ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი… სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ – წულუკიანი კომისიაზე
გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, სიმონ ჯანაშია – სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჩამოთვალა რამდენიმე ადამიანი, ვისზეც „მოკვლევაა საჭირო“ და „სანამ დაიბარებენ“, მათ კომისიაში ნებაყოფლობით სტუმრობისკენ მოუწოდა. „იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ თავად მობრძანდნენ. მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი […]


გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, სიმონ ჯანაშია – სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჩამოთვალა რამდენიმე ადამიანი, ვისზეც „მოკვლევაა საჭირო“ და „სანამ დაიბარებენ“, მათ კომისიაში ნებაყოფლობით სტუმრობისკენ მოუწოდა.
„იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ თავად მობრძანდნენ. მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული“, – განაცხადა წულუკიანმა.
„ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 4 ივნისს, კომისიის მორიგი სხდომის დასასრულს.
მან ასევე განაცხადა: „ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს ვინც, აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება“.
„მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა“, – თქვა თეა წულუკიანმა.
მისი თქმითვე, კომისიის მუშაობა 5 ივლისს დასრულდება, დარჩენილ პერიოდში კი სხდომები გაიმართება კვირის განმავლობაში მხოლოდ ორშაბათობით და ოთხშაბათობით.
ეს სახელები წულუკიანმა დაასახელა მას შემდეგ, რაც კომისიაზე მოისმინეს ის, რასაც უწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს „საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის“ ფაქტები.
წულუკიანის განცხადებით, „ყველა ამ ადამიანმა“, – [მოძრაობა] „კმარას“ „ორგანიზაციის ხალხმა“, – „თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში“.
წულუკიანის ჩამოთვლილ სახელებს შორის იყო:
· გიგა ბოკერია, – ამჟამად პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო; 2017 წლიდან მან თანაგუნდელების ნაწილთან ერთად „ევროპული საქართველოს“ რიგებში გააგრძელა პოლიტიკური კარიერა;
· ლევან რამიშვილი, რომელიც 1996 წლიდან „თავისუფლების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარეა, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე არ ყოფილა; აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში; არის ენმ-ის პერიოდში მიღებული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონების ავტორი;
· გიორგი კანდელაკი – ყოფილი დეპუტატი, ენმ-ისა და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი; მანამდე – წინააღმდეგობის მოძრაობა „კმარას“ წევრი; ამჟამად კვლევით საქმიანობას ეწევა და მუშაობს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ (SovLab-ში).
· ჩიორა თაქთაქიშვილიც ყოფილი პარლამენტარია, – 2008-12 და 2012-16 წლების პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობიდან“. 2020 წელს მან პარტია დატოვა და წლებია, აღარ არის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმული;
· სიმონ ჯანაშია არის განათლების პოლიტიკის ექსპერტი, 2004-09 წლებში განათლების რეფორმის პროექტ „ილია ჭავჭავაძის“ ხელმძღვანელი; ამჟამად არის მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ (2024 წლის არჩევნებზე „ძლიერი საქართველოს“ კოალიციური პარტნიორის) ერთ-ერთი ლიდერი და მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.
„ფედერალისტების“ თანადამფუძნებელმა გიგა ბოკერიამ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე არ დაიბარებენ, პარტიის მესვეურები საკუთარი მხარდამჭერების „დასაცინები გახდებიან“, ხოლო თუ დაიბარებენ, იგი ამ „კლოუნადაში“ მონაწილეობას არ მიიღებს.
კომისიაზე დაბარების შემდეგ, გამოუცხადებლობის გამო დაპატიმრებულები არიან პოლიტიკოსები – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. განაჩენი ჯერ არ დამდგარა, დაკავების ფორმალური საფუძველი გირაოს გადაუხდელობაა. თუმცა მათ ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ამავე საქმეზე გირაოს გადახდას არ აპირებს არც ნიკა გვარამია.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგაც: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, გიორგი ვაშაძე. მათ გირაო გადაიხადეს.
ექსპრემეირი გიორგი გახარია კომისიაზე გამოცხადდა.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა.
დღეს, 4 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ანგარიში, რომელიც გმობს იმას, რასაც უწოდებს „პოლიტიკური ოპონენტების უკანონო დევნას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით „დე ფაქტო პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის მიერ“.
კომიტეტი წერს, რომ საგამოძიებო კომისია „პოლიტიკურ ხასიათისა“ და ხაზს უსვამს, რომ ის შეიქმნა „ნამდვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის [დაანონსების] პარალელურად“.
ფორუმი
What's Your Reaction?






