ცუცა კაპანაძე: “უცხოეთში ამ ბავშვებმა და თეატრმა გადამარჩინა“
15 ივნისს ნიუ-იორკში არსებულ ბავშვთა თეატრში პრემიერა გაიმართა. პატარა მსახიობებმა მაყურებელს წარმოუდგინეს სპექტაკლი „ჟოზე და მისი მეგობრები“. თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი, ამერიკაში მცხოვრები მსახიობი ცუცა კაპანაძეა. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს და პრემიერის შესახებ უშუალოდ მისგან გავიგეთ. – ცუცა, გილოცავ წარმატებულ პრემიერას… – მადლობელი ვარ. ძალიან მიხარია, რომ სპექტაკლი შედგა, ამისთვის ჩემი პატარები და […]


15 ივნისს ნიუ-იორკში არსებულ ბავშვთა თეატრში პრემიერა გაიმართა. პატარა მსახიობებმა მაყურებელს წარმოუდგინეს სპექტაკლი „ჟოზე და მისი მეგობრები“. თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი, ამერიკაში მცხოვრები მსახიობი ცუცა კაპანაძეა. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს და პრემიერის შესახებ უშუალოდ მისგან გავიგეთ.
– ცუცა, გილოცავ წარმატებულ პრემიერას…
– მადლობელი ვარ. ძალიან მიხარია, რომ სპექტაკლი შედგა, ამისთვის ჩემი პატარები და სპექტაკლზე მომუშავე ყველა ადამიანი ბოლომდე დაიხარჯა. მაყურებელს ვუჩვენეთ „ჟოზე და მისი მეგობრები“. სპექტაკლში, სადაც ბავშვების საყვარელი გმირები ჟირაფი ჟოზე და მისი მეგობრები არიან, პერსონაჟები ვაჟა ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილიდან“ და რამდენიმე ქართული ანიმაციური ფილმიდან შევიყვანე. შეყვარებულ ჩხიკვებს, ქეთევანსა და ზაქარას, რომეოსა და ჯულიეტას ტექსტი წავაკითხე. ამით ჩვენი ბავშვები ქართულ ნაწარმოებებს, ანიმაციურ ფილმებს და ცოტა შექსპირსაც ერთად გაეცნენ. ასეთი სინთეზი ორიგინალური გამოვიდა და რაც მთავარია, თავად ბავშვებსაც მოეწონათ.
– ერთხელ ინტერვიუში თქვი: „სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავსო“, მაგრამ შორს მყოფიც ახერხებ იმას, რომ უცხოეთში დაბადებულმა ბავშვებმა ქართული გაზაფხული სცენიდან შეიგრძნონ…
– ამაში, პირველ რიგში, მისი აღმატებულება – თეატრი მეხმარება. ბედნიერებაა, როცა უცხოეთში საყვარელი საქმის კეთების საშუალება გეძლევა და ამისთვის, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველების სახელითაც, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ძალიან ჩვენიან ამერიკელს, ბატონ ვიქტორ სილერსონს, რომლის დამსახურებაცაა ქართული კულტურისა და თეატრის არსებობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრმა გადაგვარჩინა. რაც მთავარია, მისი დახმარებით ემიგრაციაში დაბადებულ პატარებს ქართულ ხელოვნებას, კულტურას და სამშობლოს ვაყვარებთ. როდესაც სპექტაკლის შემდეგ ბავშვების ბედნიერ სახეებს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ამას მართლა ვახერხებთ.
– როდის დაარსდა ნიუ-იორკში ბავშვთა თეატრი?
– ეს თეატრი 2007 წლიდან არსებობს. 2008 წელს მსახიობ ხათუნა იოსელიანს სთხოვეს, რომ ქართველი ბავშვებისთვის სპექტაკლი დაედგა და არჩევანი ნოდარ დუმბაძის „ელადოსზე” შეაჩერა. იმ სპექტაკლში მეც ვთამაშობ. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ათ წლამდე ბავშვებით თეატრი ჩამომეყალიბებინა. მაშინ გაჩნდა ორი თეატრი, რომელთაგან ერთში სამიდან ათ წლამდე ბავშვები იქნებოდნენ და მას მე ვუხელმძღვანელებდი. უკვე დავრწმუნდი, რომ ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მის ნოსტალგიასაც სხვებზე უფრო მეტად განვიცდით. ამიტომაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნიუ-იორკში ბავშვთა ქართული თეატრის არსებობა.
რა თქმა უნდა, არც პატარა მსახიობები დავტოვეთ უყურადღებოდ. მათ მხოლოდ ორი კითხვა დავუსვით: რა არის მათთვის თეატრი და როგორ ესმით სამშობლო და ახლა თითოეულ მათგანს ჩვენი ფოტოკოლაჟით გაგაცნობთ.
ცუცა კაპანაძე: მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე: როგორები არიან ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვები? მე ვპასუხობ, რომ ისინი პირველ რიგში, ქართველები არიან! ძალიან ნიჭიერები, ენერგიით სავსე და თბილი ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ აქ, უცხოეთში ამ ბავშვებმა და თეატრმა გადამარჩინა.
თეონა გოგნიაშვილი
What's Your Reaction?






