რეგიონული ლიგა | "ფენიქსმა" დასავლეთში ვადამდე იპირველა

რეგიონული ლიგა | "ფენიქსმა" დასავლეთში ვადამდე იპირველა

აპრ. 7, 2025 - 03:57
 0
რეგიონული ლიგა | "ფენიქსმა" დასავლეთში ვადამდე იპირველა

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში, შიდა პლეი ოფის წყვილთა ვინაობა გაირკვა. 1/2-ში, აღმოსავლეთის პირველი ჯგუფის გამარჯვებული მარნეულის ‘არმაზი’ მეორე ჯგუფის მეორე ადგილოსან ‘პატარძეულს’ დაუპირისპირდება, მეორე ჯგუფის გამარჯვებული თელავის ‘ჭადარის’ მეტოქე კი პირველი ჯგუფის მეორე ადგილოსანი გარდაბნის ‘ქვემო ქართლი’ იქნება.

2-რაუნდიანი ეტაპის პირველი მატჩები შესაბამისად გარე კახელთა და გარდაბნელთა არენებზე გაიმართება. წყვილებში გამარჯვებული გუნდები ლიგის პლეი ოფის საგზურს მოიპოვებენ და თან 1-მატჩა ფინალში ამერის გამარჯვებულსაც გამოავლენენ. აღმოსავლეთის გამარჯვებული ლიგის პლეი ოფში პირველ ნომრად ითამაშებს, დამარცხებული კი-მეორე ნომრად.

აღმოსავლეთის ორივე ჯგუფის დასკვნით ტურში ფავორიტებმა იოლ წარმატებას მიაღწიეს. პირველ ჯგუფში, პირველობის სადებიუტო მარცხის შემდეგ ‘არმაზმა’ დარჩენილი 11-ივე შეხვედრა მოიგო, 54 ქულა დააგროვა და მდევარ ‘ქვემო ქართლს’ 1 ქულით გაუსწრო.

ვაზისუბნის სარაგბო არენაზე, ‘არმაზმა’ ‘სოხუმთან’ საგრძნობი უპირატესობა 15 გატანილ ლელოში ასახა, მეტოქე კი 2 დადებულ ლელოს დააჯერა. ქვემო ქართლელთა ფიჯელმა შუამარბმა საკარაია კილაიმ „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა-97:12.

‘არმაზის’ გამარჯვების შემდეგ, ‘ქვემო ქართლს’ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ‘ბორჯომთან’ მატჩი უკვე არაფერს უცვლიდა, თუმცა ზურა ხორბალაძის შეგირდებმა „ფეიარ ფლეის“ პრინციპი სრულად დაიცვეს და თორელებს 60-ქულიანი სხვაობით მოუგეს. გარდაბნელთა კვაჭმა კაპიტანმა შოთა მაღლაკელიძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ‘ბორჯომი’ კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მარქაფადან ჩართული ფრთის ვასილ შოთაშვილის მატჩის მიწურულს გატანილი ეული ლელოთი გადაურჩა-67:7.

ამერის მეორე ჯგუფის გამარჯვებულს ‘პატარძეული’-ჭადარის’ კახური დერბი ავლენდა. გარე კახელებს პირველი ადგილის დასაკავებლად ხელს სულ მცირე 27 ქულიანი სხვაობით მოგება აძლევდათ. საკუთარი არენის გაუმართაობის გამო, პატარძეულს ესოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა მშობლიური რეგიონს მიღმა, თბილისური ვაზისუბნის სარაგბო არენაზე მოუხდა.

