ყველა ზღვარს გადავიდა - იტალიელი ჟურნალისტის რასისტული კომენტარი ხვიჩაზე

იტალიაში, განსაკუთრებით კი ნეაპოლში, ფეხბურთელების მიმართ საჯარო შეურაცხყოფა და დისკრიმინაციული გამონათქვამები ხშირი მოვლენაა...

ივლ. 21, 2025 - 13:57
 0
ყველა ზღვარს გადავიდა - იტალიელი ჟურნალისტის რასისტული კომენტარი ხვიჩაზე
იტალიაში, განსაკუთრებით კი ნეაპოლში, ფეხბურთელების მიმართ საჯარო შეურაცხყოფა და დისკრიმინაციული გამონათქვამები ხშირი მოვლენაა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო დღეებში. რამდენიმე დღის წინ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ქალაქში ბანერი გამოფინეს, სადაც ვიქტორ ოსიმენს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს – „უვიცი“ და „მდაბიო“. თუმცა, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მაშინ, როცა ეთერში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, მისამართით რასისტული შენიშვნა გაისმა.

როგორც იტალიური გამოცემა Tuttonapoli იუწყება, Canale 8-ზე გადაცემის Ne parliamo da Dimaro პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა და „გაძეტა დელო სპორტის“ ყოფილმა თანამშრომელმა, გაეტანო იმპარატომ, ხვიჩას შესახებ საუბრისას შეურაცხმყოფელი გამოთქმა გამოიყენა და მას „ციგანი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება კვარაცხელიას „პსჟ“-ში გადასვლის კონტექსტში გაკეთდა.

იმპარატოს სიტყვებმა მაყურებელთა ნაწილში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ბევრი მის ნათქვამს სრულიად მიუღებლად მიიჩნევდა, თუმცა არსებობდა აუდიტორიის ისეთი სეგმენტიც, ვისაც ქართველი ფეხბურთელის გაკრიტიკება მოეწონა.

ამ ფაქტზე მკაცრი პასუხი გასცა როგორც ტელეკომპანიამ, ისე კლუბმა „ნაპოლიმ“ – იმპარატოს აუკრძალეს ეთერში გამოჩენა და აკრედიტაციაც გაუუქმეს. მიზეზად დასახელდა რასისტული ტერმინის გამოყენება, რაც, მათი შეფასებით, დისკრიმინაციას და სიძულვილის ენას წარმოადგენს.

Sport.virgilio-ც გამოეხმაურა ამ ინციდენტს და ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ადამიანის, მით უმეტეს საჯარო პირის, შეურაცხყოფა დაუშვებელია. გამოცემა შეახსენებს მკითხველს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იმპარატო ამგვარი განცხადებებით გამოირჩევა – ერთ-ერთ წინა ეთერში მან ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ სარკაზმით თქვა, თითქოს ფეხბურთელი ინვალიდის ეტლში იჯდა და ისე თამაშობდა.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იტალიურ საფეხბურთო სივრცეში სიძულვილის ენა და რასიზმი კვლავ სერიოზული პრობლემაა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow