20-წლამდე ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო თასზე ესპანეთი დაამარცხეს

20 წ. | ესპანეთი დამარცხებულია, 19 ივლისს მე-9 ადგილს შევუტევთ

ივლ. 14, 2025 - 23:57
 0
20-წლამდე ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო თასზე ესპანეთი დაამარცხეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში ესპანეთს 7 ლელო გაუტანა და 43:12 დაამარცხა.

მე-9 ადგილის ნახევარფინალში საქართველო ვერონაში სრულად დომინირებდა და გამარჯვება ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია. ძალიან კარგი თამაში ქონდა მიხეილ შიოშვილს, რომელმაც ესპანელებს 3 ლელო გაუტანა. მის ანგარიშზე ჯამში 5 ლელოა და საუკეთესო მელელოვეთა შორის სამხრეთ აფრიკელ და ინგლისელ მორაგბეებთან ერთად პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.

ლადო კილასონიას შეგირდები განსაკუთრებით დიდ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, მოლსა და ზოგადად ძალისმიერ თამაშში. ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. 5-მეტრიანთან ჯარიმის ნაცვლად არჩეული შერკინებიდან გიორგი სპანდერაშვილმა შეუტია, მოულოდნელად მოძრაობის მიმართულება შეიცვალა, მიხეილ შიოშვილს ოფლოუდი გაუხერხა და მანაც ანგარიში გახსნა.

მე-17 წუთზე კარის წინ 5 მეტრში კვლავ შერკინება ვირჩიეთ, ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და სანდრო მესხიძემ მეორე ლელო ალამთან გაიტანა. ტაიმის შუაში სპანდერაშვილმა მორიგი კარგი შეტევა წამოიწყო, მას თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი და შიოშვილმა რაქიდან ძალისმიერი ლელო შეიტანა, ლუკა თაყაიშვილმა კი გარდასახა. 28-ე წუთზე 22-ში უკვე მოლით შევუტიეთ და დიდი მანძილი მოვიგეთ, მერე რაქიდან გიორგი არძენაძემ შეუტია და მორიგი ლელო გაიტანა. თაყაიშვილმა გარდასახა. ესპანეთმა ტაიმის ბოლოს გვიპასუხა, ხაზი სუფთად გაიჭრა და ტაიმი 24:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე შერკინებაში ისევ დავაჯარიმეთ, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და ის შოთა ხელაძის ლელოთი დასრულდა, ხოლო გიორგი ჯაშმა გარდასახვა შეასრულა. ესპანეთმა სწრაფი, ხელდახელ შეტევით გატანილი ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, რაზეც 57-ე წუთზე ვუპასუხეთ. ხელაძემ 22-ში კარგად იარა, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და ნუზარ ქევხიშვილმა ლელო გაიტანა. 70-ე წუთზე სპანდერაშვილმა, შიოშვილმა და ლუკა კეშელავამ მარცხენა ფრთაზე დიდი მანძილი მოიგეს, ამას 22-ში რამდენიმე ფაზა და შიოშვილის ლელო მოყვა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ მას დამიწებამდე ბურთი წინ გაუვარდა. სამაგიეროდ ჯარიმა დაგვიბრუნდა, დერეფნის შემდეგ კვლავ შიოშვილმა შეუტია და თავისი მესამე ლელო მაინც გაიტანა. ჯაშმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 43:12.

20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩს საქართველო 19 ივლისს გამართავს და მე-9 ადგილისთვის ირლანდიასა და შოტლანდიას შორის გამარჯვებულს შეერკინება.


2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

IX-XII ადგილების ნახევარფინალი. 14 ივლისი

ვერონა (იტალია). „ლუიჯი ძაფანელა“.

საქართველო - ესპანეთი 43:12 (24:7)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. სანდრო მესხიძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიორგი ჯაში (არმია), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა, კაპ.), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. ნიკა აბესაძე (ლელო); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. საბა შარვაშიძე (აია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).

7 ლელო: შიოშვილი (3), მესხიძე, არძენაძე, ხელაძე, ქევხიშვილი

4 გარდასახვა: თაყაიშვილი (2), ჯაში (2)


RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow