"შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინეთ, დარწმუნებული ვარ, მეტი რესურსი გვაქვს" - ლევან კორღალიძე

იბერიამ საშინაო კედლებში შვედურ მალმიოსთან 1:3 წააგო და დიდი ალბათობით, განმეორებით შეხვედრაშიც განსხვავებულს ბევრს ვერაფერს ვნახავთ

ივლ. 9, 2025 - 02:27
 0
"შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინეთ, დარწმუნებული ვარ, მეტი რესურსი გვაქვს" - ლევან კორღალიძე
იბერიამ საშინაო კედლებში შვედურ მალმიოსთან 1:3 წააგო და დიდი ალბათობით, განმეორებით შეხვედრაშიც განსხვავებულს ბევრს ვერაფერს ვნახავთ.

მატჩის შემდეგ ქართული კლუბის დამრიგებელმა, ლევან კორღალიძემ მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ საუბარი რთულია. ვფიქრობ, რომ ეს ის თამაში არ იყო, რომელიც ასეთი ანგარიშით უნდა წაგვეგო. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს. მიმაჩნია, რომ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოვაჩინეთ. დარწმუნებული ვარ, მეტი რესურსი გვაქვს. ყველა მოთამაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, მაგრამ ყველაფერზე პასუხიმგებლობა მე მეკისრება.

არ მჩვევია მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ასეთი მსაჯობა იშვიათად მინახავს – გადამწყვეტ მომენტებში ყველა საკამათო ეპიზოდი ჩვენ წინააღმდეგ გადაწყდა. თუმცა, ვიმეორებ – ყველა დარტყმას საკუთარ თავზე ვიღებ. შევთანხმდეთ, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია, თუმცა სისუსტეებიც აქვს. იმედია, რაც საქართველოში ვერ მოვახერხეთ, შვედეთში შევძლებთ – უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.

გუნდის ჩამოყალიბება ადვილი არ არის. ორი ლეგიონერი ახლახან შემოგვიერთდა და ჯერ შესათამაშებლები არიან. ისინი ჯერ სრულ მზადყოფნაში არ არიან, მაგრამ კარგია, რომ მოედანზე გამოსვლისას თამაშში გარდატეხა შეიტანეს.

- თქვა კორღალიძემ.

ცნობისთვის, მალმიოსა და იბერიას განმეორებითი დაპირისპირება 1 კვირაში, 15 ივლისს შედგება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow