ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი გრძელდება
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფი მიხეილ ყაველაშვილი და “ქართული ოცნების” დელეგაციის სხვა წევრები. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მოულოცა მიხეილ ყაველაშვილს “საქართველოს პრეზიდენტად არჩევა”. “პრემიერ-მინისტრმა მას წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე მეგობარი საქართველოს, ორმხრივი ურთიერთობების და რეგიონის კეთილდღეობისთვის”. „თქვენ იცით, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს. […]


სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფი მიხეილ ყაველაშვილი და “ქართული ოცნების” დელეგაციის სხვა წევრები.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მოულოცა მიხეილ ყაველაშვილს “საქართველოს პრეზიდენტად არჩევა”.
“პრემიერ-მინისტრმა მას წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე მეგობარი საქართველოს, ორმხრივი ურთიერთობების და რეგიონის კეთილდღეობისთვის”.
„თქვენ იცით, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს. ყოველთვის ვამბობდი და კვლავაც მჯერა, რომ საქართველოსა და სომხეთს აქვთ საერთო ინტერესები და სწორედ ამ ინტერესებზე დაყრდნობით უნდა ავაშენოთ ჩვენი ურთიერთობები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
როგორც არმენპრესი წერს, მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფაშინიანს თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია პირველად სტუმრობა მეზობელ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის რანგში.
„ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ჩვენი ხალხები საუკუნეებია, რაც გვერდი-გვერდ ცხოვრობენ, ჩვენი მეგობრობა 3000 წელზე მეტს ითვლის და მთელ მსოფლიოში მისაბაძია. ამაზე ვესაუბრე სომხეთის პრეზიდენტსაც და ნამდვილად უნიკალურია, რომ დღეს ჩვენი ერების თანაცხოვრება გრძელდება. ცხადია, ჩვენი ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს, გასულ წელს გაფორმდა სტრატეგიული შეთანხმება“, – უთხრა ყაველაშვილმა ფაშინიანს.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა იმასაც, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმება შეთანხმებულია და იმედი გამოთქვა, რომ ის მალე გაფორმდება და რეგიონში დამკვიდრდება მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა.
სომხური მედიის ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტები.
“მათ მაღალი შეფასება მისცეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობას და აღნიშნეს, რომ აქტიური დიალოგი ახალ იმპულსს აძლევს თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა მიმართულებით”.
ფაშინიანის გარდა ყაველაშვილი შეხვდა ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს.
“ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო მნიშვნელობის რიგ საკითხებზე, მათ შორის გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და რეგიონულ პერსპექტივებზე”, – იუწყება არმენპრესი.
What's Your Reaction?






