საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდი პარიზში ტიტულს დაიცავს

საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდი მაისის ბოლოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო თაგ-რაგბის ტურნირში ზედიზედ მეორედ ითამაშებს

აპრ. 30, 2025 - 16:27
 0
საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდი პარიზში ტიტულს დაიცავს
საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდი მაისის ბოლოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო თაგ-რაგბის ტურნირში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

უკონტაქტო თაგ-რაგბი მსოფლიოს სპეციალურმა ოლიმპიადამ თავის რიგებში 2019 წელს მიიღო. საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ხელმძღვანელის, ლაშა გოცირელის ინიციატივით და საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით, მორაგბეთა გუნდი შარშან მარტში შეიქმნა, მაისში პარიზის ტურნირზე გაემგზავრა და ოქროს მედლები მოიპოვა (6 მოგება, 1 ფრე).

წელს გუნდი პარიზში ტიტულის დასაცავად მიემგზავრება, სექტემბერში კი შვეიცარიაში ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, სანდრო ლომთაძის განცხადებით, მიზანი 2027 წლის ოლიმპიადისთვის მომზადებაა:

„შარშან პარიზის ტურნირის მოგების შემდეგ ფაქტობრივად არ გავჩერებულვართ. მთელი წლის განმავლობაში ვვარჯიშობდით და საქართველოში ამხანაგურ თამაშებს ვმართავდით. პარიზში გამგზავრებამდე, სადაც ჩვენი მიზანი ტიტულის დაცვა იქნება, კიდევ ორი თამაში გვექნება. ვიცით, რომ წელს პარიზში გუნდები უფრო მომზადებულები იქნებიან და ბიჭებიც მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს. მთავარი ისაა, რომ ეს ბიჭები თავიანთი ქცევით და საქმისადმი მიდგომით ნამდვილ მორაგბეებად ჩამოყალიბდნენ და სრულად იზიარებენ სარაგბო ფასეულობებს“.

„გვყავს ერთი ახალი მოთამაშე - მალხაზ ჩაჩავა. წელს პარიზის გარდა შვეიცარიის საერთაშორისო ტურნირსაც ვითამაშებთ, მთავარი მიზანი კი 2027 წელს ჩილეში გასამართი მსოფლიოს სპეციალური ოლიმპიადაა“.

შეგახსენებთ, სპეციალური ოლიმპიადის გუნდში 5 სპეციალური ათლეტი და 4 მოყვარული მორაგბე ირიცხება.

პარიზის ტურნირზე გასამგზავრებლად ემზადებიან:

გიორგი დიდია, სერგო გვარაძე, გიორგი ტომარაძე, ანზორ ფირუზიშვილი, ნიკოლოზ გარსევანიშვილი, მალხაზ ჩაჩავა, დიტო ხვიჩია, ვახო ჯაფარიძე, ვახო კავთიძე, ლაშა ულარჯიშვილი, ზუკა შენგელია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow