
საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით მომზადებული კრიტიკული დასკვნის შემდეგ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ექსპერტი გაათავისუფლეს. ნინო კობალაძის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მატარებლებისთვის განკუთვნილი საცხი ელზეთინი მოხმარებისთვის უვარგისია, თუმცა რკინიგზა მას სავარაუდოდ ამ დრომდე იყენებს, რითიც ათასობით მგზავრის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. კობალაძე ოქტომბერში, მისი სამსახურიდან გათავისუფლებას სწორედ ამ დასკვნის მომზადებას უკავშირებს.
ნინო კობალაძე სამხარაულის ბიუროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და ასახელებს იმ ექსპერტებსაც, ვინც პირველადი დასვკნა გააყალბა – თეო ხუჭუა, პაატა თუშურაშვილი და დოდო ჩორგოლაშვილი. კობალაძის თქმით, სწორედ დასახელებულმა ექსპერტებმა დაწერეს დასკვნა, რომლითაც ნივთიერება ვარგისია.
“მე დავწერე დასკვნა, რომ გარეგანი სახით ეს პროდუქტი არ შეესაბამებოდა სტანდარტების მოთხოვნებს და იყო დასაწუნებელი. რკინიგზიდან მომივიდა ინფორმაცია, რომ გავიდა დადებითი დასკვნა, ჩატარდა ყველა პარამეტრი და თეო ხუჭუამ თითოეულ საცხს დაუწერა 145 – 147 გრადუსი, როდესაც 100 %-ით 122 გრადუსია. თეო ხუჭუამ აბსოლუტურად გააყალბა ეს ყველაფერი. შემპირდნენ, რომ საცხის გამოყენება არ მოხდებოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მომივიდა ინფორმაცია რკინიგზიდან, რომ ამ საცხს დღესაც იყენებენ, იმიტომ რომ დიდი პარტიაა შემოსული და სხვა ელზეთინი არ შემოსულა. მითუმეტეს ზაფხულში, როდესაც ასეთი ტემპერატურაა, შეიძლება ცივ ტეპერატურაში საცხმა გაჭირვებით იმუშაოს, თუმცა სიცხეში ეს არის კატასტროფა” | ამბობს ნინო კობალაძე TV პირველთან