საქართველოს ნაკრები სეზონის პირველ საკონტროლო მატჩს დღეს გამართავს

ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შეკრება 26 ივლისს, ბალტიის ზღვისპირა ქალაქ იურმალაში დაიწყო

აგვ. 4, 2025 - 16:27
 0
საქართველოს ნაკრები სეზონის პირველ საკონტროლო მატჩს დღეს გამართავს
ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შეკრება 26 ივლისს, ბალტიის ზღვისპირა ქალაქ იურმალაში დაიწყო.

ნაკრების გეგმა დეტალურად არის გაწერილი და დღითი-დღე ძლიერდება როგორც ფიზიკური დატვირთვები, ისე ტაქტიკურ-კომბინაციური ვარჯიშები. ნაკრებში გამოძახებული 16 მოთამაშისგან იურმალაში 15 კალათბურთელია. სანდრო მამუკელაშვილი ტორონტოშია და NBA-ს კემპში იღებს მონაწილეობას. „ტორონტო რეპტორსის“ ფორვარდი საქართველოს ნაკრებს 8 აგვისტოს, ლიეტუვაში შეუერთდება. სწორედ ამ დღეს ჩავა ჩვენი გუნდი ქალაქ კაუნასში, სადაც 10 აგვისტოს რიგით მესამე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვას ნაკრებთან გამართავს.

კაუნასამდე საქართველოს ნაკრები კლაიპედაში ითამაშებს 2 ამხანაგურ მატჩს – 4 აგვისტოს ისრაელთან და 8 აგვისტოს ესტონეთთან. აღნიშნულ ნაკრებებთან საქართველო ნომინალური მასპინძელი იქნება. ორივე შეხვედრა დახურული ხასიათის გახლავთ, რომლის ტრანსლირება არ განხორციელდება.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.

ლიეტუვაში თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში, 14 აგვისტოს, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს (მას-მედიისთვის ღია მატჩში) დაუპირისპირდება.

სოსნოვიეცის შემდეგ საქართველო 9-დღიან შეკრებას პრაღაში, 15-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ელის: 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი. ეროვნული ნაკრები 25 აგვისტოს პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება.

სწორედ ამ ამხანაგურ მატჩებში შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომელიც ევრობასკეტზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.

1tv.ge

საქართველოს ნაკრები სეზონის პირველ საკონტროლო მატჩს დღეს გამართავს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow