, დასკვნით ტურში უშუალო კონკურენტ ‘წიქარასთან’ პაექრობა მოუწევთ.

‘რუსთავმა’ მე-5 ადგილი გაიმყარა და პლეი ოფის დასკვნით, მე-6 საფეხურზე მყოფ ‘ლოკომოტივს’ 2 ქულით უსწრებს. „რკინიგზელებმა“ მდევარ ‘მათესთან’ სხვაობა 11 ქულამდე გაზარდეს და შესაბამისად ზემო იმერელთათვის მიუწვდომელნიც შეიქნენ. მესამედფინალურ ეტაპზე მონაწილე წყვილთა ვინაობას დასკვნითი ტური გაარკვევს, მანამდე კი სატურნირო ცხრილი 2 გადადებული შეხვედრით / ‘რუსთავი’-‘მათე’ და ‘დინოზავრი’-‘გორი’ / „გასწორდება“.

‘არწივებმა’ მე-9, პლეი აუტის ადგილი გაინაღდა და დასარჩენ ზონაში მყოფ ‘ფოთთან’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. ‘აკადემია’კი, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატთა ისტორიაში 2-2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული, 2 სეზონის მანძილზე დიდი 10-დან რეგიონულ ლიგაში „შესვენების“ გარეშე დაქვეითდა.

გორის ჭალის დასახლებაში, ‘გორი’ პრინციპულ მეტოქე ‘წიქარას’ სრული შემადგენლობითა და მაქსიმალური შემართებით დაუპირისპირდა. ფიჯელი ფულბეკის რაფაელე ტუნიდაუს მატჩის დასაწყისში გატანილ ლელოს, გიორგი ჭინჭარაულის შეგირდებმა შემდგომში კიდევ 8 ლელო წაუმატეს. გორელთა მარბიელმა ნიკა წივწივაძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ლიდერის დამაჯერებელი გამარჯვება შუამარბ გიორგი შერმადინის გატანილმა ლელომ დააფიქსირა. ‘წიქარამ’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი მარქაფადან ჩართული ბურჯის გიორგი ტყეშელაშვილის მე-2 ტაიმში დადებული ლელოთი დააღწია. ‘გორმა’ შეხვედრა-51:7 მოიგო და პირველობას დაუმარცხებლად აგრძელებს.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘ლოკომოტივისა’ და ჭიათურის ‘მათეს’ შეხვედრა მოსალოდნელისამებრ უაღრესად დაძაბული გამოდგა. ფიჯელი მგეზავის ნიკო იალოსოლოს გარდასახული ლელოთი ზემო იმერლები ანგარიშში უპირატესობას ტაიმის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ. შესვენების წინ „რკინიგზელთა“ მარბიელმა რამაზ ბენდელიანმა „დუბლი“ შეასრულა, თუმცა გაცუდებული გარდასახვების გამო ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი მხოლოდ 3-ქულიან სხვაობას დაჯერდა.

მართალია, მეორე ტაიმში იალოსოლომ „დუბლი“ გაიფორმა, თუმცა იმერლებმა „რკინიგზელთა“ მძლავრ შეტევებს ვერაფერი მოუხერხეს და კიდევ 4 ლელო მიიღეს. ‘ლოკომოტივის’ მხრიდან ლელო მგეზავმა ლუკა დემურაშვილმა, კვაჭმა ვაჟა რუაძემ, ბურჯმა ნიკა ცოფურაშვილმა და ფრთა გოჩა ჯიქიამ გაიტანეს. ჯიქიას ბოლო წუთებზე დადებულმა ლელომ ‘მათე’ სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘ლოკომოტივმა’ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა-37:26 და პლეი ოფის საგზურიც ვადამდე გაიფორმა.

პატარძეულის ‘ვეფხვები’ ვაზისუბნის სარაგბო არენაზე ‘ფოთს’ დაუხვდა. ფულბეკ ტატო ბურთიკაშვილის გატანილი ჯარიმითა და კვაჭ ლუკა ნარსიას დადებული ლელოთი გარე კახელებმა ანგარიშში უპირატესობა მატჩის დებიუტშივე მოიპოვეს. ნარსიამ პირველივე ტაიმში „დუბლი“ გაიფორმა და შესვენებაზე ‘ვეფხვები’ 19-ქულიანი სხვაობით წავიდა. კოლხები მედგრად იბრძოდნენ და 2 ლელოს გატანაც მოახერხეს, თუმცა ანგარიშში სხვაობის დიდად შემცირება ვერ შეძლეს. მატჩის მიწურულს გარე კახელთა შუამარბმა რატი პაპაშვილმა მეტოქის ნახევარზე 40 მეტრიანი ინდივიდუალური სწრაფი გარღვევა მოაწყო და ფოთელებს პრემიალური ქულის მომტანი, რიგით მე-5 ლელო დაუდო. ‘ვეფხვებმა’ მატჩი-38:12 მოიგო და შესარჩევ ფინალში თამაშიც გაინაღდა.

„აია არენაზე“, ‘დინოზავრი’-‘არწივების’ შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიმდინარე სეზონის მიწურულამდე ‘არწივებს’ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე კახა მაჩიტიძე უთავკაცებს. ლეგენდარული „ჩიჩმიას“ ხელი გურულებს პირველივე შეხვედრაში დაეტყოთ. ‘არწივებმა’ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში განვლო, რომელიც ‘დინოზავრმა’ ფიჯელი მარბიელი საკენასას გარდაუსახავი ლელოთი მოიგო.

მეორე ტაიმის დიდი ნაწილი კი გურულების უპირატესობით წარიმართა. ‘არწივებმა’ მიჯრით 3 ლელოს / ფრთა ოთარ მჟავია, შუამარბი რატი გარუჩავა და ჰავბეკი ელგუჯა კიკვაძე / გატანა მოახერხა. ზუსტ გარდასახვებს შუა, სტუმართა მგეზავმა ვიტო კირინმა ჩინებული არეკნიც გაიტანა, რამაც გურულებს 19 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ‘დინოზავრი’ მატჩის დასკვნით ნაწილში გამოფხილზდა და 2 გატანილი ლელოთი / ფიჯელი შუამარბი ემოსი დაიბიტუ და მარქაფადან ჩართული შუამარბი ლუკა ბრეგაძე / ნუგეშ-ქულას გამორჩა. ‘არწივებმა’ შეხვედრა-24:17 მოიგო.

‘არწივების’ მოგებამ ‘აკადემია-ლაშარი’ რეგიონულ ლიგაში ავტომატურად გაამწესა. აღნიშნული გარემოებით ნირწამხდარი ‘აკადემია’ „რაგბი პლატოზე“ სათამაშოდ ‘რუსთავს’ არ გამოუცხადდა. დებულების თანახმად, ქვემო ქართლელებს ტექნიკური ანგარიშითა და ბონუს-ქულით მოგება გაუფორმდებათ-30:0.

rugby.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow