"თრომბოზის ისტორია ჩემთვის დასრულებულია" - ვემბანიამა მოედანს უბრუნდება
"სან ანტონიო სპურსის" სუპერტალანტმა ვიქტორ ვემბანიამამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვენების ღრმა თრომბოზის შემდეგ უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და მოედანზე დაბრუნებისთვის სამედიცინო პერსონალისგან მწვანე შუქი მიიღო.

21 წლის ფრანგ კალათბურთელს მარტში პრობლემის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც იძულებული გახდა, 2024–25 წლების სეზონი დროზე ადრე დაესრულებინა. „სპურსის“ პირველ ნომრად შერჩეული მოთამაშე მკურნალობის პროცესს „თავგადასავალს“ უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ ახლა როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გაცილებით უკეთ გრძნობს თავს:
"ოფიციალურად მაქვს თამაშის უფლება. სპურსის სამედიცინო შტაბმა ნება მომცა, რომ დავბრუნდე და, როგორც იქნა, საბოლოოდ შევძლებ კალათბურთის თამაშს! თრომბოზის ისტორია ჩემთვის დასრულებულია და იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება.“
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ვემბანიამას ადგილი ევრობასკეტ 2025-ის გაფართოებულ განაცხადში არ გამოუნახა, გადაწყვეტილება ნაკრებისგან არაა მოულოდნელი – მოთამაშის პრიორიტეტი ახალი სეზონისთვის სრული მზადყოფნის მოპოვებაა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვემბანიამამ 176 დაფარება დააგროვა, რაც NBA-ის 2024/25 წლების გათამაშებაში საუკეთესო შედეგი იყო. იგი სანდრო მამუკელაშვილის ყოფილი თანაგუნდელია და კვლავ მიიჩნევა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ტალანტად.
What's Your Reaction?






