"უკეთეს გუნდში გადასვლისთვის ტრამპლინად გამოვიყენებ" - რას გეგმავს ირაკლი აზაროვი
"უკეთეს გუნდში გადასვლისთვის ტრამპლინად გამოვიყენებ" - რას გეგმავს ირაკლი აზაროვი

მატჩი მაღალი ინტერესით მიმდინარეობს, რადგან საქართველოს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა წარმატებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფინალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
შეხვედრის წინ კომენტარი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს U21 ნაკრების ფეხბურთელმა, ირაკლი აზაროვმა გააკეთა.
"მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მეორედ მიწევს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც. მით უმეტეს, სასიხარულოა, რომ ამჯერად ფინალურ ეტაპზე საკუთარი ძალებით, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოვხვდით. ეს შედეგი ჩვენი გუნდის ერთიანობისა და თავდადებული შრომის დამსახურებაა."
აზაროვმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ გუნდის მენტალური მზადყოფნა მაღალია და წარმატების მიღწევისკენ ყველას დიდი მოტივაცია აქვს:
"ვფიქრობ, რითიც აქამდე მოვედით, იგივე შემართებით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. კარგად ვიცით, რომ არცერთი მატჩი იოლი არ იქნება, მით უმეტეს პოლონეთის წინააღმდეგ, რომელიც ძლიერ, ორგანიზებულ გუნდს წარმოადგენს. თუმცა ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის.“
გარდა ამისა, ირაკლი აზაროვმა აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირი ქართველი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესანიშნავი პლატფორმაა:
"ჩემთვისაც და ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ეს ტურნირი იქნება ტრამპლინი, რომ უკეთეს გუნდში გადავიდეთ და კარიერულად განვვითარდეთ. ასეთ ტურნირებზე გამორჩეული თამაშით ყურადღების მიპყრობა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც ამ მოტივაციით ვთამაშობთ."
- აღნიშნა ახალგაზრდა ქართველმა მცველმა.
What's Your Reaction?






