“ტკივილის ობიექტური ნიშნები არ იკვეთება” – სპეციალისტი მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისთვის გაწნულ სილაზე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის და რედაქტორის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, დღეს 30 მაისს, დაკითხეს დაცვის მხარის მოწმე, ქირურგი-იმპლანტოლოგი, ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათია ანდღულაძე. მისი სიტყვებით, ოცწლიანი პროფესიული გამოცდილებით მას შეუძლია ტკივილის მართვა, სიმულაციური ტკივილის, სახის ანატომიური ტკივილის ამოცნობა. დაცვის მხარის მიერ მისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების შესწავლის საფუძველზე თათია […]


ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის და რედაქტორის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, დღეს 30 მაისს, დაკითხეს დაცვის მხარის მოწმე, ქირურგი-იმპლანტოლოგი, ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათია ანდღულაძე.
მისი სიტყვებით, ოცწლიანი პროფესიული გამოცდილებით მას შეუძლია ტკივილის მართვა, სიმულაციური ტკივილის, სახის ანატომიური ტკივილის ამოცნობა. დაცვის მხარის მიერ მისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების შესწავლის საფუძველზე თათია ანდღულაძემ ისაუბრა შეიძლებოდა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძის განეცადა ტკივილი, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად.
“ვიდეოებს, მე რასაც ვუყურე და რაც შევისწავლე პაციენტს (ირაკლი დგებუაძე რედ) არ აღენიშნება ფიზიოლოგიური ტკივილი – მე ამაში დიდი გამოცდილება მაქვს, ყოველდღიურად ვმართავ ტკივილებს, მწვავეს, ქრონიკულს, ტრავმული ხასიათის სიმპტომატიკის დიფერენცირებაც მიწევს, იმიტომ რომ ხშირია დაცემები, ყბების მოტეხილობა და ა.შ და აქ არ იკვეთება არც ერთი მათგანი გარდა თავდაცვისა. ერთმნიშვნელოვნად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აქ ტკივილი არ აღქმულა”, – თქვა თათია ანდღულაძემ.
მისი განმარტებით, ტკივილის სუბიექტური ბუნება კლინიკურ პრაქტიკასა და სასამართლო ექსპერტიზაში ითვალისწინებს შემდეგ ობიექტურ ნიშნებს, ეს არის მიმიკური რეაქცია, მოტორული რეაქცია, ხმოვანი რეაქცია და ქსოვილოვანი დაზიანება.
“ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ქსოვილოვანი დაზიანება არ აღინიშნება, ამიტომ ამ ნაწილს არ შევეხები, შესაბამისად რა დარჩა ჩვენი განხილვის თემად – რჩება მხოლოდ ფიზიოლოგიური რეაქციები ანუ სილის გაწვნის დროს რა ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს – ეს არის მიმიკა და მოტორული რეაქცია ერთდროულად. თუ მე სახის არეში დამარტყამენ პირველ რიგში რასაც ადამიანი აკეთებს, შემდეგ ნერვული სტიმულაციის ინტენსივობაზე თუ ვიღაცას ეჭვი უჩნდება, რომ ძლიერი დარტყმა არ იყო, საშუალო იყო თუ მსუბუქი ხარისხის, ამაზე ცალკე ვისაუბრებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი – ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასა ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილს, ეს არის ეს მოძრაობა (თავად აღწერს რა ტიპის მოძრაობა უნდა ყოფილიყო). თუ ტკივილი ხანგრძლივი ხასიათის არის, მაშინ ადამიანი შეიძლება ჩაიკეცოს, მე აქ კვანტურ მედიცინაზე არ ვსაუბრობ, ეს ყველა ჩვენგანს გამოუცდია. ანუ ჩვენ ამ ვიდეოში რას ვხედავთ, ბატონი ირაკლის, მზიას სილის გაწვნის შემდეგ აღენიშნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რეაქცია ეს არის თავდაცვა, კადრში ხედავთ რომ უკან იხევს ეს არის თავდაცვა, ესეც თანდაყოლილია, არის ასევე შეძენილი რაც სპორტსმენებს აქვთ კარგად განვითარებული, განსაკუთრებით “ბოქსიორებს”, ან წრეში ბურთის ყველა გვითამაშია და ბურთი რომ მოდის ცდილობ აიცილო”, თქვა თათია ანდღულაძემ და განაცხადა რომ კადრში ნანახის მიხედვით ირაკლი დგებუაძე ტკბილის დასტურ მოქმედებას არ გამოხატავს.
მან ასევე დაამატა, რომ “თუ ბატონ ირაკლი დგებუაძეს ეტკინა უნდა ყოფილიყო დაზიანებები, ცოტა ეტკინა არ ხდება – ნერვი მუშაობს ამ პრინციპით ან სტკივა ან არ სტკივა, ტკივილი მერე ვერ განვითარდება”.
მან ასევე თქვა, რომ დარტყმის ძალის განსაზღვრა დარტყმისას გამოცემული შეუძლებელია და ამის საილუსტრაციოდ სახეში რამდენჯერმე გაირტყა ხელი “ხომ აქვს ხმა? მაგრამ არ მტკივა” – თქვა მან და პროკურორს უპასუხა, რომ ობიექტური ტკივილის გამოხატულებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია მოტორული რეაქცია მაგალითად მაგიდას ხელს გაკრავენ და ეტკინებათ, პირველი რასაც მოიმოქმედებ იქნება ის, რომ ამ მტკივნეული ადგილისკენ წაიღებენ მეორე ხელს.
ამგვარად უპასუხა თათია ანდღულაძემ ბრალდების დაშვებას, რომ სილის გაწვნისას გამოცემული ხმა ტკივილის დამადასტურებელი იქნებოდა
16 მაისს მზია ამაღლობელის საქმეზე გამოკითხვისას, სასამართლოს ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ “რადგან ტკივილის ცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური ცნება”, შესაბამისად მას, “როგორც სამედიცინო ექსპერტს, მისი შეფასების კომპეტენცია” არ აქვს.
გივი ჩხარტიშვილმა სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, რომლისთვის ცილის გაწვნასაც ედავებიან მზია ამაღლობელს.
მისივე თქმით, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
მანამდე, 28 აპრილს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოჰკითხეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია. სადაც მან თქვა, რომ, მზია ამაღლობელმა, რომ ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი. “ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
What's Your Reaction?






