ბიძინა ივანიშვილს FDI-ს ზრდა არ აწყობს, რადგან მისი ეკონომიკური ანაბეჭდი შემცირდება – ფინანსისტი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, 2025 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 7.7%-იანი ვარდნა იმაზე მეტყველებს, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით საქართველო მიმზიდველი არაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ FDI-ის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ცნობილია, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 179 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო – 2010 წლის შემდეგ, ასეთი დაბალი FDI მხოლოდ პანდემიურ ორ […]

ივნ. 13, 2025 - 10:57
 0
ბიძინა ივანიშვილს FDI-ს ზრდა არ აწყობს, რადგან მისი ეკონომიკური ანაბეჭდი შემცირდება – ფინანსისტი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, 2025 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 7.7%-იანი ვარდნა იმაზე მეტყველებს, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით საქართველო მიმზიდველი არაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ FDI-ის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 179 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო – 2010 წლის შემდეგ, ასეთი დაბალი FDI მხოლოდ პანდემიურ ორ წელს (2020 და 2021 წლების I კვარტალი) დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში 2023 წელთან შედარებით, FDI, ფაქტობრივად, სამჯერ შემცირდა – 645 მილიონიდან 194 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
გიგა ბედინეიშვილის თქმით, მართალია, FDI-ის ნაკადებს აბსოლუტურ გამოხატულებაში ვითვლით და კლება აქაც ჩანს, მაგრამ თუ მშპ-თან ანუ ეკონომიკის ზომასთან მიმართებით დავითვლით, ვარდნა კიდევ უფრო მკვეთრი იქნება.
– FDI-ის მოზიდვას სჭირდება პროაქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ის თემაა, სადაც მთავრობას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია იმისთვის, რომ შექმნას პირობები ინვესტიციების ზრდისთვის, თუმცა ვშიშობ, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ FDI-ს ზრდას ხელი შეეწყოს და შედეგიც სახეზეა – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება მაინც და მაინც გასაკვირი არაა. შეიძლება, კონსპირაციულ თეორიებშიც შევიდეთ, რაც მე სულაც არ მიმაჩნია კონსპირაციად – საკმაოდ რეალისტურია, რომ დიდი FDI ბიძინა ივანიშვილს სულაც არ აწყობს.
– რატომ?
– მისი ეკონომიკური ანაბეჭდი პროპორციულად შემცირდება სხვა ინვესტორებთან შედარებით, ამიტომ კონკურენცია შეუქმნას თავის თავს, როგორც ეკონომიკურ აქტორს, ალბათ არ აწყობს. არ ვამბობ, რომ ყველაფერს აკეთებს FDI-ის შესამცირებლად, მაგრამ ინსტინქტის დონეზე არ აწყობს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქვეყნის მართვის ის მოდელი, რაც გვაქვს, ხელს არ უწყობს ინვესტიციების მოზიდვას.
საქართველოს საინვესტიციო კლიმატის სუსტი მხარეების მიმოხილვისას გიგა ბედინეიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას, რასაც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები და რისკები დაემატა.
„ტიპურ უცხოელ ინვესტორს საქართველოში აინტერესებს ფულის ჩადება იმისთვის, რომ აქედან წვდომა ჰქონდეს ევროპულ ბაზარზე… წლების განმავლობაში, ასე „იფუთებოდა“ საქართველოს საინვესტიციო გარემო და ეს იყო სწორი, რადგან [ჩვენი ქვეყანა პატარა ბაზარია]. დღეს, კი ევროპულ ბაზარზე წვდომა კითხვის ნიშნის ქვეშაა დასმული. თუ ევროპის და ამერიკის გინება გავაგრძელეთ, რატომ უნდა გვეგონოს, რომ ამ ბაზრებზე წვდომა გაუმჯობესდება?!“, – ამბობს ფინანსისტი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow