წელს სააღდგომო ტკბილეულის, პასკისა და კვერცხის ფასები გაზრდილია
წელს, სააღდგომო ტკბილეულის (პასკის) ფასი ძალიან არის გაზრდილი, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საკონდიტრო „ლაიმის“ დამფუძნებელმა, ქრისტინე ბუბუნაშვილმა სააღდგომოდ პასკის ფასის შეფასებისას ისაუბრა და დასძინა, რომ პროდუქციაზე ფასის მომატება მათაც მოუწიათ. მისივე თქმით, საკონდიტრო მომხმარებელს ტრადიციულ და ხაჭოს პასკას სთავაზობს, რომელზედაც მოთხოვნა დიდია. ამასთან, ქრისტინე ბუბუნაშვილი მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზეც მიუთითებს, რომლებიც თადარიგს წინასწარ […]


წელს, სააღდგომო ტკბილეულის (პასკის) ფასი ძალიან არის გაზრდილი, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საკონდიტრო „ლაიმის“ დამფუძნებელმა, ქრისტინე ბუბუნაშვილმა სააღდგომოდ პასკის ფასის შეფასებისას ისაუბრა და დასძინა, რომ პროდუქციაზე ფასის მომატება მათაც მოუწიათ.
მისივე თქმით, საკონდიტრო მომხმარებელს ტრადიციულ და ხაჭოს პასკას სთავაზობს, რომელზედაც მოთხოვნა დიდია. ამასთან, ქრისტინე ბუბუნაშვილი მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზეც მიუთითებს, რომლებიც თადარიგს წინასწარ დიდი ხნით ადრე იჭერენ და უკვეთავენ.
„ინგრედიენტის ფასები წლიდან წლამდე იმატებს, თუმცა ჩვენ შევძელით, რომ მომხმარებლისთვის ადეკვატური ფასი შეგვეთავაზებინა. იცით, რომ არის ადგილები, სადაც პასკის ფასი სადღესასწაულო ტორტს უტოლდება. მე ასე ვუყურებ, რომ პასკა არის სააღდგომო ტკბილეული, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს და მისი მირთმევა ყველას უნდა შეეძლოს. ამიტომ, შევძელით, რომ ფასი მინიმალურად გაგვეზარდა. რა თქმა უნდა, ხარისხი იგივეა, თუ მეტი არა.
ჩვენთან [პასკა] შარშან 35 ლარი ღირდა, წელს 40 ლარი ეღირება, რაც საკმაოდ დიდი ზრდაა, მაგრამ ესეც მინიმუმია, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ზოგადად, წელს სააღდგომო ტკბილეულის ფასი ძალიან არის გაზრდილი“, – ამბობს საკონდიტროს დამფუძნებელი.
გასულ წელთან შედარებით რომ ფასები კვერცხსა და პასკაზე მომატებულია, ადასტურებს რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილიც. მისი თქმით, წელს კვერცხის ფასები წლიურად 5-6%-ის ფარგლებში, ხოლო პასკის ფასები დაახლოებით 5-8%-ის ფარგლებშია გაზრდილი.
„კვერცხის და პასკის ფასები შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, კვერცხის ფასები 5-6%-ის, ხოლო პასკის ფასები 5-8%-ის ფარგლებში გაძვირდა. რაც შეეხება რეალიზაციას, გაყიდვები გაზრდილია ბოლო პერიოდში“, – ამბობს ქაშაკაშვილი და დასძენს, რომ მარკეტებს როგორც კვერცხის, ასევე პასკის საკმარისი რაოდენობა აქვთ და სააღდგომო პერიოდში დეფიციტი არ შეინიშნება
„მარაგები არის, წელს კიდევ უფრო ბევრი ისეთი ახალი მწარმოებელი შეეხმიანა ჩვენს ქსელებს, ვინც დაიწყო პასკის ცხობა და პასკის დეფიციტი არ არსებობს. მე გესაუბრებით მსხვილი მარკეტების სახელით, თუმცა იმდენად დიდი მოწოდება არის, რომ არც უბნის ტიპის მაღაზიებს არ გაუჭირდებათ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ფასებიც გათვალისწინებულია ყველანაირ სეგმენტზე, პასკის ფასი იწყება 10 ლარიდან და გრძელდება უსასრულოდ“, – განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.
წყარო: bm.ge bpn.ge
What's Your Reaction?






