ჭაბუკთა "ბ" ლიგა | "ლელომ" სეზონი ტრიუმფით დახურა
ჭაბუკთა "ბ" ლიგა | "ლელომ" სეზონი ტრიუმფით დახურა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში კი ბადალი არ ყავდა ბექა ყორიაულისა და გიორგი ასათიანის ბიჭებს. ‘ლელომ’ პირველობის ყველა შეხვედრა მოიგო და ტიტული მიჯრით მეექვსედ მოიპოვა. 2016 წლიდან მოყოლებული ‘ლელომ’ უმცროს ასაკში ჩემპიონობა მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 პირველობიდან ‘ლელოს’ ორივე ასაკის გუნდებმა „ოქროს დუბლის“ შესრულება მხოლოდ 1 სეზონში ვერ მოახერხეს.
უმრწმესი ასაკის, 15-წლამდელთა შეჯიბრებებიც ‘ლელოს’ დომინაციით გამოირჩა. ლუკა ხეხელაშვილისა და ირაკლი ყიასაშვილის თავკაცობით ყმაწვილმა ლელოელებმა ჯერ ქვეყნის პირველობა მოიგეს, შემდგომ კი მოშვიდკაცეთა ჩემპიონატშიც იპირველეს. ‘ლელოს’ რაგბის აკადემია 7-კაცას განვითარებაზე კარგა ხანია ნაყოფიერად ზრუნავს და 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სამონაწილეოდ საქართველოს ნაკრების თავკაცებმა ‘ლელოს’ 3 მოთამაშეს უხმეს.
‘ლელო’ ტრადიციას არ ღალატობს და ყველა ზემოთ ხსენებული მწვრთნელი ‘ლელოს’ აკადემიის აღზრდილი გახლავთ. დიდი 10-ის ბინადარ ‘ლელოს’ ერთ-ერთმა ლიდერმა, მარბიელმა ბექა ყორიაულმა პარალელურად დაწყებული დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის გარიჟრაჟზევე მოახერხა ტიტულის მოპოვება, რაც 25 წლის ნიჭიერი და შრომისმოყვარე სპორტსმენისთვის დიდი წარმატებაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ბოლო შეკრებაზე ყორიაულის 10 შეგირდი იქნა გამოძახებული.
მოქმედი კარიერის დასრულების შემდეგ ‘ლელოს’ ყოფილმა ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ბორჯღალოსანის ცოდნა და მდიდარი გამოცდილება მოზარდ მორაგბეებს დიდ სამსახურს უწევს.
‘ლელო’ ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების მთავარ დონორად და არტერიად რჩება, რაშიც ლომის წილი აკადემიისა და გუნდის ლეგენდარულ დამაარსებელსა და პრეზიდენტ ბათუ კევლიშვილს მიუძღვის.
გამართული ინფრასტრუქტურა, საათივით აწყობილი სავარჯიშო პროცესი, მწვრთნელთა ზრდა-განვითარებაზე ქრონიკული ზრუნვა, მორაგბეების ეროვნული სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების ამაღლება, მეგობრულ გარემოში ერთ მუშტად შეკრული დიდ დიღმელ მორაგბეთა ფართო ოჯახი, რის შექმნას ქართული რაგბის ამაგდარმა ბერმუხამ ბათუ კევლიშვილმა დაუღალავი შრომით 4 ათეულ წელზე მეტი დრო შეალია და მრავალი გამოჩენილი ბორჯღალოსანისა და ლეგიონერის აღმზრდელს გარჯა დაუფასდა კიდეც. ‘ლელოს’ აკადემიაში მოხვედრა ნებისმიერი მოზარდი მორაგბის ოცნებას წარმოადგენს და უმძაფრესი შიდა კონკურენციის პირობებში „ლელო არენაზე“ ოვალით ბურთაობა ნიჭიერ, რჩეულ მორაგბეთა ხვედრია.
მართალია, ‘ლელოს’ მთავარმა გუნდმა დიდი 10-ის რეგულარული სეზონი მისთვის შეუფერებელ, მხოლოდ მე-7 ადგილზე დაასრულა, თუმცა ქვეყნის 6-გზის ჩემპიონი ელიტის მონაწილეთა შორის ერთადერთი გუნდია, რომელიც საშოვარზე გადმოხვეწილ კუნძულელი აბორიგენებისა და სამხრეთ აფრიკელი მორაგბეების დამხარებას კატეგორიულად უარობს და აქცენტს სრულად საკუთარი აკადემიის მორაგბეთა სათანადო სათამაშო პრაქტიკის მიღებასა და მათ ზრდა-დაოსტატებაზე აკეთებს.
ბათუ კევლიშვილისა და მისი გუნდის უმთავრეს მიზანს ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა, ქართული „ფრანჩიზა-შავი ლომისა“ და ბორჯღალოსანთა რიგებში ნიჭიერი მორაგბეების უხვი ოდენობის დელეგირება წარმოადგენს და პარალელურად ფრანგულ გუნდებში იმედისმომცემ მოთამაშეთა დასაქმებასაც ხელს მაქსიმალურად უწყობს. ყოველი სეზონის მიწურულს, ‘ლელოს’ შემადგენლობის ლამის 1/3 კარიერას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლეგიონერის სტატუსით აგრძელებს.
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ‘ლელო’-‘ხვამლის’ დედაქალაქური ფინალი ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატოს“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართა. დიდ დიღმელებს რეგულარული სეზონის შემდეგ, საკლასიფიკაციო პლეი ოფის ორივე შეხვედრაში მუხიანელები უშანსოდ ყავდათ დატოვებული - 48:15 და 47:0.
ფინალის ტრადიციულ მღელვარებას ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმაც დაერთო, რამაც მატჩის სანახაობრივ მხარეს დიდი დაღი დაასვა. გუნდებს სველი ოვალის დამორჩილება უჭირდათ, რომელიც ხშირად ტრაექტორიას თვითნებურად იცვლიდა. ამას მეტოქეთა მხრიდან შესრულებული უამრავი დომინანტური ბოჭვაც დაერთო და გუნდები მხოლოდ თითო გატანილ ლელოს დაჯერდნენ.
თავი ჯერ ‘ლელოს’ კვაჭმა საბა ჯიბღაშვილმა გამოიჩინა, ‘ხვამლის’ მხრიდან კი ლელო ასევე პირველ ნახევარში კვაჭმა ლუკა გორგოძემ მოახერხა. მართალია, ორივე გუნდს გარდასახვები გაუცუდდა, თუმცა მუხიანელთა ფრთა გიორგი ირემაძის გატანილმა წყვილმა ჯარიმამ ‘ხვამლს’ ტაიმი 11:5 მოაგებინა.
მეორე ტაიმში ‘ლელომ’ თამაშის ორგანიზაციული მხარე აამაღლა, შეცდომებს უკლო, მეტოქეზე წნეხი გააძლიერა და მუხიანელებს შედეგიანი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. დიდ დიღმელები მწყობრად, პრაგმატულად მოქმედებედნენ და ხელსაყრელი პოზიციებიდან კარში დასარტყამი 3 ჯარიმა გამოიმუშავეს. პირქარში თამაშის მიუხედავად, ‘ლელოს’ ფულბეკ ოთო ტალახაძეს სამიზნე არ გამრუდებია, რითაც ბექა ყორიაულის შეგირდებმა ტიტული ურთულესს შეხვედრაში წარმატებით დაიცვეს - 14:11. ‘ხვამლმა’ პოდიუმს ისტორიაში მეხუთედ უწია, რომელთაგან ვერცხლის მედლებს მესამედ დაეუფლა.
ბოლო წლებია, რაც უმცროსი ჭაბუკების პირველობის გამარჯვებული დავით გვაზავას სახელობის გულშემატკივართა თასით ჯილდოვდება. ამჯერზე საჩემპიონო თასი ‘ლელოს’ კაპიტანმა გიორგი გაბუნიამ გვაზავების ოჯახის თავკაცის გეგი გვაზავას ხელიდან ჩაიბარა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელს ‘აია’-‘აკადემიას’ შეხვედრა არკვევდა. რიონისპირელებმა საკლასიფიკაციო პლეი ოფში მეტოქეზე 2-ით მაღალი, მე-4 ადგილი დაიკავეს და „მხატვრებს“ გადამწყვეტ შეხვედრაში მშობლიური „აია არენას“ ხელოვნურ საფარიან მოედანზე უმასპინძლეს. მატჩის დებიუტში შუამარბ ვახტანგ ჭუმბურიძის გარდაუსახავი ლელოთი ‘აია’ დაწინაურდა, რის შემდგომ ტაიმნახევრის განმავლობაში შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა და გუნდებს 4-4 გატანილი ლელო დაუგროვდათ. ფრთა საბა თოიძისა და კვაჭ სანდრო გამყრელიძის „დუბლთა“ მეოხებით ‘აკადემია’ მატჩის დასკვნითი მონაკვეთის წინ 2-ქულიან უპირატესობას ფლობდა.
დარჩენილ დროში ‘აიამ’ ტემპს უმატა, მეტოქეზე წნეხი გააძლიერა, სტატიკაში იმძლავრა და თან მასპინძელთა დამრიგებელი გაგა სინაურიძე მარქაფადან ჩართულმა შეგირდებმაც არ გააწბილეს. მარბიელ გიორგი კასოევის, ბურჯ ლუკა მანჯგალაძისა და ფულბეკ ლუკა მუშკუდიანის უპასუხო ლელოთა წყალობით ‘აიამ’ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. მუშკუდიანმა „დუბლი“ გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც მის მიერ გატანილი მეორე ლელოთი დაფიქსირდა. ‘აიამ’ მატჩი 41:26 მოიგო და 2014 წლიდან მოყოლებული პოდიუმზე მეშვიდედ განთავსდა.
RUGBY.GE
What's Your Reaction?