მგეზავ შმაგი სუხაშვილის გატანილი ჯარიმით მატჩის დებიუტში ‘პატარძეული’ დაწინაურდა, რის შემდგომ შეხვედრის დიდი ნაწილი თელაველთა უპირატესობით წარიმართა. მღლეტელ მიშო ნახუცრიშვილის, შუამარბ ნიკა ალექსანდრიასა და ფიჯელი მხტომელი ემოსი მბუკასონგოს გატანილ ლელოთა წყალობით ‘ჭადარი’ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თელაველებმა ანგარიშში სხვაობა ფრთა თორნიკე კევლიშვილის დადებული ლელოთი გაიღრმავეს, რის შემდგომ გარე კახელები საგრძნობლად გააქტიურდნენ. თელაველებს პირველი საპასუხო ლელო ‘პატარძეულის’ შუამარბმა კაპიტანმა ვანო გაბროშვილმა დაუდო, ხოლო მღლეტელ თორღვა ქაცანაშვილის გატანილმა ლელომ მიმდინარე სეზონში ‘ჭადარი’ პრემიალური ქულის გარეშე პირველად დატოვა. ‘ჭადარმა’ მატჩი-27:17 მოიგო. თელაველებმა ჯგუფში 39 ქულით იპირველეს და გარე კახელებს 9 ქულით გაუსწრეს.

დასავლეთის ჯგუფში ‘ფენიქსმა’ პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა. სამტრედიელებმა პირველობის 8-ვე შეხვედრა მოიგეს / მხოლოდ 1 მატჩში დარჩნენ ბონუს-ქულის გარეშე /, 39 ქულა დააგროვეს და ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე მე-2 ადგილზე მყოფ ჩოხატაურის ‘ჯანს’ 12 ქულით უსწრებენ. გურულები პლეი ოფთან 1 ნაბიჯში იმყოფებიან, მე-3 ადგილზე ანაცვლებულ ‘ტორნადოს’ 8 ქულით უსწრებენ და საწადელის მისაღწევად ხელს 1 მოგებაც აძლევთ.

‘ფენიქსმა’ ზუგდიდის ‘რაგბის კლუბს’ უმასპინძლა და აუტსაიდერს 8 უპასუხო ლელო დაუდო. ლიდერის წარმატებას საფუძველი ფრთა აკაკი კვიჟინაძის გატანილმა ლელომ ჩაუყარა. კვიჟინაძემ შემდგომში „დუბლი“ გაიფორმა. სამტრედიელთა კიდევ ერთმა ფრთა ალეკო ბარამიძემაც წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ იმერლებს ყველა გარდასახვა გაუცუდდათ. ‘ფენიქსმა’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო-40:0.

„აია არენაზე“, ‘ბაგრატისა’ და ‘ჯანის’ შეხვედრა გურულების სრული უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში ‘ჯანი’ ფიჯელი მარბიელის პენი მაკას გატანილი ლელოთი დაწინაურდა. სტუმართა ფულბეკმა მურმან ყურშუბაძემ კი შესრულებულ „დუბლს“, 3 ზუსტი გარდასახვაც დაურთო. ‘ჯანმა’ მთლიანობაში იმერლებს 7 უპასუხო ლელო გაუტანა და შეხვედრაც „მშრალი“ ანგარიშით მოიგო-43:0.

ბათუმში, ადგილობრივი ‘ტორნადოსა’ და ვანის ‘აიეტის’ შეხვედრა სტუმართა იერიშებით დაიწყო და ვანელები მარბიელ დუტა ხურციძის გარდაუსახავი ლელოთი დაწინაურდნენ. მართალია, შემდგომში ხურციძემ „ჰეთ-თრიკიც“ შეასრულა, თუმცა იმერლებმა პოზიტიური შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს. მარბიელ შოთა ცეცხლაძის გარდასახული ლელოთი დაწინაურებულმა ბათუმელებმა უპირატესობა მეთოდურად გაიღრმავეს და მთლიანობაში მეტოქეს 1-ით მეტი, 6 ლელო დაუდეს. მატჩის მიწურულს მასპინძელთა მღლეტელ შოთა კაცაძის გატანილმა ლელომ ვანელები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘ტორნადომ’ შეხვედრა-40:27 მოიგო და ცხრილში ‘აიეტს’ 3 ქულით გადაასწრო.

rugby.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow