20 წ. | ორი ლელო მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | ორი ლელო მსოფლიოს ჩემპიონთან

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 14 ივნისს „ავჭალაზე“ მოქმედ ჩემპიონ ინგლისთან დასკვნითი რეპეტიციაგამართეს. სტუმრებმა თამაში 43:14 მოიგეს, თუმცა საქართველომ დიდი გამოცდილება შეიძინა და ეს იტალიაში აუცილებლად წაადგება.
გუნდის მთავარ მწვრთნელს ლადო კილასონიას ეს თამაში ტაქტიკური მონახაზის დამუშავების გარდა, სელექციისთვისაც წაადგება. ამიტომ მას განაცხადში 37 მოთამაშე ყავდა (მათ შორის რამდენიმე 18-წლამდელი) და როტაციებმა მატჩის მსვლელობაზე დიდი გავლენა იქონია. გარდა ამისა, თამაშის მიმდინარეობაზე ძლიერი ქარიც აისახა, რითაც მეტოქემ უკეთ ისარგებლა.
ანგარიში საქართველომ დებიუტში გახსნა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქის 22-ში ფეხი მოიკიდეს, მე-4 წუთზე მათე ღურწკაიამ 5-მეტრიანთან ბოჭვის შემდეგ ბურთი სწრაფად გაათავისუფლა, ის თავად აიტაცა ლელო გიგი სირბილაძემ გარდასახა. ამას მეტოქის იერიშები მოყვა, 10 წუთი თავს კარგად ვიცავდით, მერე კი ლელო მარცხენა ფრთაზე გავუშვით და წონასწორობა აღდგა.
გაშვებული ლელოს შემდეგ რამდენიმე სალელოვე შანსი გვქონდა, თუმცა ამჯერად მეტოქემ დაიცვა თავი, მერე მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 14:7 დაწინაურდა. მეორე ლელოს გატანის შანსი ტაიმის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ამით ვერ ვისარგებლეთ და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
მეორე ტაიმში ყველა მოთამაშე შეიცვალა, თამაშში შესვლა გაგვიჭირდა და ინგლისელებმა ორი მარტივი ლელო გაიტანეს. 51-ე წუთზე 22-ში ფეხით შეცურებულ ბურთს სანდრო მესხიძე მიყვა და ჩვენი მეორე, ეფექტური ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ჯაშმა გარდასახა. ამის შემდეგ კვლავ ინგლისი დომინირებდა, ხელდახელ შეტევებით კიდევ რამდენიმე ლელო გაიტანა და 43:14 გაიმარჯვა.
20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს იტალია (მესამედ 2011 და 2015 წლების შემდეგ) უმასპინძლებს. ის 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები კი ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.
საქართველო გ ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება; 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება; 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება. ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია; ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.
2016 წლიდან მოყოლებული, საქართველო 12-გუნდა ელიტის უცვლელი მონაწილეა და საუკეთესო შედეგი 2023 წელს აჩვენა (მე-8 ადგილი), შარშან და 2018 წელს მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო 3-ჯერ მე-10-ე (2016, 2017 და 2019) იყო. 2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ვერ ჩატარდა.
14 ივნისი. 20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი
თბილისი. „ავჭალა“. 18:00
საქართველო - ინგლისი 14:43
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. სანდრო სესიაშვილი (არმია), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. ანდრო დვალი (პერპინიანი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 20. გიორგი მეფარიშვილი (აია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო მესხიძე (არმია), 24. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 25. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 26. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 27. ლუკა საღინაძე (ლიონი), 28. საბა ლაღაძე (აია), 29. გიორგი ხუროშვილი (ლელო), 30. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო); საბა შარვაშიძე (აია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სარალიძე (აია), დავით არჩვაძე (ლელო), დათა ჭილაია (ლელო), დავით წიკლაური (ხვამლი), გიორგი ბოლქვაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
RUGBY.GE
What's Your Reaction?






